რუსული აგრესიის შედეგად დათუპულია 21 ბავშვი, 55 დაშავებული
უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ 21 ბავშვი დაიღუპა და 55 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა დამცველზე ლუდმილა დენისოვაზე დაყრდნობით ავრცელებს. „უკრაინაში ვითარება კვლავ დაძაბულია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის მიხედვით, 21 ბავშვი დაიღუპა და 55 დაშავდა“, - ნათქვამია განცხადებაში. დენისოვას თქმით, დაბომბვის შედეგად განადგურდა - კიევის, ირპენის, ხარკოვის, მარიუპოლის, ჟიტომირის, ხერსონისა და ზაპოროჟიის რაიონის სოფელ ვასილივკას ინფრასტრუქტურა. „ჟიტომირის სამშობიარო საავადმყოფო დაზიანდა ოკუპანტების სარაკეტო დარტყმის დროს. ჟიტომირში ავიაიერიშის შედეგად ერთი ბავშვი დაიღუპა და 6 დაშავდა. ისინი დანგრეული სახლების სარდაფებიდან გამოიყვანეს“, - განაცხადა ომბუდსმენმა. დენისოვამ აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებები არღვევს ბავშვთა ფუნდამენტურ უფლებებს - სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებას, რომელიც გარანტირებულია მსოფლიოში ყველა ბავშვისთვის გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციით. მან მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მხარი დაუჭირონ უკრაინის ცის მტრის მებრძოლებისგან დაკეტვის ინიციატივას. მისი თქმით, ჩერნიგოვის დაბომბვის დროს სამშობიაროში ორი ტყუპი დაიბადა. „სანამ ასეთი ანგელოზები იბადებიან უკრაინაში, ჩვენ უძლეველი ვართ“, - თქვა დენისოვამ.
კომენტარი