სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამ ლექსში ყველა კაცი ჩაეტია

არიან კაცები - მდინარეები.
მთავარია, მათ აღმა არ აუყვე.
დინებას გაჰყევი და ყველაფერი კარგად იქნება.
არიან კაცები - შვილები.
ისინი გულზე უნდა მიიხუტო,
თვალებში ჩახედო და არასოდეს მიატოვო.
არიან კაცები - მტაცებელი ცხოველები.
ისინი მსხვერპლს დიდხანს აკვირდებიან.
მერე მონადირებულ ხორცს უბრალოდ გასინჯავენ და ფრინველებს მიუგდებენ.
არიან კაცები - ქვევრის ძველი ღვინოები.
თავიდან არომატს აგემოვნებ და რაც უფრო მეტს სვამ,
მით უფრო თვრები.
ზომაზე მეტი თუ მოგივიდა, გონებას დაკარგავ და
შეიძლება საკუთარი შვილებიც კი დახოცო.
არიან კაცები - ნაძვის ხის სათამაშოები,
გარედან - ბრჭყვიალა, შიგნით კი - ფუტურო.
არიან კაცები - მიტოვებული ქოხები.
თქეშსა და ქარბუქში მათ უნდა შეეფარო, შიგნით შეხვიდე,
მტვერი და აბლაბუდები გადაწმინდო და დაინახავ,
თურმე როგორ პრიალებს ავეჯი.
იქ იგრძნობ, რომ ყველაფერი შენთვისაა, შენს ხელს ელოდა.
ისარგებლე, მოიხმარე, თუ გინდა,
ბამბუკის სავარძელში იქანავე,
გინდა შუასაუკუნეების საწოლზე წამოგორდი
დაპლაზმურეკრანიან ტელევიზორში მოისმინე
დღევანდელი საინფორმაციო გამოშვება.
არიან კაცები - ქალები.
ისინი გამუდმებით ელიან ტელეფონის ზარს.
მათ პაემანი უნდა დაუნიშნო და შემდეგ გააუპატიურო.
არიან კაცები - პლასტმასის თოჯინები.
რაც არ უნდა ქნა, ვერ მიაღწევ იმათ გულამდე,
რადგან ისინი პლასტმასის წამწამებს ახამხამებენ
და პლასტმასის მკერდქვეშ პლასტმასის გული უფეთქავთ.
არიან კაცები - ტორნადოები.
ისინი უტყუარი ტრაექტორიით მოძრაობენ, წამით ჩაგიქროლებენ,
დამანგრეველ ძალას გაჩვენებენ, წაგლეკავენ.
არიან კაცები - აყვავებული ხეები,
ნაყოფის გამობმა რომ გადაავიწყდათ.
არიან კაცები...არიან კაცები...
და არიან კაცები - მრავალათასიანი მწვერვალები მარადიული თოვლით, ყინულით,
მზით, კლდით, ბალახით, ნაპრალებითა და ზვავებით.
ამ მწვერვალებზე ასასვლელად მარტო რკინის ქალამნები არ გეყოფა.
შენ ზღვის დონეზე ხარ გაზრდილი, ბალახსა და კენკრის ჭამას ნაჩვევი.
მაგრამ ადიხარ.
ჰაერში ჟანგბადი,
სისხლში კი წითელი ბურთულაკები ნელ-ნელა მცირდება.
სხვები ქვემოთ დარჩნენ - ზღვაში ბანაობენ, მზეზე ირუჯებიან.
შენ კი აღმართს უნდა აუყვე.
ჯერ ბალახს და კლდეს ჩამოიტოვებ,
მერე თოვლსა და საზვავეებს, ბოლოს კი ყინულს მიადგები,
რომელზეც მთელი ცხოვრება უნდა იარო.
გზადაგზა გხვდებიან კაცები - მდინარეები,
კაცები - ნაძვის ხის სათამაშოები,
კაცები - ქოხები...
ისინი შუშის მიღმა არიან.
ისინი ვერ გრძნობენ,
რომ შენს მხარეს ყინვა თანდათან ძლიერდება.
შენ თავს აფარებ რიგრიგობით თითოეულ მათგანს და თავს იტყუებ,
თითქოს ძალა მოგემატა.
გზადაგზა მძიმდები,
გზადაგზა მრავლდები,
გზადაგზა ბერდები...
ხანდახან ბრაზდები - გინდა რომელიმე ქოხის ფანჯრებს შეეფარო,
ან მდინარეს დაუყვე დაღმა.
ვეღარ ჩერდები, მაინც ადიხარ - აიკვიატე,
ზურგზე ლოდად შეიხორცე,
რომ აგაჭრან, სისხლისაგან დაიცლები. ...
და იმასღა ფიქრობ -
რა დიდია ძალა სიმაღლის...
რა დიდია ძალა სიმაღლის...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100