სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ აღარ მიაქვს კოკა გუნცაძის კოკას წყალი „ქართულ პარტიაში“?

თავის დროზე ციხესავით მკვიდრად ნაშენად ჩაფიქრებული „ქართული პარტია“, რომელიც ოპოზიციური სპექტრის ავანგარდობას უმიზნებდა, ყველას თვალწინ იშლება. პარტიას ცნობილი სახეები ტოვებენ. სწორედ ის სახეები, რომლებიც ყველაზე პირველები იდგნენ საგანგებოდ გავრცელებულ ბილბორდებსა თუ პლაკატებზე და „დამრტყმელ ძალად“ აღიქმებოდნენ. ქართული პარტიის ლიდერებით დამშვენებული პლაკატის გამოჩენისთანავე, „ქართული ფორუმის“ მაკვარანცხმა იუზერებმა პარტიაში გენდერული ბალანსის დაუცველობაზე მიანიშნეს და პარტიული სლოგანი: „ვერ ეგუები? მოდი!“ ფრიად ორიგინალურად გადააკეთეს: „ქმარს ვერ ეგუები? მოდი!“ „ქართული პარტიის“ ოფისში ყველაზე პირველად კოკა გუნცაძის კოკა გატყდა. ის თავიდანვე არ ეთანხმებოდა გეგმას კახეთსა და სხვა რეგიონებში, ასევე აშშ–ის საელჩოსთან აქციის მოწყობის შესახებ.

გუნცაძემ უხმაუროდ წასვლა ამჯობინა, არანაირი ხმაურიანი განცხადება არ გაუკეთებია. როცა 21 მაისს კოკა ტელევიზიის წინ, ლევან გაჩეჩილაძესა და „გრეჩიხა–უმცროსს“ შორის გამოჩნდა, ბევრმა ივარაუდა, რომ ან კოკა დაბრუნდებოდა „ქართულ პარტიაში“, ან ლევან გაჩეჩილაძე წამოვიდოდა იქედან. მეორე ვარაუდი გამართლდა – ლევან გაჩეჩილაძემ, კოკა გუნცაძემ და კახა მიქაიამ პარტიის დატოვების შესახებ ცნობა ოფიციალურად დაადასტურეს. სავარაუდოდ, კოკა გუნცაძემ წინასწარ იცოდა, რომ ლევან გაჩეჩილაძე წამოსვლას აპირებდა. „წასულთაგან“ მესამე, კახა მიქაია პარტიის სამეგრელოს კომიტეტს ზუგდიდიდან ხელმძღვანელობდა და, პარალელურად, პარტიის საბჭოს წევრიც იყო. ის ყველაზე წამებული რეგიონალური ლიდერის სახელსაც მოხდენილად ატარებდა და თუ მას დავუჯერებთ, უკვე მესამე წელია, ზუგდიდში სოდ–ს, კუდ–ს, ქალაქის გამგებელს, რეგიონის გუბერნატორს და, რაც მთავარია, საოლქო პროკურორს, დათა და ბაჩო ახალაიების მამას, სხვა საქმე არაფერი ჰქონდათ, მისი დევნა–შევიწროვების გარდა და მაინც ვერაფერი მოუხერხეს...

მოკლედ, უკვე ცნობილია, რომ კოკა გუნცაძის, ლევან გაჩეჩილაძისა და კახა მიქაიას, ასევე რიგითი წევრების კოკა „ქართულ პარტიაში“ წყალს ვერ მიიტანს, მაგრამ ამ ოხერ წყალსაც ხომ უნდა მისცე დინება? ამიტომაც, „წამოსულები“ არ დაახანებენ და, სავარაუდოდ, ახალ პარტიას შემატებენ ქართულ ოპოზიციურ სპექტრს. ავი ენები იმასაც ჩურჩულებენ, მალე „წასულებში“ ეროსი კიწმარიშვილიც გადაინაცვლებსო...

სოსო ცისკარიშვილმა კი ისეთი რამ თქვა, ალბათ, ძნელია არ დაეთანხმო: გაჩეჩილაძე–გუნცაძის განცხადებას პარტიიდან წამოსვლის შესახებ, დამაჯერებელი არგუმენტაცია აკლიაო. მართლაც, განცხადებაში არსადაა მითითებული პარტიიდან წამოსვლის ოფიციალური მიზეზი:

„თავს ვალდებულად მივიჩნევთ, განვაცხადოთ: 26 მაისის სისხლიანმა სადამსჯელო აქციამ ცხადყო, რომ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი საყოველთაო სისასტიკის და ტოტალური შიშის დანერგვის გზით თანდათანობით ტირანიის სახეს იღებს. მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ ამ ტიპის რეჟიმებთან ბრძოლა მხოლოდ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალების სრული კონსოლიდაციით და ერთიანი ფრონტითაა შესაძლებელი. ერთიანობის ძალა და მისი მორალური სულისკვეთება არის არსებული რეჟიმის დაძლევის ყველაზე მძლავრი და ერთადერთი იარაღი. ამიტომ, კატეგორიულად მიუღებელია ურთიერთბრალდებები და ურთიერთშეურაცხყოფები იმ ძალებს შორის, რომლებიც მიზნად ისახავენ სისტემურ ცვლილებებს ქვეყანაში. ჩვენ არ ვეთანხმებოდით, ხოლო რიგ შემთხვევებში, არც ვმონაწილეობდით ბოლო პერიოდში "ქართული პარტიის" არც ერთ იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ერთიანობის კურსს. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ვიმოქმედოთ დამოუკიდებლად, რათა მიღწეული იქნას საყოველთაო თანხმობა, რომელიც არის გარანტი არსებული რეჟიმის დამარცხების. ვიბრძოდით და კვლავ ვიბრძოლებთ ჩვენი შინაგანი რწმენის, ხალხის და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებაში.

ამ განცხადების მიხედვით ნამდვილად ძნელია, გაიგო, რისი თქმა სურთ პარტიიდან წასულებს, „დრონი.ჯი“–ს ინფორმაციით კი, განხეთქილების ვაშლად ირაკლი ოქრუაშვილის მიერ რუსული ტელეარხებისთვის მიცემული ინტევიუ იქცა, სადაც იგი ხელისუფლების მხრიდან ჩეჩენი ტერორისტებისთვის კორიდორის შექმნის შესახებ ლაპარაკობდა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100