პარლამენტის მოქალაქეთა მისაღებში მოხუცმა ჩაქუჩით მონიტორი ჩაამტვრია
პარლამენტის შენობის მოქალაქეთა მისაღებში რამდენიმე წუთის წინ ინციდენტი მოხდა. როგორც „პრესა.ჯი“–ს კორესპონდენტი პარლამენტში, თეონა მანაგაძე იტყობინება, დაახლოებით 70 წელს გადაცილებულმა მამაკაცმა რკინის საგნით, სავარაუდოდ ჩაქუჩით, მისაღებში მომუშავე თანამშრომლის კომპიუტერის მონიტორი ჩაამტვრია.
ინციდენტი მოულოდნელად მოხდა, ისე რომ პარლამენტის დაცვამ რეაგირება ვერ მოსწრო. ამ დროისთვის პარლამენტის შენობაში უკვე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მამაკაცი დაკავებულია.
ჯერჯერობით გაურკვეველია, რამ გამოიწვია მოხუცის აგრესია. თვითმხილველთა დაკითხვა ამ წუთებში მიმდინარეობს.
დაკავებულ მამაკაცს პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანენ. შესაბამისი პროცედურის შემდეგ მას, სავარაუდოდ, ადმინისტრაციულ სასჯელს დააკისრებენ, მიყენებული ზარალის ანაზღაურების გათვალისწინებით.
კომენტარი