„კიბოს გამო სახე ისე დამიმახინჯდა, ბავშვებისგან დამალვა მიწევს, რათა მათ ნორმალური ვახსოვდე“ – 34 წლის ქალის ტრაგედია
34 წლის კიმ დებლინგი კიბოს მეოთხე სტადიას უკვე დიდი ხანია ებრძვის. დაავადებამ კიმის ცხოვრებაში მაშინ იჩინა თავი, როდესაც ყველაზე ლამაზი ეტაპი ედგა და მცირეწლოვანი შვილების გაზრდით იყო დაკავებული, ახლა კი მათთან ურთიერთობაზე უარის თქმა უწევს - წერს Daily Mail.
პირველ ბავშვზე ორსულობის დროს, 2016 წელს კიმმა საკუთარ სხეულზე გაურკვეველი წარმოშობის გამონაყარი შეამჩნია და მაშინვე ექიმს მიაკითხა, თუმცა ამ უკანასკნელმა ქალი დაამშვიდა და უთხრა, რომ ეს ჩვეულებრივი ეგზემა იყო, რომელიც მარტივად იკურნებოდა. ცოტა ხანში კი, როდესაც დებლინგი 24 კვირის ორსული იყო, შემზარავი დიაგნოზი გაიგო - მას ლიმფური სისტემის დაავადება აღმოაჩნდა, რომელიც მთელ სხეულზე იყო მოდებული მეტასტაზების სახით.
„როდესაც ექიმი მეუბნებოდა, თუ რაში იყო საქმე, ვგრძნობდი, როგორ ვნადგურდებოდი შიგნიდან“ - აცხადებს კიმი.
როგორც აღმოჩნდა, საწყის ეტაპზე სიმსივნე არც თუ ისე აგრესიული იყო და მკურნალობას მარტივად დაექვემდებარა, თუმცა მშობიარობიდან მალევე მეორე ბავშვზე დარჩა ორსულად და სიმსივნეც უფრო აგრესიული ფორმით დაბრუნდა. 2017 წლის ივლისში ქალს შეატყობინეს ექიმებმა, რომ ამჯერად მისი შველა ძალიან გაუჭირდებოდათ.
„ის ფაქტი, რომ სტივი მალე მარტოხელა მამა იქნებოდა, ძალიან მაშინებდა და მთრგუნავდა. მინდოდა, მე და ჩემს მეუღლეს ბავშები ერთად გაგვეზარდა. პირველი შვილის გაჩენის შემდეგ არ მეგონა, თუ კიბო ისევ შემომიტევდა, არ მიფიქრია რისკებზე, იმდენად მსურდა
მეორე ბავშვი. ექიმებმა მითხრეს, რომ ჩემი დაავადება ისეთი აგრესიული იყო, რომ კანზეც კი ვრცელდებოდა მეტასტაზები და ნელ-ნელა მანადგურებდა“.
ორსულობის მეთვრამეტე კვირაზე კიმმა ქიმიოთერაპიის კურსი დაიწყო, რათა ბავშვის დაბადებამდე ეცოცხლა.
„ეს ძალიან დამღლელი პროცესი იყო. გარდა იმისა, რომ ორსულად ვიყავი, ქიმიოთერაპია დღითიდღე უფრო მასუსტებდა და აღარ შემეძლო თავი მეკონტროლებინა. მაგრამ, როცა ხავი დაიბადა, თავი უკეთ ვიგრძენი. მე ისევ დედა გავხდი და ეს ძალას მმატებდა“.
მშობიარობიდან რამდენიმე დღეში კიმის სიმსივნე სახეზე გავრცელდა. სიცოცხლის გახანგრძლივების ერთადერთი შანსი ძვლის ტვინის გადანერგვა იყო, თუმცა ექიმებმა არჩიეს ეს პროცედურა გადაედოთ, რადგან ზედიზედ ორმა მშობიარობამ ქალი ზედმეტად დაასუსტა.
„გადანერგვის გარეშე სულ რამდენიმე თვე მაქვს დარჩენილი, თუ მოხერხდა და ჩატარდა პროცედურა, დაახლოებით ხუთ წელს კიდევ ვიცოცხლებ. ამ ყველაფერს ვაანალიზებ და ვცდილობ პოზიტიური განწყობა არ დავკარგო, თუმცა ეს ზედმეტად რთულია. ვცდილობ, ბავშვებს ჩემი სახე არ დავანახო, არ მინდა ასეთად დავრჩე მათ მეხსიერებაში, როდესაც მოვკვდები“.
კიმი ახლა საავადმყოფოში ებრძვის კიბოს და ცდილობს, მაქსიმალურად შეიკავოს თავის ბავშვების ნახვისგან, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაზე მტკივნეული რამ არის მის ცხოვრებაში. სიმსივნეზე მეტად სწორედ მათგან შორს ყოფნა აწუხებს.
კომენტარი