საქართველოს ბანკმა პირველი ქართული საბანკო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი შექმნა
თბილისი, 21 მარტი, 2017 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა საბანკო ტერმინთა განმარტებითი ელექტორნული და ბეჭდური ლექსიკონის შექმნის შესახებ www.terminebi.ge
ლექსიკონის მიზანია ნებისმიერ მომხმარებელს გაუმარტივოს საბანკო სფეროსთან ურთიერთობა, ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი გახადოს დღემდე დამკვიდრებული საბანკო ცნებები, მათი განსაზღვრებები და ამით ხელი შეუწყოს საქართველოში ფინანსური განათლების გავრცელებას. ეს არის საქართველოში საბანკო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონის პირველი გამოცემა. ლექსიკონი მოიცავს 1 000-მდე ტერმინს როგორც საბანკო, ისე საფინანსო, იურიდიული, საბუღალტრო, სადაზღვევო, მარკეტინგული და სხვა მონათესავე სფეროებიდან. საბანკო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი ბანკმა ბეჭდური სახითაც გამოსცა, რომელიც საქართველოს ბანკის სერვისცენტრებში განთავსდება, ასევე საჩუქრად გადაეცემა საჯარო ბიბლიოთეკებს და უნივერსიტეტებს.
„საქართველოს ბანკის მხრიდან აღნიშნული ინიციატივა არის იმ პასუხისმგებლობის ნაწილი, რომელიც ქვეყნის წამყვან ბანკს მომხმარებლების და საზოგადოების წინაშე აქვს. მომხმარებელს ხშირად უწევს საბანკო კონტრაქტების თუ პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიღება, სადაც სწორედ საბანკო ტერმინები ხვდება. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ შეგვექმნა საბანკო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი, რომელიც შესაძლოა ბანკთან ურთიერთობისას დასჭირდეს მომხმარებელს, როგორც ხელშეკრულებების კითხვის, ასევე საბანკო პროდუქტების არჩევის და გადაწყვეტილების მიღებისას. ამასთან, ელექტრონული ლექსიკონი ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, რათა ხელი შევუწყოთ ფინანსური განათლების გავრცელებას ქვეყანაში“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.
„ფინანსური განათლება საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საბანკო ლექსიკონის შექმნა მნიშვნელოვანია მომხმარებელთა ინფორმირების, და ამ გზით, მათი უფლებების უკეთ დაცვის მიზნით. ვფიქრობ, რომ ლექსიკონი დაეხმარება მომხმარებლებს უკეთ გაერკვნენ ბანკთან ურთიერთობისას, როგორც მხარეებს შორის ხელშეკრულების პირობებში, ისე ზოგადად საბანკო პროდუქტებში. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, მსგავსი ტიპის ლექსიკონებს არაერთ განვითარებულ ქვეყანაში იყენებენ წარმატებულად, მათ შორის, გერმანიასა და პოლონეთში.
მივესალმებით „საქართველოს ბანკის“ ამ ინიციატივას, რამდენადაც კერძო ფინანსური სექტორის ჩართულობას ფინანსური განათლების ამაღლების კუთხით, მათ შორის, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. დამატებით, საქართველოს ეროვნული ბანკი, თავის მხრივ, გეგმავს განავითაროს და გაამდიდროს ფინანსური ლექსიკონი, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება საბანკო ტერმინებით“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
საქართველოს ბანკი, ამ მიმართულებით აგრძელებს მუშაობას და პერიოდულად მოხდება საბანკო ტერმინთა ლექსიკონის განახლება. საბანკო ტერმინთა ლექსიკონი ბანკის თანამშრომლებმა შექმნეს, ხოლო რეცენზენტობა გაუწია ენათმეცნიერების ინსტიტუტის ტერმინოლოგიის განყოფილების თანამშრომელმა, ფილოლოგიის დოქტორმა ნათელა მუზაშვილმა. ლექსიკონის რედაქტორი კი ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი აკადემიკოსი ავთანდილ არაბულია, საქართველოს ბანკის სახელით ყველა მათგანს მადლობას ვუხდით გაწეული შრომისა და თანამშრომლობისთვის.
კომენტარი