არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის განცხადება
ვადასტურებთ, რომ რამდენიმე შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან არაალკოჰოლური სასმელების მარკირების საკითხთან დაკავშირებით გაიმართა გასული წლების განმავლობაში. თუმცა, ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ მინისტრის პოზიცია იმ პერიოდში ემთხვეოდა ჩვენს პოზიციას, რაც გვაძლევდა იმის ფიქრის საშუალებას, რომ საკითხი გადაწყდებოდა ისე, რომ არც ერთი მხარე, საუბარია ბიზნეს სექტორზე და სახელმწიფოზე, არ იზარალებდა მიღებული გადაწყვეტილების შედეგად.
იმ პერიოდში ფინანსთა სამინისტროსთვის პრობლემას მხოლოდ „სიქპასთან“ დადებული ხელშეკრულება წარმოადგენდა, რომლის დარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა დამდგარიყო სახელმწიფოს მხრიდან უცხოური კომპანიისთვის ზარალის ანაზღაურების საკითხი. ჩვენ, არაალკოჰოლური სასმელების ასოციაციაში შემავალმა კომპანიებმა, დავიქირავეთ ავტორიტეტული იურიდიული კომპანია „დექერტი“, რომელმაც შეისწავლა არსებული კონტრაქტი და დადო დასკვნა, რომ სახელმწიფოს შეეძლო სულ მინიმუმ ყოველგვარი პასუხისგების თეორიული რისკის გარეშეც კი შეენარჩუნებინა სტატუს-კვო, ანუ არც მარკირების შესახებ არსებული ზოგადი რეგულაცია არ გაეუქმებინა, მაგრამ არც მარკირების ამოქმედების კონკრეტული თარიღი განესაზღვრა. ხოლო მაქსიმუმის სახით, სახელმწიფოს შეეძლო საკმაოდ დაბალი რისკებით მოეხდინა ცვლილება კანონში და გაეუქმებინა არააქციზური საქონლის მარკირების შესახებ ჩანაწერი, ასევე კანონქვემდებარე აქტების ის პაკეტი, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერს მოყვა. ამ უკანასკნელი ოფციის განხორციელებისას, სახელმწიფოს ერთადერთი რისკი იქნებოდა ის, თუ კანონმდებლობის ცვლილება წარმოშობდა სიქპას გაზრდილ დანახარჯებს, მაგრამ ვინაიდან არააქციზური საქონლის მარკირება არასდროს ამოქმედებულა, რაიმე გაზრდილ დანახარჯზე შეუძლებელია იყოს საუბარი. ამასთან, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების უფლება სიქპას პირდაპირ აქვს ხელშეკრულებით ჩამორთმეული და ამ საკითხზე საერთოდ უნდა შეწყდეს კამათი.
აღნიშნული დასკვნა, 2015 წლის ივნისის თვეში მივაწოდეთ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.
გაკვირვებას და გაუგებრობას იწვევს ფინანსთა მინისტრის შეცვლილი პოზიცია. დღეს მას, თუკი მის სიტყვებსვე გავიმეორებთ, მიაჩნია, რომ მარკირება უნდა ამოქმედდეს ისედაც მოწესრიგებული აღრიცხვიანობის გადამოწმების მიზნით და რომ ეს კანონი მოქმედებს ცივილიზებული მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ჩვენ ვერ დავეთანხმებით ვერცერთ მის არგუმენტს.
ზემოთ აღნიშნული გარემოება, ნათლად გვაჩვენებს, რომ აუცილებელია პრემიერ - მინისტრთან არაალკოჰოლური სასმელების ასოციაციის წევრების შეხვედრა, რათა ბიზნესს მიეცეს საშუალება არგუმენტირებულად დაასაბუთოს საკუთარი მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ არაალკოჰოლური სასმელების სავალდებულო ელექტრონული მარკირების შემოღება დაუშვებელი, არასამართლიანი და არარაციონალურია და იგი ეწინააღმდეგება როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფოს ინტერესებს.
კომენტარი