სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ექსკლუზივი: დიდუბის პანთეონში ჯაბა იოსელიანის ცხედრის ამოთხრა სცადეს

განახლებულია: 03:35 სთ.

„დრონი.ჯი“-სთვის დაახლოებით ღამის სამ საათზე სკანდალური ინფორმაცია გახდა ცნობილი: უცნობმა პირებმა საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში ჯაბა იოსელიანის ცხედრის ამოთხრა სცადეს. სავარაუდოდ, მოქმედებდა მამაკაცთა ჯგუფი, რომლებიც პანთეონში დაახლოებით ღამის 02.00 საათზე შეიპარა. ამის შესახებ „დრონი.ჯი“-ს თვითმხილველმა შეატყობინა, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია და დიდუბის პანთეონში მომხდარ ფაქტს სრულიად შემთხვევით შეესწრო, როცა პანთეონის უკან მდებარე შენობის აივანზე სიგარეტის მოსაწევად გავიდა. შენობის სხვადასხვა სართულებზე აფხაზეთიდან დევნილები კომპაქტურად სახლობენ.

წყაროს ცნობით, ის დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში ადევნებდა თვალს ბოროტმოქმედთა საქმიანობას და თავდაპირველად არც იცოდა, თუ ისინი საფლავს თხრიდნენ და ის საფლავი ჯაბა იოსელიანისა იყო. მისი თქმით, პანთეონის შესასვლელიდან მამაკაცების მიმართულებით ორი მამაკაცი დაიძრა, რომლებიც ხმამაღლა, მაგრამ მისთვის გაურკვევლად იძახდნენ სიტყვებს, რის შემდეგაც სამმა მამაკაცმა გაქცევით უშველა თავს.

„ამის შემდეგ დავინტერესდი, ქვემოთ ჩავედი და აღმოვაჩინე, რომ მოქმედება ჯაბა იოსელიანის საფლავთან ხდებოდა. ბოროტმოქმედებს ადგილზე ნიჩაბი დარჩათ, საფლავთან კი მიწა გათხრილია“, - უთხრა „დრონი.ჯი“-ს აფხაზეთიდან დევნილმა მამაკაცმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

მოგვიანებით თვითმხილველმა ისიც გაიხსენა, რომ ნიჩაბი მცირე ზომისა იყო და სამხედრო, საველე ნიჩაბს ჰგავდა, ხოლო ჯაბა იოსელიანის საფლავის ფილებზე 1991-92 წლებში თბილისში, სამოქალაქო ომის დროს გადაღებული ფოტოები იყო დაკრული. "მარმარილოს მართკუთხედი მთლიანად დიდი ზომის ფურცლებით იყო დაფარული, მხოლოდ წარწერა "ჯაბა იოსელიანი" ჩანდა, ფურცლებზე კი სამოქალაქო ომის ფოტოები იყო ამობეჭდილი", - თქვა თვითმხილველმა.

მოვლენების შემდგომი განვითარების შესახებ ინფორმაციას „დრონი.ჯი“ დამატებით მოგაწვდით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100