„ცხოვრება გაფანტულ სკლეროზთან ერთად“ - ფოტოებზე ასახული პაციენტების შეგრძნებები
კამპანიის „ერთად ერთმანეთისთვის“ ფარგლებში ფოტოპროექტის პრეზენტაცია გაიმართება
5 ივნისს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“
გაფანტული სკლეროზის
მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ფოტოპროექტის „ცხოვრება გაფანტულ სკლეროზთან ერთად“
პრეზენტაცია გაიმართება.
ფოტოპროექტი კამპანიის
„ერთად ერთმანეთისთვის“ ფარგლებში შეიქმნა და მიზნად ისახავს გაფანტული სკლეროზის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა
და დაავადების სიმპტომების ინფორმირებულობას. ფოტოპროექტის ავტორია ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი, რომელმაც პაციენტების შეგრძნებები ფოტოებზე გადმოსცა.
პრეზენტაციას დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტთა კავშირის წევრები
და წამყვანი ნევროლოგები, რომლებიც სახელმწიფოსა და საზოგადოებას პროექტში აქტიურ ჩართულობასა და ადექვატური მკურნალობის
ხელმისაწვდომობაზე მიანიშნებენ. ღონისძიებაზე ასევე მოწვეული არიან ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის,
თბილისის საკრებულოსა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები.
მნიშვნელოვანია, რომ გაფანტული სკლეროზის საინფორმაციო კამპანიის „ერთად ერთმანეთისთვის“ ფარგლებში, დაგეგმილია კვირეული, რომელსაც თბილისის შემდეგ, 7 ივნისს, ბათუმი უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ 30 მაისს, მსოფლიო გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, კამპანიას საქართველო
შარშან შეუერთდა. მომზადდა ვიდეო რგოლიც, რომლის ძირითადი მონაწილეები იყვნენ პაციენტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, რომლებიც ერთად მოუწოდებდნენ სახელმწიფოს მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ პაციენტებისთვის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისა და უნარების შეზღუდვის
პროგრესირების შემცირების მიზნით. ერთი წლის თავზე, პაციენტები კვლავ დაფინანსების მოლოდინში არიან.
ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის შესახებ:
გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში დაახლოვებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული ამ პათოლოგიით. პირველი სიმპტომები უპირატესად 20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდებში
მნიშვნელოვანია, რომ დაავადების ყველა ფორმის დროს ძალიან საყურადღებოა დაავადების აქტივობა - ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები, რომელსაც თან სდევს თავის ტვინის ნერვული უჯრედების დაღუპვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც კი თუ პაციენტს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება. გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ მოწოდებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირების დაავადების აქტივობას და უნარშეზღუდულობის პროგრესირებას.
კომენტარი