სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამერიკელი მულტიმილიონერი, რომელმაც შვილის ოპერაციისთვის ფული არ გაიმეტა და ქალი, რომელიც არასოდეს ბანაობდა

გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ძუნწი ადამიანი ამერიკელი მულტიმილიონერი ქალი ჰენრიეტა გრინია. ამ ქალის სიძუნწესთან მრავალი გასაოცარი ისტორიაა დაკავშირებული . მულტიმილიონერი ქალი არასდროს რთავდა ცხელ წყალს და გათბობას, ყიდიდა უკვე წაკითხულ გაზეთებს, არ იბანდა ხელებს, არ რეცხავდა, ჭამდა მხოლოდ შვრიის ცივ ფაფას და აყოლებდა ცივ წყალს. შვილის ოპერაციაზეც ეკონომია გააკეთა და ამიტომაც ყველაფერი განგრენით და ფეხის ამპუტაციით დასრულდა.

ჰენრიეტა გრინი გინესის წიგნში მოხვდა როგორც მსოფლიოში ყველაზე ძუნწი ადამიანი. ქალი, რომელიც ყოველ წელს რამდენიმე მილიონს შოულობდა. ის საშინლად ეკონომიური და ძუნწი იყო. ეცვა გაცვეთილი კაბა, რომელსაც არასოდეს რეცხავდა. დათბილულ თეთრეულს კი მხოლოდ მაშინ იცვლიდა, როცა იხეოდა, მის სახლში ხელსაბანი საპონიც კი არ იყო, რადგან არასდროს ბანაობდა. რთული წარმოსადგენი არ არის, რა არომატს აფრქვევდა მილიონერი და ამას დაუმატეთ ისიც, რომ პირიდან მუდამ ხახვის სუნი ამოსდიოდა, რადგან მუდამ ღაჭავდა, რომ არ გაცივებულიყო და თუ მაინც მოუხდებოდა აფთიაქში წასვლა, პროვიზორის ნათქვამზე, რომ შუშა, რომელშიც წამალი უნდამოეთავსებინათ, 5 ცენტი ღირს, ყოველთვის ერთნაირად რეაგირებდა-ტოვებდა აფთიაქს და სახლში ბრუნდებოდა საკუთარი შუშის მოსატანად.

ბავშვებისთვის თეთრეულს და ტანსაცმელს ძველმანებში ყიდულობდა და ყოველ ცენტზე ვაჭრობდა. ბონუსად კი, იმის გამო, რომ მაღაზიას პატივი დასდო და ესტუმრა, ითხოვდა უფასო ძვალს მისი ძაღლისთვის, რომელიც ხასიათით პატრონს ჰგავდა.

გრინი 1834 წელს დაიბადა და 1916 წლამდე იცოცხლა, მისი ქონება მე-20 საუკუნის დასაწყისში 200 მილიონ დოლარამდე იყო, რაც ახლანდელი შეფასებით მილიარდებს ნიშნავს.

ერთხელ ჰენრიეტას ბიძაშვილმა და მისმა მეუღლემ საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს შვილები-8 წლის ბიჭი და 9 წლის გოგონა მილიონერთან საცხოვრებლად დატოვეს. ბავშვებს უხაროდათ დეიდა ჰენრიეტასთან საცხოვრებლად გადასვლა, თუმცა ეს დრო არასდროს დაავიწყდებათ არც მათ და არც მათ მშობლებს. დაბრუნებულ დედ-მამას შვილები შიმშილისგან დასუსტებულები დახვდნენ და ფეხზე ძლივს იდგნენ. გარდა იმისა , რომ ჰენრიეტა მათ საკვებს თითქმის არ აძლევდა, ახლოს მდებარე სამრეცხაოში გაუშვა სამუშაოდ, სადაც ყველაზე ცოტა 14 საათი მუშაობდნენ. გადატანილი კოშმარული დღეებისგან ბავშვებს ღრმა დეპრესია დაეწყოთ და ლაპარაკი შეწყვიტეს.

გრინის უსაშინლესი სიძუნწის აპოთეოზი ნამდვილი ოჯახური ტრაგედიის მიზეზი გახდა. 11 წლის ასაკში მისი შვილი ნედი, ციგურებზე სრიალის დროს დაშავდა და მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო. იმის მაგივრად, რომ ტკივილებისგან შეძრული ბავშვი დაუყოვნებლივ წაეყვანა კარგ ჰოსპიტალში, ჰენრიეტამ აქაც გადაწყვიტა ეკონომია: ჩაიცვა ყველაზე ძველი ძონძები, რაც გააჩნდა და ღატაკთათვის განკუთვნილ უფასო საავადმყოფოში წაიყვანა შვილი, თუმცა როცა მივიდნენ პერსონალმა მასში ქვეყნის უმდიდრესი ქალი ამოიცნო და უარი თქვეს, მიეღოთ ნედი, რომელიც სასწრაფო ოპერაციას საჭიროებდა. უარის შემდეგ ქალმა გადაწყვიტა სამედიცინო მომსახურებაზე ეკონომია გაეკეთებინა და თვითონ დაიწყო შვილის მკურნალობა. შედეგმაც არ დააყოვნა: ბავშვს მალე განგრენა განუვითარდა და ფეხის ამპუტაცია გახდა საჭირო. პროფესიონალური ამპუტაციისთვის კი ფული ბავშვის მამამ გადაიხადა, რომელმაც შემთხვევით გაიგო შვილის უბედურების შესახებ. ეს რომ არა, ძნელი წარმოსადგენია, რით დამთავრდებოდა ეს ისტორია. დროული ქირურგიული ჩარევის გარეშე მოხდებოდა სისხლის მოწამვლა , რაც აუცილებლად ლეტალური შედეგით დასრულდებოდა.

თუმცა ამანაც არაფერი ასწავლა ჰენრიეტას. პროტეზის გასაკეთებლად ნედი უმწეოების რიგში ჩააყენეს. ის 6 თვის განმავლობაში ელოდა, როდის მოუწევდა რიგი, რომ ნანატრი “ხელოვნური ფეხი ” ჰქონოდა. შემდგე კი მთელი ცხოვრება იაფფასიანი პროტეზით , გაჭირვებით მოძრაობდა.

უყვარდა თუ არა გრინს საერთოდ ვინმე? კი, მისი ძაღლი-დევი. როცა ძაღლი ქალის კოლეგებს ან სტუმრებს კბენდა, აღშფოთებული ადამიანები ქალს ძაღლის გაგდებას ურჩევდნენ, მაგრამ მილიონერი პასუხობდა-„მე რომ მხედავს კუდს აქიცინებს არა ჩემი მილიონების გამო, არამედ პატრონისადმი სიყვარულის გამო“.

საოცარი ფინანსური ალღოს მქონე “მაწანწალა მილიონერი” ხშირად ცდილობდა თავის დაზღვევას და თავგზას უბნევდა საგადასახადო ინსპექციას, ის ხშირად სახლდებოდა სხვადასხვა ყველაზე იაფ ნაქირავებ ოთახებში, საკუთარი სახლი კი მისი სიძუნწის გამო არასდროს ჰქონია. არ ჰქონდა ოფისიც. 1913 წელს ამერიკის კონსტიტუციაში ცვლილება შევიდა და ყველა ვალდებული იყო გადასახადი გადაეხადა, ამან საკმაოდ იმოქმედა ბიზნესმენზე და მისი ჯანმრთელობა შეარყია.

ჰენრიეტა გარდაიცვალა 1916 წელს აპოპლეკსიკური დარტყმით, რომელიც რძის ფასზე ჩხუბის დროს მიიღო. მისი შვილი, რომელიც დედის სიძუნწის გამო მთელი ცხოვრება ინვალიდი დარჩა, მაშინვე დაეპატრონა მის წილ ქონებას და მალევე გაანიავა. აი, ასე უღიმღამოდ დასრულდა მილიონერი ქალის სიძუნწით სავსე ცხოვრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100