მივმართავ უკრაინელ ხალხს, ღარიბაშვილის განცხადება არ შეესაბამება იმ განწყობას, რომელიც ქართველ ხალხშია - გახარია
"საქართველოსთვის" ლიდერი და ყოფილი პრემიერი, უკრაინასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ მისი განცხადება ქართველი ხალხის განწყობას არ შეესაბამება.
გახარია წერს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ქართველი ხალხის ერთობას არ უერთდებიან მტრის წისქვილზე ასხამენ წყალს.
"საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად დაღუპული გმირების პატივისცემა ჩვენ ახალ მისიას გვაკისრებს! ჩვენ უნდა შევძლოთ გაერთიანება იმ დიდი ეროვნული იდეის გარშემო, რასაც წარმოადგენს დამოუკიდებელი, ძლიერი, სამართლიანი და დემოკრატიული ქართული სახელმწიფო. როგორიც არ უნდა იყოს საქართველოს მოქმედი მთავრობის პოზიცია, ქართველი ხალხის ეროვნული თავმოყვარეობა არსად გამქრალა, ღირსება არ დაგვიკარგავს და კვლავ ჩვენი ღირებულებების ერთგული ერი ვართ!
მივმართავ უკრაინელ ხალხს - საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება არ შეესაბამება იმ განწყობას, რომელიც ქართველ ხალხშია. ქართველი ხალხი დგას უკრაინელების გვერდით. ის ადამიანები კი, რომლებიც ამ ერთობას უთხრიან ძირს, აგრესორის წისქვილზე ასხამენ წყალს და აუცილებლად აგებენ პასუხს", - წერს გახარია.
ცნობისთვის, ღარიბაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება და ეს გადაწყვეტილება "ეროვნული ინტერესებით" ახსნა. ასევე, თქვა, რომ უკრაინაში ჩასვლას არ აპირებს: "უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრისმომცემია".
ამასთან, პრემიერი ამტკიცებს, რომ "არავითარი საფრთხე საქართველოს არ ემუქრება" და განვითარებული მოვლენების ფონზე, არც უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევას აპირებს: "პიარით უსაფრთხოების საბჭოს გამართვა და შოუს დადგმა ჩემი ხელწერა არაა, საქმეზე ვფიქრობ".
ღარიბაშვილის ამ განცხადებებს უკრაინის რადას დეპუტატი, გონჩარენკოც გამოეხმაურა: "არა უშავს ირაკლი. როდესაც ომი მორჩება და ჩვენს ცაზე სამგზავრო თვითმფრინავები იფრენენ, შეგიძლია მერეც არ ჩამოხვიდე".
კომენტარი