შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტთან აქციები დღეიდან განსხვავებული ფორმატით გაგრძელდება
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციები დღეიდან განსხვავებული ფორმატით გაგრძელდება.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი საზოგადოებას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ონლაინ-გადაცემებს შესთავაზებენ. გუშინ კი პროტესტის 32-ე დღეს სიტყვით გამოსვლების პარალელურად გაიმართა „ფლი მარკეტიც“, სადაც 40-მდე სტარტაპერმა გასაყიდად საკუთარი პროდუქცია წარადგინა.
ორგანიზატორების განცხადებით, შემოსული თანხის ნაწილი აქციის ორგანიზებას მოხმარდება.
შეგახსენებთ, რომ ყოველდღიური აქციებით საზოგადოების ნაწილი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნა დღის წესრიგში 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების - აქციის ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშლის შემდეგ დადგა.
კომენტარი