"ერთ-ერთმა სტუმარმა ხმამაღლა მომმართა „ეე დიჯეი“...რამდენადაც ვიცი, ყველა პიროვნებამ იძალადა გიორგი ქათამაძეზე, ასევე იძალადეს ვახტანგ ახვლედიანზე – DJ კოკო შაქარაშვილის საქმეში პირველ ჩვენებას აზუსტებს
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმის სახით ხელახლა გამოკითხული დიჯეის, კოკო ღიბრაძის ჩვენების მიხედვით, ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე დიჯეის როლში მის ყოფნას მცირედი შელაპარაკება მოჰყვა.
„არის რამდენიმე დეტალი, რაც მე 2020 წლის 19 ივნისს გამოკითხვისას კარგად არ მახსოვდა, ვინაიდან, წინა ღამით განვითარებული მოვლენების გამო ვიყავი უძილო და გადაღლილი.
დროთა განმავლობაში გამახსენდა რამდენიმე დეტალი, რაზეც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იქნება გამოძიებისთვის. ჩემ წინა ჩვენებას, მასში ასახულ გარემოებებს ვეთანხმები, არ უარვყოფ, გარკვეულ გარემოებებს კი განვავრცობ.
ჩემი დიჯეის როლში ყოფნას წვეულებაზე არსებითი მნიშვნელობის არა, თუმცა, მცირედი შელაპარაკება მოჰყვა. ერთ-ერთმა სტუმარმა, რომელიც რამდენიმე პირთან ერთად იმყოფებოდა, მე ხმამაღლა მომმართა „ეე დიჯეი“, რაც ჩემთვის არასასიამოვნო იყო, მე მივედი მასთან და ვუთხარი, რომ დაქირავებული დიჯეი არ ვიყავი, მე დაბადების დღეზე მისული ვიყავი, როგორც ანა გაბეჩავას მეგობარი, ხელი ჩამოვართვი და ამით დასრულდა ეს საკითხი“, – აცხადებს ღიბრაძე.
ის ჩვენებაში აღწერს, თუ რომელ საათზე და ვისთან ერთად დატოვა აგარაკის მიმდებარე ტერიტორია.
„ავტობანზე, ფეხით მოძრაობისას ჩვენ ნამდვილად წამოგვეწია ორი პიროვნება, მათ გაგვაჩერეს და დაუწყეს საუბარი გიორგი ქათამაძეს, ამ ეპიზოდში მეც მივუახლოვდი მათ.
საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნულმა ორმა პიროვნებამ დააზუსტა, თუ რომელი უბნიდან ვიყავით ჩვენ, რის შემდეგაც ტელეფონის ნომრები გამოართვეს ჩემს მეგობარ გიორგი ქათამაძეს შემდეგში შეხვედრის მიზნით, რის შემდეგაც ჩემკენ მოტრიალდა ერთ-ერთი მათგანი და მკითხა, თუ რით ვაპირებდით წასვლას.
მე ვუთხარი, რომ ტაქსით უნდა წავსულიყავით ადგილიდან, რის შემდეგაც ჩვენ ადგილიდან წამოვედით. მე ზოგადად, სხვა ფაქტებთან დავაკავშირე ზემოაღნიშნული პირების ჩვენთან მოსვლა და რამდენადაც მე მივხვდი, გიორგი ქათამაძეს ნომერი გამოართვეს აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების შემდგომში გასარჩევად.
ამასთან, დავამატებ რომ მე იმ ეპიზოდში მივხვდი, რომ ეს ორი პიროვნებაც ანა გაბეჩავას დაბადების დღის სტუმრები იყვნენ…
მე ავტომობილიდან გადმოსულმა სრული აღნაგობის პიროვნებამ დამარტყა, მას ხელში ეჭირა მოგრძო საგანი, რომელიც ვერ გავარჩიე, სწორედ აღნიშნული საგანი ჩამარტყა მარჯვენა ფეხის ბარძაყში. ავტომობილიდან კიდევ რამდენიმე პიროვნება გადმოვიდა და ყველას ეტყობოდა, რომ ჩვენს ცემას აპირებდნენ.
ყველა ჩემი თანხმლები პირებისკენ გაიქცა ერთის გარდა, ამანაც ერთხელ ჩამარტყა ფეხში და მე გაქცევა მოვახერხე, რის შემდეგაც იმათკენ წავიდა ესეც. რამდენადაც ვიცი, ყველა პიროვნებამ იძალადა გიორგი ქათამაძეზე, ასევე იძალადეს ვახტანგ ახვლედიანზე.
ეს იმ ეპიზოდში არ დამინახავს ფიზიკურად, ვინაიდან გავრბოდი, შემდეგში დავაკავშირე ერთმანეთთან ფაქტები, თან ვახტანგ ახვლედიანთან და გიორგი ქათამაძესთან მქონდა საუბარი, გიორგიმ მითხრა, რომ მას ძალიან ბევრი ადამიანი ურტყამდა, ვახტანგ ახვლედიანმა მითხრა, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს იმ პირებმა, რომლებიც ჩვენ უკან მოგვყვებოდნენ, რომლებმაც მანამდე გიორგი ქათამაძეს ნომერი გამოართვეს და მე მკითხეს, თუ რითი ვაპირებდით ადგილიდან წასვლას.
მე არ ვიცი ჰქონდა, თუ არა, გიორგი შაქარაშვილთან ვინმეს პირადი ანგარიშსწორების მოტივი, არც დაბადების დღეზე შემინიშნავს რაიმე ამ კუთხით. გზაზე მოძრაობისას გიორგი შაქარაშვილმაც მითხრა, რომ მას წვეულებაზე მომხდარ კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია.
დაზუსტებით შემიძლია მხოლოდ საკუთარ თავზე ვთქვა, რომ ჩემთან მიმართებაში დაბადების დღეზე მყოფ არცერთ პირს რაიმე მიზეზი არ ჰქონია ანგარიშსწორებისთვის.
ასევე, რამდენადაც მე ვიცი, არავითარი მიზეზი არ ჰქონდათ გიორგი ქათამაძეზე და ვახტანგ ახვლედიანზეც. გურამ ამირხანაშვილთან და იაკობ ბრეგვაძესთან დაკავშირებით, ვერ გეტყვით, არ ვიცი“, – აცხადებს ღიბრაძე.
კომენტარი