სოზარ სუბარი: ალასანიას ჰქონდა გამარჯვების შანსი, მაგრამ იბრძოდა დამარცხებისთვის
ალასანიას ალიანსს რამდენიმე თვის წინ შეერთებულმა სოზარ სუბარმა გუშინ გაერთიანება ოფიციალურად დატოვა. სუბარი ალიანსის დატოვების მთავარ მიზეზად ალასანიას ქმედუუნარო პოლიტიკურ ნაბიჯებს ასახელებს. მისი თქმით „ალიანსი საქართველოსთვის“ არჩევნებში დამარცხებისთვის იბრძოდა და ამას მიაღწია კიდეც. „ალიანსის“ ყოფილმა პირველმა ნომერმა ჩვენს შეკითხვებს უპასუხა.
დრონი.ჯი: რატომ მიიღეთ `ალიანსი საქართველოსთვის~ დატოვების გადაწყვეტილება?
სოზარ სუბარი: არაფერი სკანდალური არ არის იმაში, რომ ადამიანმა დატოვა პოლიტიკური დაჯგუფება. გადაწყვეტილება ალიანსის დატოვების შესახებ გაცილებით დიდი ხნის წინ მივიღე, როდესაც მე აღარ ვიყავი სიაში პირველი ნომერი და შესაბამისად, გაერთიანების საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი.
ეს ნიშნავდა იმას, რომ ალიანსი დავტოვე. უბრალოდ არ მინდოდა მათი წინასაარჩევნო კამპანიისათვის ხელი შემეშალა. ამ ამბის გახმოვანება ავნებდა საქმეს. მე ვცდილობდი მაინც არჩევნების ბოლომდე ალიანსს დავხმარებოდი გამარჯვების მოპოვებაში, თუმცა ვერ ვხედავდი ამ შანსს. თავიდანვე იყო ცხადი, რომ შედეგი იქნებოდა ამგვარი.
სასაცილო იყო როდესაც ოპოზიციონერები ამბობდნენ არჩევნებში ჩვენ გავიმარჯვებთო. გამარჯვება ცოტა სხვა რამეა, ვიდრე ის მდგომარეობა, რაშიც დღეს ოპოზიციური სპექტრია. ალიანსს ნამდვილად ჰქონდა რესურსი და შანსი იმისა, რომ მოეპოვებინა გამარჯვება არჩევნებში, თუმცა ის შედეგი რაც დღეს მათ აქვთ ნამდვილად არ არის გამარჯვება. კამპანია იყო წარმართული არასწორად. როდესაც სლოგანი არის „ჩვენ შევცლით“, ნიშნავს იმას, რომ შეცვალო, და არა კონსტრუქციულ პოლიტიკურ კამპანიაში გაეჯიბრო ვინმეს.
- მაშინ რატომ მიიღეთ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება, თუკი იცოდით, რომ ეს ძალა არჩევნებში დამარცხებისთვის იყო განწირული?
- 22 სექტემბერს გამოვაცხადეთ, რომ ჩვენ მივდივართ არჩევნებზე და ეს იყო მართლაც სერიოზული გზავნილი საზოგადოებისთვის. ჩვენ ვაპირებდით მართლაც არჩევნების გზით შეგვეცვალა ხელისუფლება. 22 სექტემბერს, ჩვენ გვქონდა გამარჯვების ძალიან დიდი შანსი. ალიანსი არ დგამდა იმ ნაბიჯებს, რაც გამარჯვებისთვის იყო საჭირო. მარტო პროგრამებზე მუშაობა არ არის საკმარისი ისეთ რეჟიმთან, როგორიც დღე არის.
- თქვენ რის გაკეთებას სთხოვდით ალიანსს, რა პოლიტიკური მეთოდებით უნდა ებრძოლა თქვენი აზრით ალასანიას, რომ არჩევნებში გამარჯვება მას დარჩენოდა?
- ალიანსში ყოველდღიურად ვიკრიბებოდით და გვქონდა მსჯელობა, თუ რა ტიპის კამპანია უნდა გვეწარმოებინა. ჩვენ უნდა დაგვერწმუნებინა საზოგადოება, რომ ვიბრძოლებთ ბოლომდე და არა მხოლოდ დავიცავთ თითოეულ ხმას. ჩვენ უნდა გვეთქვა ხალხისთვის, რომ ალიანსი გააგრძელებს ბრძოლას მმართველი რეჟიმის წინააღდმდეგ და იბრძოლობეს ბოლომდე. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი პოლიტიკა უნდა ყოფილიყო გაცილებით მკაცრი, გაცილებით აგრესიული და უნდა გვემხილებინა ხელისუფლება.
- მაშინ რატომ არ წახვედით თქვენი გზით, გეწარმოებინათ კამპანია, რომელსაც თვლიდით, რომ გამართლებული იქნებოდა...
- როდესაც პოლიტიკურ გაერთიანებაში ხარ, მაშინ რადიკალურად განსხვავებული პროგრამა ვნებს იმიჯს. გიგი უგულავამ დაანგრია 13 სართულიანი სახლი და დატოვა მოსახლეობა ქუჩაში.
- პირადი უთანხმოება არ ყოფილა თქვენსა და ირაკლი ალასანიას შორის?
- არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა ჩვენ შორის. მე გადაწყვეტილება გაცილებით ადრე მქონდა მიღებული.
- ირაკლი ალასანიამ თქვენზე განაცხადა, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც პირველივე მარცხზე კარგავს იმედს და გადიან ბრძოლის ველიდან, იღებთ მის შეფასებას საკუთარ თავზე?
- ჩემმა მუშაობამ, როდესაც სახალხო დამცველი ვიყავი, გამოავლინა თუ რამდენად მჩვევია ბრძოლის ველიდან გაქცევა. ასე რომ ეს თქვენ შეაფასეთ. ალასანიას ჰქონდა გამარჯვების შანსი, მაგრამ იბრძოდა დამარცხებისთვის. გაცილებით აგრესიული მეთოდებით უნდა ებრძოლო და არა ისეთი მშვიდი საარჩევნო მარათონით, როგორიც ირაკლი ალასანიას ჰქონდა.
- თავის დროზე ლევან გაჩეჩილაძეც იგივე პრეტენზიას უყენებდა ალიანსს, რომ მათი კამპანია არ იყო აგრესიული. დღეს თქვენიდანაც იგივე გვესმის. ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ უახლოეს მომავალში სხვა გუნდში აღმოჩნდეთ?
- ამ შეკითხვაზე ჯერ არ მაქვს კონკრეუტლი პასუხი. მე თანამშრომლობას ვაპირებ ყველასთან, მათ შორის ალიანსთანაც.
- რას პირებთ მომავალში, მიდის თუ არა სოზარ სუბარი პოლიტიკიდან?
- რას პირებთ მომავალში, მიდის თუ არა სოზარ სუბარი პოლიტიკიდან?
- ვერც ამ შეკითხვაზე გაგცემთ პასუხს, საზოგადოება ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გაიგებს მაშინ, როცა უკვე კონკრეტული გადაწყვეტილება მექნება. მანამდე ვერაფერს გეტყვით.
- შემოთავაზებები თუ გაქვთ?
- უკომენტაროდ.
კომენტარი