სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სუს-ი ოთხოზორია-ტატუნაშვილი-ბაშარულის მკვლელობებზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ 2018 წელს საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობებისა და დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით საოკუპაციო ძალისა და დე ფაქტო რეჟიმების მხრიდან სიმართლის დადგენისა და დამნაშავეების დასჯის მიზნით ნაბიჯები კვლავ არ გადადგმულა:

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად არის ჩართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრებში, სადაც სამსახური ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან წამყვანი უწყებაა.

2018 წელს საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობებისა და დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით საოკუპაციო ძალისა და დე ფაქტო რეჟიმების მხრიდან სიმართლის დადგენისა და დამნაშავეების დასჯის მიზნით ნაბიჯები კვლავ არ გადადგმულა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს, რათა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე.

საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ მართული სახიფათო ტენდენცია, რაც IPRM-ის შეხვედრების მიზანმიმართულ დაზიანებაში გამოიხატებოდა. დე ფაქტო რეჟიმებისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა შეხვედრების დღის წესრიგიდან გ. ოთხოზორიას, ა. ტატუნაშვილის და დ. ბაშარულის საკითხების ამოღება ულტიმატუმის სახით მოითხოვეს. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ IPRM-ის შეხვედრებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. შედეგად, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ოქტომბერსა და ნოემბერში აღნიშნული შეხვედრები არ გამართულა, ხოლო ოკუპირებულ ქ. გალში IPRM-ის ფორმატი 2018 წლის 27 ივნისის შემდეგ ამ დრომდე შეწყვეტილია. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში ქ. გალში ექვსი, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით (სოფელ ერგნეთში) ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შვიდი შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური IPRM-ის შეხვედრებს განიხილავს, როგორც უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს საქართველოსა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნული ფორმატისა და მისი ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ იქნება მიმართული, სამსახურის მიერ აღიქმება მიზანმიმართულ პროვოკაციად. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს IPRM-ში კონსტრუქციულ მონაწილეობას და იჩენს ძალისხმევას ქ. გალის შეხვედრების აღდგენის მიმართულებით.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით მართული „ცხელი ხაზი“ წარმატებით ფუნქციონირებს. აღნიშნული მექანიზმის საშუალებით ინფორმაციის ოპერატიული გაცვლა ხელს უწყობს საოკუპაციო ხაზსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტებისა და დაძაბულობის პრევენციას და უმოკლეს ვადაში გარკვევა-გადაწყვეტას. „ცხელი ხაზის“ გააქტიურების მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. 2018 წელს ზემოაღნიშნული მექანიზმი 2 182-ჯერ იქნა გამოყენებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში.

აღნიშნული ფორმატი მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს სახელმწიფოსთვის, რათა ადგილზე არსებული ვითარება ობიექტურად მიეწოდოს საერთაშორისო პარტნიორებს, თანათავმჯდომარეებს და შეხვედრის ყველა მონაწილეს. საანგარიშო პერიოდში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ოთხი რაუნდი გაიმართა (43-ე, 44-ე, 45-ე და 46-ე).

2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეფექტურად თანამშრომლობდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM), რომელიც საქართველოში მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაა. რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ EUMM-ს არ ეძლევა საშუალება, განახორციელოს მანდატით განსაზღვრული უფლება, აწარმოოს მონიტორინგი ოკუპირებულ რეგიონებში, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების ვითარებას. აღნიშნულის მიუხედავად, EUMM (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დანაყოფებთან ერთად) მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში კვლავაც ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებს.

ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით აქტიურად გრძელდება თანამშრომლობა საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN), ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) და ევროპის საბჭოს (CoE) წარმომადგენლობებთან; 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიების პროცესში კი – ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან (ICC)

უსაფრთხოების სამსახური ჩართულია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ეგიდით ორგანიზებულ ე.წ. სამმხრივი საკოორდინაციო შეხვედრების ფორმატში, რომელიც 90-იანი წლების კონფლიქტებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ და დაღუპულ პირთა მოძიებას ითვალისწინებს. მათივე ცნობით, 2018 წელს ორი შეხვედრა გაიმართა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეების იდენტიფიცირების, მათი მაქსიმალურად განეიტრალების და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ანექსიის პროცესებისთვის ხელშეშლის მიზნით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობდა და მუდმივად აწვდიდა ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირების მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავისი მანდატის ფარგლებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებას აცნობდა პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. 2018 წელს სამსახურმა საოკუპაციო ხაზზე მაღალი რანგის სხვადასხვა ოფიციალური პირებისა და მედიის წარმომადგენელთა 39 ვიზიტს გაუწია ორგანიზება“, – აღნიშნულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100