ინციდენტი ზუგდიდის 82-ე საარჩევნო უბანზე - 31-მა ამომრჩეველმა შესაძლოა, ხმა ვერ მისცეს
ინციდენტი ზუგდიდში, 82-ე საარჩევნო უბანზე - კომისიის თავმჯდომარემ გადასატან ყუთში საკონტროლო ფურცელი ბეჭდის გარეშე ჩააგდო, შესაბამისად გადასატანი ყუთი დაილუქა და 31 ადამიანი შესაძლოა, ხმის მიცემის უფლების გარეშე დარჩეს.
ოპოზიცია აცხადებს, რომ კომისიის თავმჯდომარემ კანონი დაარღვია, თავად თავმჯდომარე კი საოლქო კომისიაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მოქალაქეები, რომლებიც გადასატანი ყუთის სიაში იყვნენ, ხმის მიცემას შეძლებენ. ჯერჯერობით უცნობი რჩება, მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას ის მოქალაქეები, რომლებიც გადასატან ყუთს საკუთარ სახლებში ელოდებიან.
82-ე საარჩევნო უბანი სწორედ ის უბანია, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა მისცა ხმა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებულ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი უკვე დაიწყო. პარლამენტის შუალედური არჩევნები თბილისის პირველ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ტარდება. გარდა ამისა, მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება ხუთ მუნიციპალიტეტში, ესენია: მარნეული, ზესტაფონი, ჭიათურა, ზუგდიდი და ხულო. საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში კი საკრებულოების შუალედური არჩევნებია.
კომენტარი