სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გადარეული ამელი ნოტომი ავადმყოფური დასასრულებით...

მწერალი, რომლის ნაწარმოებებს სქესი არა აქვს. მწერალი, რომელიც იცით როგორ წერს? სამ საათში რომ წაიკითხავ და მთელი ცხოვრება წიგნის სიუჟეტი კი არა, სასიამოვნოზე სასიამოვნო, გემრიელი შეგრძნებები დაგამახსოვრდება.

47 წლის ქალბატონი თვითონაც უსქესოა. საჭმელს თითქმის არ ჭამს – ბავშვის აღნაგობით უნდა, რომ მოკვდეს, წარმოგიდგენიათ? ნამდვილი ვენდია, ოღონდ მებრძოლი, გაზრდას ებრძვის.

თუ გგონიათ, რომ მის წიგნებს იყიდით და არიქა, მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს გაეცნობით, დროსაც ტყუილად დახარჯავთ და ფულსაც. სულაც არ არის ეს ბავშვქალა გენიოსი. ერთი გადარეული ამელია, რომელიც თავს სამ საათში შემოგაკითხებთ,ზოგჯერ შეგაშინებთ,ზოგჯერ კი გულიანად გაგაღიმებთ. დაშინებები და დახლართული ფსიქოლოგიური ლაბირინთებიც უყვარს ქალბატონს და კიდევ იცით როგორი დასასრულები? ავადმყოფური და მოულოდნელი.

დიახ ეს ბელგიელი მწერალი, გადარეული ამელი ნოტომია. დაიბადა 1967 წლის 13 აგვისტოს იაპონიაში, ბელგიელი დიპლომატის ოჯახში. რამდენიმე წელი გაატარა ჩინეთში და აზიის ქვეყნებში. მოგზაურობდა ბევრს, მამის პროფესიიდან გამომდინარე. (ამელი პატარაობიდანვე მოგზაურობს იაპონიაში, ჩინეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლაოსსა და ბანგლადეშში.) აქედან შთაბეჭდილებები, სხვადასხვა კულტურების ნაზავით მიღებული თავგადასავლები და... გამოსცემს თითო რომანს წელიწადში. (ამბობს რომ ყოველ წელს წერს სამ რომანს, მაგრამ იმ ორს არ აქვეყნებს, რადგან ძალზედ პირადულია.)

გამოქვეყნებული აქვს 12 რომანი.

" მკვლელის ჰიგიენა" ნოტომის პირველ რომანი, 1992 წელს აღმოჩენად აღიარეს. მას მიენიჭა ფალეს პრიზი და გამომცემელთა პრიზი გერმანიაში, შესაბამისად ის მწერლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია, სადაც საინტერესოდ არის გადმოცემული მთავარი გმირის სიძულვილი ქალებისადმი:

გინახავთ ოდესმე ქალზე მახინჯი არსება? აქვს აზრი ძუძუების, თეძოების ქონას, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ? თანაც, ქალები მძულს ისევე, როგორც ყველა მსხვერპლი. ძალიან საზიზღარი მოდგმაა მსხვერპლი. ძირფესვიანად რომ მოგვესპო ეს მოდგმა, იქნებ ბოლოს და ბოლოს, სიმშვიდე მოგვეპოვებინა და მათაც მიეღოთ ის, რაც სურთ, სახელდობრ, წამებით სიკვდილი. ქალები განსაკუთრებით სახიფათო მსხვერპლნი არიან, რადგან უპირველეს ყოვლისა ისინი საკუთარი თავისა და სხვა ქალების მსხვერპლნი არიან“.

ნაწარმოებში არის ბევრი საშიში მომენტი, რომელმაც ადამიანსი ფსიქოლოგია არ შეიძლება შეურყევი დატოვოს.

კატილინას წინააღმდეგ – აი, სად ეცდება ყველაზე მეტად თქვენს შეშინებას მწერალი. მძაფრი შეგრძნებები გიყვართ? ხანდახან ფსიქოლოგობანასაც თამაშობთ? უცნაური სიყვარულის ისტორიებიც ხომ არ გიზიდავთ? მაშინ ამელი ნოტომნის ეს ნაწარმოები აუცილებლად წაიკითხეთ.

რა ხდება, როცა სულის უფსკლულის სარკეში ჩახედვისას უეცრად ცნობიერების უცნობ მხარეს აღმოაჩენთ? შეგვძულდება თუ არა თავი?

ამელი აქ გვესაუბრება ცნობიერის და არაცნობიერის გაუცხოებაზე, ანუ რა საფრთხე ჩნდება, როდესაც უცნობის ცხოვრებით ვცხოვრობთ?! იგი მიგვანიშნებს იმაზეც, რომ ყველაფრის გააზრების სურვილი სოციალური თვითმკვლელობის ტოლფასია.
ის დეტალურად აყალიბებს „ცარიელი“ ადამიანის პრობლემებს და მის მიერ გავრცელებულ, სხვა ადამიანებზე შემოხვეულ დუმილს. ყოველგვარი გადახვევის გარეშე გვეუბნება, რომ სიცარიელეს შემაძრწუნებელი შესაძლებლობები გააჩნია და დაუნდობელი კანონები მართავს.

მერკური – წიგნი ორმაგი დასასრულით. სიმძაფრე არც ამას აკლია, თანაც თავისთავად იკითხება. ესაა რომანი ერთ მოხუც პედოფილსა და გოგონაზე, რომელიც უყვარს. რაც შეეხება ამ გოგოს _აზელის_ ბოლომდე თვითონაც ვერ გაუგია რა გრძნობა აკავშირებს მოხუცთან: უყვარს ეს ბებერი თუ სძულს? ეს კაცი იმდენად გიჟდება თავის სიყვარულზე, რომ ოთახში ამწყვდევს და დიდი ხნის განმავლობაში იზოლაციაში ამყოფებს გარე სამყაროსგან, რათა აზელიმ არ მიატოვოს. ესეც საკითხავია, არის კი ეს სიყვარული, როცა ადამიანს ასე ბოროტულად ექცევი? რომანს ორი დასასრული აქვს. უმეტესობამ ერთი დასასრული ჰეფი–ენდად შერაცხა, მეორე კი _ ჰეფი–ენდის საპირისპიროდ. მაგრამ ალბათ ორივე „ენდი“ ჰეფია: ორივე შემთხვევაში გოგონა (აზელი) ბედნიერი რჩება.

შეყვარებულის ამხედრება: ეს წიგნი ყველას შეუყვარდება, ვისაც სულ პატარა „გოგოობაში“ ომობანა უთამაშია,ტყვედ ჩავარდნილა,საგანძური უთხრია,ბიჭებთან ერთად შტაბებში უძრომიალია,მტრის ბანაკში შევარდნილა,ტყვეები სასტიკად უწამებია,თავისზე უფროსი გოგო გაუფეტიშებია და საშინელი წამების დროსაც არ გაუთქვამს სამხედრო საიდუმლოებები. ძალიან სუფთა და რაღაცნაირად უცოდველი წიგნი. ასეთ წიგნს ისეთი ქალი თუ დაწერს,არაფერს რომ არ ჭამს,ბავშვის სხეულით უნდა მოვკვდეო.

კრძალვით და ცახცახით- ეს ამელის ავტობიოგრაფიული რომანია, სადაც მთავარი გმირი ამელია რომელიც დიდ იაპონურ კომპანიაში მოეწყობა სამუშაოდ თარჯიმნის პოზიციაზე. ბელგიელი იაპონურ ფირმაში 44-ე სართულზე მუშაობდა. თავიდან ღმერთობაზე ოცნებობდა და მერე ტუალეტის დამლაგებელი გახდა. თუმცა, სამუშაო ჰქონდა...

და აი, წიგნის „შუაგული“ 67 გვერდი ... ეს არის მონოლოგი, ავტორის აზრი, რომელიც იმდენად ძლიერია, ფიქრობ, თითქოს მთელი ეს 66 გვერდი, ამ ეპიზოდისთვის დაიწერა.

"არა: თუ იაპონელი ქალი აღტაცების ღირსიადა იგი უეჭველად ღირსია, – ეს იმიტომ, რომ თავს არ იკლავს. იმ ასაკიდანვე, როცა იგი ჯერ კიდევ ერთი ციცქნა ბავშვია, ყვალანი მისი იდეალების წინააღმდეგ არიან შეთქმულნი და თავში უჭედავენ, რომ შიგ მაგრა ჩაეკიროს: „თუ ოცდახუთისა გათხოვილი არ იქნები, სამარცხვინოა“; „თუ იცინი, გაუზრდელი იქნები“; „თუ სახეზე განცდა გახატია, ხეპრე იქნები“; „თუ ვაჟმა ხალხის თვალწინ ლოყაზე გაკოცა, კახპა იქნები“; „თუ ჭამა გიყვარს, ღორი ხარ“; „თუ ძილი გიყვარს, ძროხა ხარ,“ და .. ეს შეგონებები სასაცილო იქნებოდა გონებაში რომ არ იბეჭდებოდეს.

რადგან დოგმათა ეს დომხალი, საბოლოო ჯამში, ერთ სულისკვეთებად მთლიანდება, იაპონელ ქალს წინ სასიხარულო არაფერი უნდა ეიმედებოდეს: არ აღგეძრას სიამეთა იმედი, რადგან შენი სიამე არარად გაქცევს. არ აღგეძრას სიყვარულის იმედი, რადგან ამად არ ღირხარ; თუ ვინმეს შეუყვარდი, მხოლოდ იმისათვის შეუყვარდები, ზმანებით რაცა ხარ, არასოდეს იმისათვის, რაც მართლა ხარ. ნუ აღიძრავ იმედს, რომ ცხოვრება რამეს მოგიტანს, რადგან ყოველი ჩავლილი წელი რაღაცას წაგართმევს. ისეთი მცირედის იმედსაც ნუ აღიძრავ როგორიცაა სიმშვიდე, რადგან არავითარი საბაბი არ გაქვს, თავი დაიწყნარო.

აღიძარ შრომის იმედი. მართალია, შენი ქალობის გამო ძალიან მაღლაც ვერ ახვალ, მაგრამ აღიძარ იმედი, საქმეს ემსახურო. შრომით ფულს მოიხვეჭ, რომელიც, მართალია, ვერანაირ სიხარულს ვერ მოგიტანს,მაგრამ ზოგ რამეს გაგიადვილებს, მაგალითად, გათხოვებასრადგან ისეთი სულელიც არ იქნები, დაიჯერო, რომ ვინმეს მართლა შენი ღირსებისთვის უნდიხარ.

გარდა ამისა, ნება გაქვს, იქონიო იმის იმედი, რომ სიბერეს მიატან, რაც თავისთავად დიდად საშურიც არ არის, და კიდევ იმის იმედი, რომ პატივაყრილი არასოდეს შეიქმნები, რაც, ასე თუ ისე, მიზანია. აქ წყდება ნებადართული იმედების ნუსხა.

აქვე იწყება შენი უღიმღამო მოვალეობების უსასრულო რიგი. შენი სახელი უმწიკვლო უნდა იყოს იმ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ეს მცირე რამ არ არის. შენი შეუბღალავი სახელი არაფერს მოგიტანს იმის გარდა, რომ შეუბღალავი სახელი გექნება, რაც სიამაყით ვერ აგავსებს, მით უმეტესსიამით.

შენი ვალია, გათხოვდე; გიჯობს, თუ ოცდახუთამდე მოასწრებ, რადგან ეს შენი ჩამოწერის ასაკია. შენი ქმარი სიყვარულს არ მოგანიჭებს, მართლა რეგვენი თუ არ არის, ხოლო რეგვენისაგან მონიჭებული სიყვარული დიდი ვერაფერი ბედნიერებაა. ასე იქნება თუ ისე იქნება, ეყვარები თუ არ ეყვარები, შენ ვერ დაინახავ. ქანცგამოლეული, ხშირად, სულაც ნასვამი, შინ ღამის ორ საათზე დაბრუნდება და ცოლქმრულ საწოლში ჩაეგდება, რომელსაც დილის ექვსზე სიტყვის უთქმელად დატოვებს."

p.s. მე არ ვიცი, ცაში რა ხდება. ჩემი ლიტერატურა დედამიწაზეა და ის ყოველდღიურობაშია, ცხოვრებაში. ვინც ცაში ეძებთ, ჰიდრომეტრცენტრის თანამშრომლებს მიმართეთ, მაგრამ აქაც გაითვალისწინეთ ის რომ "ისინიც კი ცდებიან, თავიანთ პროგნოზებში". (დასასრული)

ფილმი,”კრძალვით და ცახცახით”.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100