სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ავან–ჩავანი

ეს ის შემთხვევაა, როცა ყველაფერი ნათქვამია. არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც პოლიტიკიდან წასვლის შემდეგაც უამრავ კითხვის ნიშანს ტოვებენ. მათ მიერ განვლილი გზის შეფასებისას, ყოველთვის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, გასავლელი გზის გასათვლელად კი არც ერთი პასუხი არ არის უალტერნატივო. ეს ნინო ბურჯანაძის შემთხვევა არ არის. ნინო ბურჯანაძე სწორედ ის ვარიანტია, რომელიც ამ სტატიის პირველივე წინადადებაში გამოვხატეთ, ანუ როცა სათქმელი აღარაფერი დარჩა... მოვიდა პოლიტიკაში, იყო პოლიტიკასი, სურს რომ დარჩეს პოლიტიკაში... და არაფერი სხვა. ზედაპირულობა, სიმარტივე და პრიმიტიულობა.. სამი სიტყვა, რითაც საბოლოოდ შეიძლება შეფასდეს ნინო ბურჯანაძის ყოფნაც და არ ყოფნაც პოლიტიკაში. თან იმ ფონზე, როცა მისი უდიდებულესობა პიარი, სულ ცდილობდა მისთვის ხან თამარ დედოფლობა, ხან მარგარეტ ტეტჩერობა დაებრალებინა. ზედაპირულობა მას დაბადებიდან დაებედა. საბჭოთა ნომენკლატურულ ოჯახში აღზრდილი, სისტემის სიმახინჯით გამდიდრებული მამის ერთადერთ ქალიშვილს სიღრმეების ძიება არ სჭირდებოდა.
დიდსათვალეებიანი და ასაკისათვის შეუფერებელ ძვირფას ქურქში გამოწყობილი მაღალი გოგონა, იმავე სათვალიდან და თავისივე სიმაღლიდან, ქუთაისიდანვე მშვენივრად ხედავდა უკვე დაგეგმილ მომავალს. `ვოცნებობდი დიპლომატი გავმხდარიყავი!~ _ იტყვის მოგვიანებით ბურჯანაძე. სათვალიანი ქუთაისელი გოგონას კუმირი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, საბჭოთა სინამდვილიდან ქურქიანად ამომხტარი მადამ კოლონტაი გახლდათ და პირველი ნაბიჯები `გაკოლონტაებისა~ ალბათ ის ბამბურა ქურქი გახლდათ, რომლითაც პატარა ნინო კუმირს ბაძავდა.
მერე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და ასპირანტურა მოსკოვში. როგორც ცნობილია, მისი ვიწრო სპეციალობა საზღვაო სამართალია.
მაშინ იურისტები ხუმრობდნენ, რომ `მოზეპირე~ ნინომ და მამის ფულებმა მოსკოვში `წყალქვეშა სამართალზე~ მეტზე ვერ გაქაჩა. ვერაფერს ვიტყვით, ხალხი შურიანია და არც ასეა საქმე. ბოლოსდაბოლოს სამართალი ზღვაშიც ისევეა საჭირო, როგორც მიწაზე. თუმცა ნინო ბურჯანაძეს არასოდეს გამოუდვია თავი სიმართლისათვის. მისთვის ყოველთვის ორი სიმართლე არსებობდა და საჭირო დროს, მისთვის საჭირო პასუხს იძლეოდა კითხვაზე: სადაა სამართალი?
ანზორ ბურჯანაძის ქალიშვილის პოლიტიკაში მოსვლაზე ბევრი დაწერეს. რომ ანზორმა უთხრა ძმა და მეგობარ შევარდნაძეს, ნინო გამიდეპუტატეო, რომ ანზორმა ბეეევრი ფული მიიტანა `მოქალაქეთა კავშირში~, რომ ნინო აიყვანეს და დასვეს პარლამენტში.. პარლამენტში მისვლისთანავე ბურჯანაძე მასებს უკვე სათვალიან ქალად დაამახსოვრდა, რომელიც თუთიყუშივით იმეორებდა შევარდნაძის, ჟვანიას, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე სააკაშვილის ნათქვამს. ამ დროს ბურჯანაძე კიდევ არ იყენებდა სიტყვა `მორეგულირებას~, რადგან მას ჯერჯერობით, მხოლოდ სხვათა აზრების გამეორება ევალებოდა.
იმ პერიოდში პრესაც ნაკლებად ინტერესდებოდა ამ ინდიფერენტული ქალით, რომელიც ერთი შეხედვით თავისუფალ დროს პარლამენტში საჭორაოდ შემორბენილ თანამშრომელს უფრო ჰგავდა ვიდრე კანონმდებელს. სხდომებზე უფრო ხშირად ბურჯანაძეს პარლამენტის პრეს-კაფეებში იხილავდით, იმაზე მოსაუბრეს, თუ როგორ გაუშვა მამამ უდაბნოში ჯიპებით და აქლემებით სასეირნოდ, მაშინ როცა ხალხისთვის საოცნებო მოგზაურობად ჩეხოსლოვაკია და პოლონეთი ითვლებოდა. როგორ იწვალა დედამ, რომ მისთვის უცხო ენები შეესწავლა და როგორ ყველაფერს უსრულებდნენ დაბადებიდან. სხვათაშორის ეს კომპლექსი ნინოს მთელი ცხოვრება სდევდა. მას დღემდე ჰგონია, რომ სამყარო მის წინაშე ვალშია და დღეს საწყალი მომიტინგეები ვალდებულები არიან, მისი კაპრიზები ასრულონ, ვიდრე ის `მარიოტში~ ყავას მიირთმევს.
დავუბრუნდეთ ისევ ნინოს გადეპუტატებას. პრესისთვის ნაკლებ საინტერესო ნინო, მაშინ როცა 90-იანი წლების ჟვანიას კალთებქვეშ გამოწვრთნილმა ჟურნალისტებმა ლამის `ვარსკვლავბიჭუნებად~ აქციეს ბარამიძე, მაჭავარიანი, სააკაშვილი.. (ჟვანიას მაინც ვერაფერი მოუხერხეს), იჯდა თავისთვის და კოლონტაის ქურქებს იგონებდა. პირველად ბურჯანაძის გვარმა შედარებით ხმამაღლა მაშინ გაიჟღერა, როცა ჟვანიას პარლამენტში ვიცე-სპიკერის ადგილი გათავისუფლდა და საპარლამენტო უმრავლესობამ კანდიდატის მოძიება დაიწყო.
როგორც ჩანს ჟვანიას მაშინვე გაახსენდა უპრეტენზიო და არაფრისმთქმელი ბურჯანაძე, რომელიც სწორედ ვიცე-სპიკერობისთვის იყო ზედგამოჭრილი. არ ჰქონდა ამბიციები, შეეძლო დანაბარების გადმოცემა და ნათქვამის სწორად გამეორება, და რაც მთავარი იყო, შეეძლო დაუღალავად ეძახა: პირველი მიკროფონი, მეოთხე მიკროფონი, თქვენი დრო ამოიწურა.. თუმცა მაშინ ბურჯანაძე ვერ გახდა ვიცე-სპიკერი.
და ის კვლავ აგრძელებდა კოლონტაის "შუბებზე" ფიქრს, ვიდრე თავად ზურაბ ჟვანიას თავმჯდომარეობის დრო არ ამოიწურა.
2000 წლიდან უკვე სახეზე იყო აშკარა დაპირისპირება შევარდნაძესა და "ვარსკვლავთბიჭუნებს" შორის. თუ აქამდე ყველა მათგანი შევარდნაძეს იცავდა, უცხოურ პრესაში უცებ გაჩნდა დეპუტატ ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ იმ კრიზისზე, რომელშიც შევარდნაძის არასწორმა პოლიტიკამ და დემოკრატიული ღირებულებებიდან გადახვევამ, ასევე სანათესაომ ჩააგდო ქვეყანა.
ამას მოჰყვა ზურაბ ჟვანიას მიერ პრეზიდენტ შევარდნაძისესთან ეპისტოლარული გაბაასება, ანუ წერილი რომელშიც ჟვანია შევარდნაძეს გონზე მოსვლას სთხოვდა. ურთიერთობა დღითიდღე იძაბებოდა. ჩნდებოდა ახალ-ახალი მიზეზები და საბაბები, იმისა რომ ახალგაზრდული ფრთა შევარდნაძეს განსდგომოდა. ბურჯანაძეს ორი გზა ჰქონდა, ან მამის მეგობარი შევარდნაძე და გაურკვეველი მომავალი, ან ისევ გარანტია და "კოლონტაის ქურქები". ნინომ მეორე აირჩია და გაუდგა ჟვანიას მიერ დასახულ გზას.
პიარის დიდოსტატმა ჟვანიამ კარგად დაინახა ნინოს სქესის უპირატესობა მოცემულ სიტიაცუაში, ქართველი დედის ადგილი და ზოგადად, ოჯახის ქალის როლი, ამდენ საეჭვო მამრთა შორის. და დაიწყო ნინოს გაკოლონტაება. ქართველი ხალხის ემოციებზე ათამაშეს ნინოს სქესი, როცა ის თამარს შეადარეს, ქართველი ხალხის ამბიციებზე ათამაშეს ნინოს მარგალიტის ყელსაბამი, როცა ის მარგარეტ ტეტჩერს შეადარეს და ნინოც მიეჩვია ქართველ ხალხზე თამაშს.
ორჯერ დადო ფიცი, რომ პარლამენტის თავმჯდომარეობა მისი კარიერის ზენიტი იყო და არასოდეს მოისურვებდა პრეზიდენტობას. მის ლექსიკაში არსებული მხოლოდ 40 სიტყვით, ბურჯანაძე კრიბავდა დაპირებებს, ვარაუდებს, მოსაზრებებს.. დადიოდა გაუთავებელ შეხვედრებზე.. მოკლედ თამაშობდა.. ხალხის პრობლემები მისთვის მხოლოდ პოლიტიკაში თამაშის საშუალება იყო. მას ისევე ეკიდა ერი, როგორც მარგალიტები.
სხვათაშორის, სათვალიან გოგონაში, რომელიც მამის მილიონების მიუხედავად არასოდეს ყოფილა თანატოლ უბრალო ქუთაისელ გოგონებზე პოპულარული, ბავშვობის კომპლექსმა იმძლავრა. იგი გადაემტერა პრაქტიკულად ყველა ქალს, ვინც პოლიტიკაში შედგა ფეხი. მისი ამბიციების პირველი მსხვერპლი, ადა მარშანია გახლდათ.
მოსკოვში ერთ-ერთი ვიზიტის დროს, სადაც ნინო და ადა ერთად იმყოფებოდნენ აფხაზეთის საკითხზე სასუბროდ (!!), ადას აფხაზურმა ცრემლებმა და პათეტიკამ დარბაზზე რაღაც დოზით იმოქმედა და ნინო "ტეტჩერ-კოლონტაი-ოლბრაიტ-მადონა-დემი მურზე" მეტად წარმოჩნდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ, ბევრ ჟურნალისტს გაუგონია როგორ აგრესიულად ექცეოდა ბურჯანაძე მარშანიას და, როგორ ლანძღავდა მარშანია ზურგსუკან ბურჯანაძეს.
იყო მაია ნადირაძეც, რომელსაც ბურჯანაძე ცხვირს ისე უწევდა, როგორც ხორბლის პრინცესა გლეხის დაძონძილ კაბიან გოგოს. მაია ნადირაძემ იცოდა, საკუთარი ადგილი, თუკი იქ ბურჯანაძე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ნინო პოსტზე დარჩა, "პარიჟანკა" სალომე ზურაბიშვილი კი საგარეო საქმეთა მინისტრობიდან წავიდა, ეს უკანასკნელი ერთადერთი იყო, ვისაც ნინო ვერ გაუმკლავდა. ნინო ამ შემთხვევაში თავად იყო, `სოფლელი გოგონა~, რომელიც პარიზელმა სალომემ არ ცნო.
სხვათაშორის, "ქაჯები" სალომემ სწორედ ნინოს მიმართ იხმარა. სხვებზე ეს სიტყვა საჭიროების გამო იქნა განვრცობილი.
"ჩემზე ამბობენ რომ ემოციებს არ ვყვები", - შეფარული სიამაყით წუწუნებდა ბურჯანაძე თავისი აპარატის გოგონებთან და იქვე დასძენდა - "უბრალოდ ვცდილობ გონიერებას მოვუხმო და ემოციებს არ ავყვე. განა მართლა რკინის ვარ"..
მისი ეს ფრაზა ღიმილს იწვევდა. ბურჯანაძე ემოციებს მხოლოდ ოჯახის ფულების და საკუთარი კარიერის დასაცავდ ხარჯავდა, თორემ რკინის ნამდვილად იყო, როცა საქმე გირგვლიანს ან 7 ნოემბერს ეხებოდა. მას ხალხი დღესაც ისევე ჰკიდია, როგორც ის სამკაულები, ჟურნალ "ვოგში" რომ ამარიაჟებდა.
რადგან ნინო დიასახლისი ქალის როლზე მეტად ვერ ამაღლდა პოლიტიკაში, მასთან მიმართებაშიც კამათი უფრო ქალურ სისუსტეებზე იწყებოდა, ვიდრე პოლიტიკურ თემებზე. დიდხანს იგი უგემოვნო ნინო იყო. მაგრამ დროთა განმავლობაში მან ისეთივე გარდატეხა მოახდინა საკუთარ სტილში, როგორც "უშნო ბეტიმ" ან "პუშკარიოვამ" ცნობილ სერიალებში. სათვალიანი გოგოსგან, მოდის ბოლო ტენდენციებს აყოლილი ქალი მაინც მივიღეთ, თუ ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი ვერა.
სერიალი შემთხვევით არ გვიხსენებია. ნინოს განვლილ გზას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ პოლიტიკა მისთვის სერიალია. რომელ სერიაშიც არ უნდა ჩაერთოთ, მაინც ყველაფერი გასაგები და მარტივია. ნინო ისევ ისე "დაპლაკუნებს", ისევ მხოლოდ საკუთარი სათვალიდან იყურება და ქართველი ხალხი მას მაინც სერიალის გმირები ჰგონია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100