სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ბატონო სტენდალ, მაინც რა არის ეს სიყვარული?

-"ბატონო სტენდალ, მაინც რა არის ეს სიყვარული?

- მოდით ასე ვთქვათ: გიყვარდეს - ნიშნავს სიამოვნებას განიცდიდე, როდესაც რაც შეიძლება ახლო მანძილიდან ხედავ, ეხები, ყველა გრძნობის ორგანოთი აღიქვამ არსებას, რომელიც გიყვარს, და რომელსაც უყვარხარ.

- ამით ფაქტიურად არაფერი გითქვამთ, ვინაიდან განმარტებაში გამოიყნეთ ის სიტყვა, რომლის განმარტებაც მე გთხოვეთ.

- (იცინის) მართალია. მაშინ ასე ვიტყვი: სიყვარული არის გრძნობა, რომელსაც განიცდის ერთი ადამიანი მეორეს მიმართ. შესაბამისად ეს არის გარკვეული დამოკიდებულება, გარკვეული მიმართება სხვა ადამიანთან.

მე სიყვარულის ოთხ ძირითად ფორმას გამოვყოფდი: პირველი ესაა - სიყვარული ვნება. ამას სიყვარულის ძირითად მნიშვნელობას დავარქმევდი. თავბრუდამხვევი, ლამაზი, მგზნებარე... აი ისეთი, წიგნებში რომ ვკითხულობთ ხოლმე. ამ დროს ადამიანი კარგავს საკუთარ მე-ს და მთლიანად მოცულია სიყვარულის ობიექტით. გავიხსენოთ რომეო და ჯულიეტა, მარგო და ლა-მოლი, ქეთა და ბერო.

მეორე - სიყვარული გატაცება. კარგი ტონის ადამიანმა ზუსტად იცის ყველა წესი, რაც ამგვარ ურთიერთობაში დაშვებულია, გონივრულია. არაფერი გაუთვალისწინებელი არ ხდება. როგორც წესი ამგვარი ურთიერთობა აგებულია პატივმოყვარეობაზე. ამგვარ სიყვარულს ვაწყდებით ხოლმე რომანებში "კარგი სასიძოები"-ს პერსონაჟებთან. ისინი თითქოს ცუდები არ არიან, მაგრამ რაღაც არ ყოფნით. ალბათ ძალა. სიყვარულისთვის წესების დარღვევის ძალა.

მესამე ესაა ფიზიკური სიყვარული - ყველაზე კარგად ამ სიყვარულის გამოხატვა შემდეგი წინადადებით შეიძლება: "რა ჯობია გლეხის ქალს ნადირობის დროს რომ გადააწყდები ტყეში." ამგვარი რამ ჩვეულებრივი მოვლენაა ადრეულ ასაკში. სიყვარულს მე მას ვუწოდებ იმდენად, რამდენადაც ფიზიკური ლტოლვით დაბნელებული გონება ვერ არჩევს რასთან აქვს საქმე, სიყვარულთან თუ ფიზიკურ ლტოლვასთან.

და ბოლოს - სიყვარული პატივმოყვარეობა. ეს არის სიყვარულის ყველაზე უხამსი და ცარიელი ფორმა. ამ დროს ადამიანს სხვა ადამიანი კი არ უყვარს, არამედ საკუთარი თავი მის გვერდით.

სინამდვილეში სიყვარული ვნების დროსაც მოგწონს საკუთარი თავი, ოღონდ განსხვავება ამ ორ სიტუაციას შორის არსობრივია: სიყვარული ვნების არსი ყველაზე კარგად მარკესის ერთ ბრძნულ გამონათქვამში ჩანს: „მე შენ მიყვარხარ არა იმიტომ ვინ ხარ შენ, არამედ ვინ ვარ მე, როცა შენ გვერდით ვარ." ანუ აქ საყვარელ ადამიანთან დამოკიდებულება მაინც უფრო ღრმა და სიღრმისეულია. სიყვარული პატივმოყვარეობის დროს ერთი ადამიანი მეორეს როგორც მოსართავს ისე განიხილავს. საუბარი უშუალოდ ზედაპირულ მორთვაზეა. მაგალითდ შემოდის გოგო, რომელიც ერთი შეხედვით არ მოგწონს, მაგრამ ვინაიდან ყველა შენი მეგობარი მის სილამაზეს აღნიშნავს შენ თვლი, რომ მასთან ერთად ყოფნის შემთხვევაში ყველა გაღიარებს. იტყვიან, რომ მაგარი ხარ. როგორც ხვდებით ეს ძალიან ზედაპირული ურთიერთობაა, რამდენადაც უშუალოდ ფიზიკურ მოხდენას გულისხმობს. ჩემი აზრით ამ ურთიერთობას სიყვარულთან არანაირი კავშირი არ აქვს, ყოველ შემთხვევაში იმ ფორმასთან, რომელსაც მე ვაფასებ.

- რა კავშირშია ერთმანეთთან ლტოლვა და სიყვარული?

- კარგი. მოდით მაშინ ჩემს მოსაზრებას გაგაცნობთ იმის თაობაზე, თუ როგორ იქმნება სიყვარული და ყველაფერი უფრო ცხადი გახდება. იმისათვის, რომ სიყვარული დაიბადოს გარკვეული ეტაპებია გასავლელი:

1. აღტაცება - ხედავ ადამიანს და ის იწვევს შენში აღტაცებას, იპყრობს შენს ყურადღებას, გამოარჩევ მას სხვებისგან და ა.შ.

2. აღტაცების შემდეგ თავში მოგდის ერთი ფიქრი. კერძოდ: "ალბათ რა კარგია მისი კოცნა და მისგან კოცნის მიღება". ერთი სიტყვით ჩნდება გარკვეული ფიზიკური ლტოლვა.

3. იმედი - იმედი უკვე სერიოზულად ცვლის სიტუაციას. ადამიანი ფიქრობს, რომ კოცნა არც თუ ისე არარეალურია. რაღაცა ნიშნების საფუძველზე, რომლებიც შესაძლოა სარეთოდაც არ იყვნენ ნიშნები, გიჩნდება წარმოდგენა, თითქოს სიმპათია ორმხრივია. ამ დროს ლტოლვა იმდენად დიდია, რომ ვეღარ მალავ მას, წითლდები, თვალები გიელვარებს, სუნთქვა გიხშირდება. იმდენად დაბნეული ხარ, რომ ენა გებმის და სისულელეებს ლაპარაკობ. ამგვარი მეტყველების მიზეზი ისაა, რომ საუბრისას არ გულისხმობ იმას რასაც ამბობ. გონებაში მხოლოდ ერთი წინადადება გიტრიალებს: "მე შენ მომწონხარ", ან "მე შენ მიყვარხარ". სხვა ნებისმიერი წინადადება აზრსმოკლებულია.

4. სიყვარული დაიბადა!!!

5. იწყება პირველი კრისტალიზაცია - ეს სიტყვა ჩემი გამოგონილია ძალზედ სპეციფიური პროცესის აღსაწერად. ზალცბურგთან ახლოს მარილის მაღაროებში სეირნობისას გადავაწყდი ტოტებს, რომლებიც მემაღაროებმა ზამთრის განმავლობაში იქვე მიაგდეს. მთელი ამ ხნის მანძილზე ტოტებზე გაჩნდა კრისტალები, რის გამოც ტოტი ისეთად აღარ ჩანდა, როგორიც ის სინამდვილეში იყო. მსგავსი პროცესი მიმდინარეობს ადამიანის გონებაშიც. შეყვარებული ადამიანი ვეღარ ხედავს თავისი სიყვარულის ობიექტს ისეთად, როგორიც ის არის სინამდვილეში. გონება ავსებს ყველა ნაკლოვანებას და ქმნის მისგან სრულყოფილებას. შეიძლება გეზიზღებოდეს ადამიანი რომელიც სიგარეტს ეწევა, მაგრამ როგორ შეიძლება გეზიზღებოდეს ის, რომელიც ასე ლამაზად ეწევა მას. შეიძლება გეზიზღებოდეს უხეშობა, მაგრამ შენი სატრფო ყველაზე ნაზი უხეში იყოს და ა.შ.

6. ჩნდება ეჭვი - ეჭვის გაჩენის მიზეზი როგორც წესი მოპირდაპირე მხარის ვერაგი საქციელია. მაგალითად: გაუმხილე ადამიანს შენი გრძნობები. ისიც იგივეს განიცდის, თუმცა თვლის, რომ ჯერ კიდევ ცოტა დრო გავიდა იმისათვის, რომ მან საკუთარი გრძნობები გაგიმხილოს. რას იტყვიან დაქალები? ან თავად შენ ხომ შეიძლება იფიქრო, რომ ის ადვილი მოსაპოვებელია? ამიტომ აუცილებელია მოვლენების განვითარების შენელება. თუკი გუშინ იგი შენს ყვავილებს სიამოვნებით იღებდა, შენი ხუმრობები მას ღიმილს ჰგვრიდა და გრძნობდი, რომ იგი შენს მიმართ გულგრილი არ იყო, დღეს ის გულცივად გხვდება, გამცირებს, უხეშობს და ა.შ. ეს ყველაფერი აღძრავს ეჭვს, მართლა იყო თუ არა ის ნიშნები, რომლებმაც იმედი ჩაგისახეს ნამდვილი, თუ ეს უბრალო ბოროტული თამაშის ნაწილი იყო. თუკი შენ ეჭვი ვერ დაძლიე, თუკი მისი ცივი დამოკიდებულება აუტანლად დამამცირებელი და შეურაცმყოფელია, მაშინ შესაძლოა სიყვარული საერთოდ გაჰქრეს. თუმცა არც ეჭვია დაუძლეველი წინაღობა შეყვარებული ადამიანისათვის. ამისათვის აუცილებელია სიყვარულის დამადასტურებელი ნიშნების პოვნა. ასეთი კი უხვად მოიპოვება. შეიძლება ათჯერ არ გაგიღიმონ მაგრამ ერთხელ შემოგხედონ "სხვანაირად" და ეს შემოხედვა ათივე გულცივობას დაჩრდილავს და გადაწონის. შესაძლოა ათჯერ გადაყარონ შენი ნაჩუქარი ყვავილები(ან, გითხრან რომ გადაყარეს) მაგრამ ერთხელ შენს ნაჩუქარ საყურეებში შენიშნო და მეტი მტკიცებულება აღარც გჭირდება. მას შენ უყვარხარ. სწორედ ამ დროს დგება ბოლო ფაზა.

7. მეორე კრისტალიზაცია - მეორე კრისტალიზაცია არის უკვე დასრულებული პროცესი სიყვარულისა. რაც მთავარია ეჭვი დაძლეულია. ძალიან ძნელია ამ დროს შეყვარებულ ადამიანს ჭკუა მოსთხოვო. საყვარელმა ადამიანმა სტუმრად მისულს სულ ცივი წყალი რომ გადაგასხას და სახლიდან გამოგაგდოს მაინც იფიქრებ, რომ ეს იმიტომ ქნა, ალბათ შეატყო თუ როგორი მთვრალი იყავი და გაგაგრილა. ახსნა ყოველთვის მოიძებნება. სამწუხაროდ ამ დროს აღარ არსებობს არანაირი დამცირება ან შეურაცყოფა, რომელსაც ადამიანი ვერ გადაიტანს. დოსტოევსკის ქალებში შეყვარებულ კაცებთან ვხედავთ ხოლმე ხშირად ამგვარ განცდებს. კარამაზოვები გაიხსენეთ.

- რამდენი დროა საჭირო იმისათვის, რომ სიყვარული დაიბადოს. მეორე კრისტალიზაციის ჩათვლით რა თქმა უნდა?

- ძალზედ ინდივიდუალურია, ასე ხელდასმით ვერ ვიტყვი. ფიქსირებული დრო არ არსებობს. შეიძლება მეორე და მესამე საფეხურებს შორის უფრო დიდი დრო გავიდეს ვიდრე მეექვსე და მეშვიდე საფეხურებს შორის. ძირითადად იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ წარადგენ, როგორ მიაწოდებ თავს სასურველ პიროვნებას.

შესაძლოა ყველაფერი კარგად მიდიოდეს მაგრამ კრისტალიზაცია ყველაზე პატარა დეტალმა შეაჩეროს: შესაძლოა მას არ მოეწონოს თუ როგორ მიირთმევ საჭმელს, ან არ მოეწონოს როგორ იცინი, ცეკვავ და ა.შ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მანდილოსანისთვის ბოროტ ენებს უთქვამთ, შენს სატრფოს ერთი პერანგი ზედიზედ ორი დღე ეცვაო და ამას დაუბრკოლებია კრისტალიზაცია. ვინაიდან ეს პროცესი უდროოა, უგრაფიკო, შესაბამისად მისი დაჩქარებაც შეუძლებელია.

ზოგიერთს ჰგონია, რომ რაც უფრო მეტ ყვავილს მიართმევს საყვარელ ადამიანს, მით უფრო მალე შეიყვარებს ისიც. ეს სისულელეა. თუ კრისტალიზაცია არ შედგა მინდორი რომ აჩუქო მაინც აზრი არ აქვს. როგორც წესი ყველაზე შეუგნებელი ამ მხრივ სიყვარული პატივმოყვარეობის მიმდევრები არიან, რომლებისთვისაც ფსონზე საკუთარი ღირსება დევს. მათ საკუთარი თავი იმდენად მოსწონთ, რომ ვერ წარმოუდგენიათ როგორ შეიძლება ვინმემ უარი უთხრას და იმისაც ეთაკილებათ, სხვები რას იტყვიან წარუმატებლობის შემთხვევაში. თავის თავის სიყვარული არ აძლვთ საშუალებას პრობლემის მიზეზები საკუთარ თავში ეძებონ და შესაბამისად მიზეზს გარე ფაქტორებში პოულობენ.

ლოგიკა მარტივია: თუ კინოში ერთხელ წაყვანამ არ უშველა საქმეს ორჯერ უნდა წაიყვანო და თან პოპკორნიც უყიდო. თუ თაიგულმა არ უშველა უფრო დიდი უნდა აჩუქო. თუ ამათმაც არ უშველეს მერე მძიმე არტილერია უნდა ჩართო .თუ ამის შემდეგაც უარი მიიღე თამამად შეგიძლია მას კახპა უწოდო(აბა მაშინ რას დაგყვებოდა აქეთ-იქეთ) და შესაბამისად მიზეზიც მთლიანად მასში გადაიტანო. შენი სახელი კვლავ ხელშეუხებელი რჩება. გულისამრევია ეს ყველაფერი.

- ოდნავ სხვა კუთხით მინდა საუბარი წავიყვანო. ძალიან ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ სიყვარული გარკვეული დროის მანძილზე ქრება ან ჩვევაში გადადის. როგორ შეიძლება სიყვარულის შენარჩუნება იმ ფორმით, როგორიც ის ურთიერთობის დაწყების პირველ პერიოდშია?

- საინტერესო შეკითხვაა. გარკვეულწილად ჭეშმარიტების შემცველიც. რა თქმა უნდა პირველი პერიოდი ბევრად უფრო მრავალფეორვანი და საინტერესოა, რამდენადაც დიდია ეჭვი(უყვარხარ თუ არ უყვარხარ), რომელიც ყოველწამიერ დაძლევას მოითხოვს. სწორედ ეს ეჭვი არის ის, რაც აიძულებს ადამიანს ჩაიდინოს მრავალი ქმედება, რომელსაც ის ნორმალურ მდგომარეობაში არ ჩადის ხოლმე. თუკი ჩვენ ვაღიარებთ, რომ სიყვარულის მთელი ეშხი ეჭვის გამოვლინებების ყოველწამიერი ჩახშობაა მაშინ ლოგიკურია, რომ იგი განელდება, როგორც კი აღარ იქნება ეჭვი. თუკი მაგალითად ბიჭი აბსოლუტურად დარწმუნებულია იმაში, რომ გოგოს იმდენად უყვარს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მის გვერდით იქნება ეს სიყვარულისთვის დიდი საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს.

თუკი არ არის არაფერი, რაც ბიჭის საქციელს დააბრკოლებს, თუკი არ არსებობს შიში, რომ მას მიატოვებენ მან ყველაფრის უფლება შიეიძლება მისცეს საკუთარ თავს. ერთი მხარის თავხედობასთან ერთად იზრდება მეორე მხარის დაკნინებაც. დროთა განმავლობაში, ყველაფრის მომთმენი ადამიანი მონად გადაიქცევა. მაგრამ რა აზრი აქვს თუკი შენ მონას უყვარხარ? მას სხვა გზაც არ აქვს. კოცნა სხვისი თავისუფალი ნება უნდა იყოს, თორე მონას უბრძანებ და გაკოცებს. სიყვარულის მთავარი არსი ხომ ორი თანასწორი ადამინის ურთიერთობაა და არა ბატონისა და ყმისა.

სამწუხაროდ ძალიან ბევრი მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება ამ მხრივ პიროვნების განადგურება. უყვარდებათ მხიარული, მომღერალი, მოცეკვავე, მოსიყვარულე არსება და მას შემდეგ რაც "თავისად" მიიჩნევენ საკუთარი კომპლექსების გამო იწყებენ მის განადგურებას. უკრძალავენ ცეკვას, სიმღერას, ადამიანებთან ურთიერთობას და ა.შ. მარტივად უნდა დაისვას საკითხი: თუ არ მოგწონდა ისეთი, როგორიც შეიყვარე მაშინ რად გინდოდა. პირდაპირ მოგეყვანა ცოლად ის ვინც არც მღერის, არც ცეკვავს, არც მხიარულია და საერთოდ არანაირ პრობლემას არ შეგიქმნის არასდროს.

აქ ეჭვი მაქვს სიყვარულზე არც კი არის საუბარი. ან რა სიყვარულზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც ამ დისკურსში ქალი განიხილება როგორც "მონაპოვარი", სამმაგი მნიშვნელობით. როგორც ნივთი, რომელსაც მოიოპოვებ, როგორც მონა და როგორც პოვარი. ჩვენ არცერთი არ გვიყვარს ხოლმე. ჩვენ მათ ვიყენებთ სხვა მიზნებისთვის. კიდევ ერთხელ გავმეორდები: ადამიანი თავისი არსით არის თავისუფალი და სწორედ მის თავისუფლებაში უნდა ვეძებოთ სიყვარული. ჩვენ ის კი არ უნდა დავამსხვრიოთ და "ჩვენს ჭკუაზე მოვიყვანოთ" არამედ ისეთად უნდა შევიყვაროთ როგორიც ის არის. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამინი არ არის სრულყოფილი არსება და ცხოვრების მანძილზე გამუდმებით იცვლება. ჩვენ არ უნდა შევაფერხოთ საყვარელი ადამინი განვითარების გზაზე, არამედ ხელი შევუწყოთ მას გამოამჟღავნოს ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც ის ფლობს. სამწუხაროდ ბევრი სხვა გზას ირჩევს. ურჩევნიათ გვერდით "ყავდეთ" მონა და იყვნენ მშვიდად, ვიდრე უყვარდეთ ადამინი და შფოთავდნენ. სუსტია ადამინი.

ისევ გავცდი თემას. შეკითხვას რომ დავუბრუნდე. თუკი ჩვენ გვსურს, რომ შევინარჩუნოთ სიყვარული აუცილებელია, რომ ორივე მხარე ერიდოს დამონებას. მუდმივად უნდა არსებობდეს დაკარგვის საშიშროება და ეჭვი. შესაბამისად ორივე მხარე მუდმივად უნდა ცდილობდეს საყვარელ ადამიანში ამ ეჭვის ჩახშობას და მხოლოდ ამ გზით შეიძლება სიყვარულისთვის იმ საინტერესო ელფერის შენარჩუნება, რომელიც მას პირველ პერიოდში აქვს. ეს უნდა იყოს მუდმივი პროცესი ახალ ახალი ეჭვების ჩახშობისა.

უნდა ავღნიშნო, რომ ბავშვობაში მუდმივად მაღიზიანებდა ამგვარი მიდგომა საკითხისადმი: "თუ იმ მტირალა კაცს მომიყვან მაშინ შენი ვიქნები" ან "თუ მამაჩემისთვის უკვდავების ვაშლს მომიტან . . ." ან "დრაკონს თუ მოკლავ " საერთოდ რა შუაშია "თუ". ხომ არ შეიძლება ადამიანი მუდმივად მტირალა კაცებს, ვაშლებს და დრაკონებს დაზდევდეს რათა შენ სიყვარული დაგიმტკიცოს. ეს ხომ ერთჯერადი აქციაა და . . . მერე რა. ფორმიდან თუ ამოვარდი სიყვარული გაქრება? როგორც ჩანს კი. ფორმიდან, რომ არ ამოვარდეთ, ამისთვის როგორც ზემოთ ავღნიშნე ფანტაზიაა აუცილებელი.

- ფანტაზია უკვე ახსენეთ და უფრო კონკრეტულად ხომ არ შეგიძლიათ განმარტოთ თუ რა კონტექსტში გულისხმობთ მას.

- ფანტაზია გვაძლევს საშუალებას გავამრავალფეროვნოთ გარემო. მრავალფეროვნება ასაზრდოებს სიყვარულს, ერთფეროვნება კი კლავს. შეიძლება მაგალითად ადამიანმა ერთვი კვირის განმავლობაში საღამოობით კინოს უყუროს საყვარელ ადამიანთან. რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია, მაგრამ გაზარდეთ ეს პერიოდი თვემდე ან წელიწადამდე. დარწმუნებული ხართ, რომ სიყვარული ამ გზით შენარჩუნდება? ხშირად ინიციატივების არარსებობას ფინანსურ კრიზისს უკავშირებენ ხოლმე. სინამდვილეში დიდი ფინანსები არც არის საჭირო ფანტაზიის ხელშესაწყობად. პარკში სეირნობა უფასოა, სპექტაკლებზე დასწრება არც თუ ისე ძვირი და ა.შ. მთავარი მაინც მონდომებაა.

- სამწუხაროდ ჩვენი დრო იწურება. რამეს ხომ არ დაამატებდით?

- ორ რამეს დავამატებდი თემასთან დაკავშირებით.

1. გარიგებით ქორწინება დაკანონებული პროსტიტუციაა. არ შეიძლება მოიყვანო ადამიანი ცოლად, რომელიც არ გიყვარს. ეს უნდა მეთქვა. და

2. ადრეულ ასაკში გათხოვება აბსოლუტური სისულელეა და ამას მარტივად დაგიმტკიცებთ ჩემს მიერ ზემოთ განვითარებული ლოგიკის საშუალებით. თუკი ადამიანს არ აქვს გამოცდილება, არ განუცდია მარცხი, თუ იგი არ მოუტყუებიათ მაშინ მას არ შეიძლება ეჭვი გაუჩნდეს რაღაცის მიმართ. თუ ეჭვი არ არსებობს არ არსებობს სიყვარულიც. 14-15-16-17-18 წლის ასაკში საიდან შეიძლება იყოს ვინმე დარწმუნებული იმაში, რომ საყვარელი ადამიანი არის ერთადერთი და განუმეორებელი.

მიუხედავად იმისა, რომ რომეოსა და ჯულიეტას ამბავი როგორც ჭეშმარიტი სიყვარულის არსებობის მტკიცებულება ისე განიხილება(თუნდაც ჩემს მიერ), არასდროს გიფიქრიათ იმაზე რას იზამდა ჯულიეტა გათხოვებიდან ორი წლის შემდეგ როდესაც რომეოს გარდატეხის ასაკში ხმა გამოეცვლებოდა და მის სახეს მუწუკები დაფარავდნენ? ან როდესაც იგი მთვრალი მოვიდოდა სახლში და ჭურჭლის ლეწვას დაიწყებდა?

ამდენად ჩემი პოზიცია შემდეგია: საჩქარო არაფერია. თუკი ჩვენ კარგად ვგრძნობთ თავს ვინმესთან ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დღესვე ჩირაღდნით გავიქცეთ რუბიკონისკენ და გადავწვათ იგი. სიყვარულს, როგორც ნებისმიერ ურთიერთობას სჭირდება მუშაობა მთავარია არ დავიზაროთ. თუ დაგვეზარა, ეს იმის ნიშანია, რომ არც გვყვარებია და ამ დროს დროულად წასვლა ბევრად უფრო ჰუმანურია ვიდრე მოჩვენებით სიყვარულში ცხოვრება. ამდენად ნუ ვიქნებით ყალბები პირველ რიგში საკუთარ თავთან. ეს ზოგადად ცხოვრების მთავარი წესია და განსაკუთრებით ეხება ისეთ ფაქიზ გრძნობას, როგორიც სიყვარულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100