სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ესტონელი დეპუტატები ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ

საქართველოს დემოკრატია კრიზისშია და ვიდრე ხელისუფლება არ დაიწყებს მოქალაქეების უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვას, ესტონეთმა უნდა დაბლოკოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი - ამ შინაარსის განცხადებას ესტონეთის პარლამენტის 44 დეპუტატი ავრცელებს და თავის ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილს, რუსული კანონის ინიციატორებსა და მოძალადე პოლიციელებს ესტონეთის რესპუბლიკაში შესვლა აუკრძალოს.

"სანამ საქართველო მთავრობა და პარლამენტი არ დაიწყებს დემოკრატიის კრიზისის გადაწყვეტას კანონის უზენაესობისა და სამოქალაქო უფლებების დაცვის გზით, არ დაუბრუნდება ევროკავშირთან შეთანხმებულ რეფორმებსა და დემოკრატიზაციის პროგრამას და არ გააუქმებს კანონს "საგარეო გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ, ესტონეთის პარლამენტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ესტონეთმა დაბლოკოს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებული ყველა შემდგომი პროცესი, გაყინოს განვითარების თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან და გამოიყენოს გამოყოფილი თანხები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად.
განცხადების პროექტში, პარლამენტი საჭიროდ მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს მთავრობის წევრების, საქართველოს პარლამენტის ლიდერების, ასევე პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო ჯგუფისთვის სამთავრობო სანქციების დაწესებას, მათ შორის ესტონეთში შესვლის აკრძალვას.
ესტონეთის პარლამენტი ასევე მოუწოდებს სამთავრობო სანქციების დაწესებისკენ საქართველოს ხელისუფლებისა და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივ ჩახშობაში და საქართველოს ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნაში." ნათქვამია ესტონეთის პარლამენტის დეპუტატების განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100