მინისტრობის კანდიდატი: რატო მისვავთ ეგეთ შეკითხვას, სასამართლოა თუ რა არი, ჰა?
ივანიშვილის დევნილთა მინისტრობის კანდიდატი, დავით დარახველიძე კვლავ ჩვეულ სტილში განაგრძობს მედიასთან ურთიერთობას. შევარდნაძის ყოფილი გუბერნატორი რაჭაში, რომელიც „ოცნებაში“ ეროვნული ფორუმის „კვოტით“ მოხვდა, ჟურნალისტებთან ახლა „სანაძლეოებზე“ ალაპარაკდა.
გავრცელებული ვიდეო-კადრების თანახმად, ის ქსენოფობიურ განცხადებებს აკეთებს და ჟურნალისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. კადრები ინტერნეტ-ტელევიზია „აიტივიმ“ გაავრცელა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი, ბიძინა ივანიშვილს, გუშინ მისი კანდიდატურის გადახედვა ურჩიეს. თუმცა, კოალიციის ლიდერი ამ დრომდე დუმს...
მიუხედავად ჩვენი მრავალგზის მცდელობისა, დარახველიძისგან ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე: თუ ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გავრცელებული ვიდეო-კადრები მონტაჟი და ფაბრიკაცია არაა, როგორი იქნება მისი პოზიცია.
ყოველგვარი შესწორება-შელამაზების გარეშე გთავაზობთ ინტერვიუს შევარდნაძის ფავორიტ დავით დარახველიძესთან, რომელსაც ქსენოფობიაში, ჟურნალისტების შეურაცხყოფასა და კორუფციაში ადანაშაულებენ.
„დრონი.ჯი“: ბატონო დავით, თქვენ ამტკიცებთ, რომ ის კადრები, სადაც ქსენოფობიურ განცხადებებს აჟღერებთ, დამონტაჟებული და „მიწებებულია“... თუ კადრებს ექსპერტიზა ჩაუტარდება და აღმოჩნდება, რომ არ არის მონტაჟი, იტყვით თუ არა, უარს, მინისტრის თანამდებობაზე?
დავით დარახველიძე: თქვენ ვისი დავალებით რეკავთ?
- ბატონო დავით, არასამთავრობო ორგანიზაციები ივანიშვილს მოუწოდებენ, რომ უარი თქვას თქვენს კანდიდატურაზე, აუცილებლად ვინმემ უნდა დაგვავალოს თქვენთან დარეკვა?
- რატო მისვავთ ეგეთ შეკითხვას, სასამართლოა თუ რა არი ჰა? სანაძლეოს მიდებთ თუ რა არი? დამონტაჟებული რო არი, ეჭვი გეპარებათ?
- თუ ექსპერტიზა დაადასტურებს, რომ კადრები დამონტაჟებული არ არის და აღმოჩნდება, რომ ცრუობთ...
- არ ვაკეთებ კომენტარს, აღარ დამირეკოთ მეტი, კარგი?
- ბატონო დავით, თქვენ ამტკიცებთ, რომ გავრცელებული კადრები დამონტაჟებული და კონტექსტიდან ამოღებულია. გეკითხებით, თუ ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ კადრები დამონტაჟებული არ არის, როგორი იქნება თქვენი პოზიცია?
- რატო მაყენებთ შეურაცხყოფას? რას მენიძვალები ვერ გავიგე...
- ბატონო დავით, კითხვაზე კონკრეტულად გვიპასუხეთ - თუ დადასტურდა, რომ ის კადრები არანაირი ფაბრიკაცია არაა...
- მაშინ მოხდება ის, რაც უნდა მოხდეს. თქვენ რა, პირობას რატო მადებინებთ ვერ გავიგე. სანაძლეოა ეს, თუ რა არი. რა სტილია ეგეთი...
- ბატონო დავით, თქვენ ხომ მინისტრობის კანდიდატი ხართ... რა შუაშია „სანაძლეო“ და „სტილი“? კითხვა დაგისვით...
- რაშია საქმე, რა გნებავთ. ხოდა, ნუ მეკითხებით ესეთ რამეს, თან ტელეფონით, თან იწერთ ჩემ საუბარს და თან რაღაც სანაძლეოს მიდებთ, დიდი მადლობა, დაუკავშირდით პრესსამსახურს, ვაა...
(დარახველიძის ქსენოფობიური განცხადებები იხილეთ აქ)
(დარახველიძე ჟურნალისტს: მოგაძრობ მაგ თავს, გადავაგდებ და გაგწიხლავ, იხილეთ ვიდეო)
(დარახველიძე ტანკსა და იარაღზე ოცნებობს, იხილეთ ვიდეო)
(დარახველიძეს კორუფციაში ადანაშაულებენ, იხილეთ ფაქტები)
(იხილეთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა)
კომენტარი