"ამერიკა საქართველოს ხელისუფლების შეცვლას გეგმავს" - რუსეთის დაზვერვის განცხადება
"ამერიკა საქართველოს ხელისუფლების შეცვლას გეგმავს" - განცხადებას ამის შესახებ რუსეთის დაზვერვის სამსახური აქვეყნებს.
მოსკოვის მტკიცებით, მათ შეერთებული შტატების გეგმები გაშიფრეს, რომლის თანახმადაც, საქართველოში არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები გამოქვეყნდება, რასაც ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნა მოყვება.
„ამერიკელები საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებენ. რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიურო იუწყება, რომ, მიღებული ინფორმაციის თანახმად, თეთრი სახლი უკიდურესად უკმაყოფილოა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში არსებული ვითარებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ცნობით, „თბილისის მეიდანზე“ იგეგმება კენჭისყრის დროს გაყალბების მტკიცებულებების გამოქვეყნება, არჩევნების შედეგების არაღიარება და ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნა. მათივე მტკიცებით, მოხდება სამართალდამცავი ორგანოების პროვოცირება პროტესტის ძალით ჩახშობისთვის.
განცხადებაში ასევე წერია, რომ "ამერიკელები აპირებენ, მასიურად გაზარდონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე არჩევნებამდე დარჩენილ კვირებში, რათა მაქსიმალურად შეასუსტონ ქართული ოცნების საარჩევნო პოზიციები და იგეგმება პერსონალური სანქციების დაწესება ტოპ „მეოცნებეების“, მათი ოჯახის წევრების, ასევე პარტიების სპონსორების წინააღმდეგ."
„ამავდროულად, ამერიკელები წინასწარ მუშაობენ "დაუნდობელი" პოლიტიკური და ეკონომიკური პასუხის ვარიანტებზე ხელისუფლების მხრიდან "მოქალაქეების" წინააღმდეგ ძალის „გადამეტებული" გამოყენებისთვის.
კომენტარი