სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გოდერძი ჩოხელი „რატომ ტირის ადამიანი?“

– რა გატირებს?

– რაღაც გამახსენდა.

– მაინც?

– აი, ეხლა ორმა კაცმა ჩამოიარა და რატომღაც გამახსენდა, რომ ამ კაცებმა ოდესღაც
ზუსტად აქ ჩამოიარეს.

– მერე რა გატირებს?

– ხშირად მემართება ესეთი რაღაცები. ხშირად ვაკეთებ რაღაცას და რატომღაც მგონია, რომ ოდესღაც ეს უკვე იყო.

– ეგ მეც მემართება, რა არის მანდ სატირალი?

– რა და, მეშინია როდესმე კიდევ ასე რომ განმეორდეს ჩემი ცხოვრება.

– გინდა შენზე მოთხრობა დავწერო?

– არ მინდა.

– რატომ?

– შენს მოთხრობებში ყოველთვის კვდებიან.

– მერე შენ ამის არ გეშინია?!

– შენ არ გეშინია?!

– რისი უნდა მეშინოდეს?!

– დასასრულის.

– დასასრული არ არსებობს.

– როგორ თუ არ არსებობს?!

– ისე, რაიმეს დასასრულში ყოველთვის დასაწყისი დგას.

– მაშ, რატომ წერ ნაღვლიანად, როცა შენი მოთხრობის გმირები კვდებიან?

– რა ვიცი, მაინც მეცოდებიან.

– თუ გეცოდებიან მაშინ რატომღა კლავ?

– კვდებიან და რა ვქნა. წესით არ უნდა ვნაღვლობდე.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ყოველი არსი თვითონ ეძებს თავის დასასრულს. ესაა მიზანი, მაგრამ ხომ გითხარი დასასრული არ არსებობს მეთქი.

– მაშ რატომ ტირიან ადამიანები?

– ეშინიათ და იმიტომ.

– რისი ეშინიათ?

– დასაწყისის. ცისაც არ ეშინია, ის არც ტირის.

– მაგრამ სხვა როცა ტირის სხვის სიკვდილს?

– თავის თავი ჰყავს მის ადგილას წარმოდგენილი. მკვდარი არ ტირის იმიტომ, რომ სიკვდილი უკვე დასაწყისია.

– იქნებ მაგიტომ არ ტირიან?!

– მაშ, რატომ?

– შეიძლება სხვაგნიდან ვართ მოსული და რაკი ვეღარ წავედით ტირილითაც იმიტომ ვტირით, აქ რომ ვრჩებით.

– ეგ რამ გაფიქრებინა?

– ეკლესიებმა. ხედავ როგორ არის ზოგი აშენებული?! ცაში ასაფრენად გამზადებულ რაკეტას ჰგავს. ჩვენ შიგნით შევდივართ და ვლოცულობთ. რატომ? იქნებ ისევ ცაში ამაღლება გვიდა და რომ არაფერი გამოგვდის და მიწას ვაბარებთ ერთმანეთს – ვტირით.

– მაგრამ რატომ არ განმეორდა?

– რა?

– შენ ხომ თქვი, რომ შენში რაღაცები მეორდება. რატომ არ განმეორდა ციდან აქ მოსვლა?

– შეიძლება ოდესმე ისიც განმეორდეს.

– და თუ განმეორდა, მაინც იტირებ?

– არ ვიცი. მე საერთოდ არ ვიცი რატომ ტირის ადამიანი.

– იმიტომ რომ თავისუფლება უნდა.

– მერე აღარ იტირებს?

– არა. თავისუფალ კაცს დასაწყისისა არ ეშინია.

– დაწერე რა.

– რა?

– მოთხრობა დაწერე ჩემზე.

– შენც რომ შემომაკვდე ბოლოს?

– არა. იცი როგორ დაწერე?

– როგორ?

– ვიცხოვრე დედამიწაზე, დიდხანს ვიცხოვრე, დაახლოებით ას წელს.

– მერე?

– ამ ასი წლის განმავლობაში ხშირად ისეთ რაღაცებს ვაკეთებდე, რაც ოდესღაც გაკეთებული მქონდა.

– მერე?

– ერთ დღეს ციდან ოქროსფერი ხომალდი მოფრინდა. მე გამახსენდა, რომ ამ ხომალდს უნდა წავეყვანე. ჩავჯექი და წავედი ცაში. დაწერ?

* * *

დავწერე…

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100