სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბაჩო ახალაიას ყოფილი თანაშემწე: „რა ვაშლი, რის ქერქი? საერთოდ არ ჭამდა ხილს...“

ბაჩო ახალაიას ყოფილი თანაშემწე ლალი ცხადაძე ყოფილი შს მინისტრის წინააღმდეგ არსებულ ჩვენებებს სისულელეს უწოდებს და მზად არის, სასამართლოზე გამოვიდეს და "სიმართლე თქვას".

როგორც "ინტერპრესნიუსს" ცხადაძემ განუცხადა, ახალაია არც ხილს და არც ვაშლს საერთოდ არ ჭამდა და კაბინეტში დანა ვერც ექნებოდა.

"ასეთი ადამიანია, ხილს საერთოდ არ ჭამს. დანაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი და სისულელეა. რა ვაშლი, რა ქერქი? კაბინეტში დანას რა უნდა ხალხნო?! მე ვუმზადებდი აბსოლუტურად ყველაფერს.

8 წლის განმავლობაში მისი თანაშემწე ვიყავი. იქ ვიყავი 24 საათი, ადამიანი დღე და ღამე მუშაობდა. სასამართლოზეც გამოვალ და ყველაფერს ვიტყვი. სადაც დამიბარებენ, იქ მივალ და დავიფიცებ ბიბლიაზე, ხატზე, კონსტიტუციაზე, ყველაფერზე. სამინისტროს თანამშრომლებს ჰკითხეთ, რომელ საათზე იძინებდა ეს ადამიანი და საერთოდ თუ იძინებდა.

ადამიანი დღე და ღამე მუშაობდეს და ასეთ ბრალდებებს უყენებდე, ეს ხომ სისულელეა", - აღნიშნავს ახალაიას ყოფილი თანაშემწე.

მისივე თქმით, ახალაია ჯარისკაცებს ხელის გულზე ატარებდა და თვითონაც იმ საჭმელს ჭამდა, რასაც ჯარისკაცები და პატიმრები ჭამდნენ.

"რამდენი რამ გაუკეთა ჯარისკაცებს გაიკითხეთ. დაკითხეთ თიოთოეული მათგანი. ხელის გულზე ატარებდა. მეოთხე ბრიგადაში ვცხოვრობდით, რათა გაგვეგო, რა აკლდათ მათ. ჰკითხეთ თანამშრომლებს, როგორ ელაპარაკებოდა.

ყველა სათითაოდ გაჰყავდა და ვინც ღირსი იყო, ყველა დააწინაურა. ზოგი სასწავლებლად გაუშვა საზღვარგარეთ. თავი ჰქონდა სამშობლოსთვის გადადებული და ასე დაუფასეს ხომ?!", - დასძინა ცხადაძემ, რომელიც ამჟამადაც თავდაცვის სამინისტროში მუშაობს.

ინტერპრესნიუსი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100