სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნათია ფანჯიკიძე:სანამ გონში ჩავვარდებოდი გამფატრეს, თირკმლიდან ფილტვამდე სიგრძის ჭრილობა დამასვეს

აი რას წერს ირაკლი ალასანიას ცოლი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში:

ეს ამბავი ერთი კვირის წინ შემემთხვა და დაწერას არ ვაპირებდი, ვწერ იმიტომ, რომ დღეს ერთ ჩემს ახლობელს მსგავსი სიტუაცია ჰქონდა, ექიმმა შეჭყიტა მის პრობლემას გამჭრიახი თვალით და არანაირი "ზედმეტი" კვლევა საჭიროდ არ ჩათვალა, ისე დაუგეგმა ოპერაცია. ენდო თავის ოქროს ხელებს და გრანდიოზულ გამოცდილებას, ალბათ მესამე თვალსაც, რომელიც, როგორც ჩანს, ყველა თანამედროვე ტექნოლოგიაზე სანდოდ მიაჩნია.
მოკლედ, ძალიან ფრთხილად იყავით და არ ენდოთ ექიმებს, რომლებიც სწრაფი რეაქციით და ხშირად თქვენი მზადყოფნის და თანხმობის გარეშე წყვეტენ თქვენი სხეულის ბედს, ავტორიტარული და თანაც ხშირად ბრაზიანი ტონით და ქმედებით. ჯერ დასვით ასიათასი კითხვა და მხოლოდ ამის მერე გაწექით დასაკლავი საქონელივით.
ერთი კვირის წინ, სანამ გონში ჩავვარდებოდი და რამეს "ზედმეტს" ვიკითხავდი, გამფატრეს. თირკმლიდან ფილტვამდე სიგრძის ჭრილობა დამასვეს და ზედ კოხტა 18 ნაკერიც მიმამაგრეს, აი ისეთი, ძველ ფეხსაცმელს რომ გაკერავ რუდუნებით თავმოყვარე საპოჟნიკი. რატომ გამჭრეს, იყო თუ არა საჭირო ამხელა ტრავმა, ერთ კვირაში გავიგებ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, მთავარი ის არის, რომ გადაწყვეტილების მიღების შანსი არ მომცეს. არანაირი გადაუდებელი შემთხვევა ეს არ იყო და სრული უფლება მქონდა, აუცილებელიც რომ ყოფილიყო ფატვრა, ერთი დღე მაინც დავფიქრებულიყავი, მინდოდა საერთოდ ეს ამბავი, თუ არ მინდოდა.
არანაირ დეტალს, გვარებს, სახელებს და ა.შ. არ ვასახელებ. ვითვალისწინებ რა, რომ მათ ჩემთვის ცუდი არ უნდოდათ. პირიქით, თვლიან, რომ მიშველეს. უბრალოდ მინდა ვთქვა, სოციალური რეფორმა გადასარევია, - ამ სტრესში ფულიც რომ გადამეხადა, უსამართლობა იქნებოდა, მაგრამ ჯანდაცვის სფეროში თუ სტანდარტები მკაცრად არ იქნება დაწესებული, ელემენტარულად ოპერაციის წინ წნევის გაზომვა მაინც თუ არ იქნება სავალდებულო, მუქთი კუბო ნაკლები შეღავათია. სუდარაში გახვეულიც რომ დამკრძალონ, სულ არ ვარ პრეტენზიული, უსინდისო ვიყო, თუ ვიწუწუნო. აგერ არა ხართ? რომ მოვკვდები, ჩემს ხმას თუ გაიგებთ, გამახსენეთ, აკი მუხა არ გინდოდაო?
ჩემი ძალიან დიდი თხოვნა და სურვილია, ამდენი კეთილი საქმის კვალდაკვალ, იქნებ ჯობდეს, ფინანსდებოდეს მძიმე და ხარჯიანი შემთხვევები და ფინანსდებოდნენ განსაკუთრებით ღარიბი ოჯახები სრულად, დანარჩენ შემთხვევაში, ვისაც გადახდა შეგვიძლია, ელემენტარული საჭიროებებისთვის თანხა თვითონ გადავიხადოთ და მოხმარდეს ეს რეანიმაციების აღჭურვას, მორფოლოგიის დახვეწას, რაიონების კლინიკებში აპარატურის შეტანას, მერე ამ აპარატურის მოხმარების სწავლებას, სტანდარტის დანერგვას და ა.შ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100