პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ ექაჩება, დასაჭერია
ეროვნული მოძრაობა იატაკქვეშეთიდან 1987 წლიდან გამოვიდა, როცა გორბაჩოვის ხელისუფლებამ უარი თქვა რეპრესიებზე, შესაძლებელი გახდა პოლიტიკურ მოქმედებათა ლეგალიზაცია.
მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გია ჭანტურია, თამარ ჩხეიძე და მე ვიყავით დისიდენტები და პოლიტპატიმრები, როცა დაიწყო ეროვნული მოძრაობა, ბევრი ისეთი ლიდერი გამოჩნდა, რომელიც არ იყო პოლიტპატიმარი, მაგალითად, ზურაბ ჭავჭავაძე, ირაკლი ბათიაშვილი, მაგრამ მალე გახდნენ პოპულარულები.
1989 წლის 9 აპრილიდან სადღაც ხუთ თვეში გარდაიცვალა მერაბ კოსტავა, ის იყო გამორჩეული ნიჭის ადამიანი, ითვლებოდა გაუტეხლობის, დაუჩოქებლობის ციოცხალ სიმბოლოდ, მისი სიკვდილით ერთი დიდი სიკეთე დამთავრდა საქართველოში.
მისი სიკვდილის შემდეგ ფილარმონიაში ჩატარდა ეროვნული მოძრაობის დიდი ყრილობა, დაფუძნდა ეროვნული ფორუმი, რომელსაც უნდა ჩაეტარებინა ეროვნული კონგრესის არჩევნები.
ეროვნულ ფორუმში მოხდა განხეთქილება. ზვიად გამსახურდია და სხვა პარტიები მასთან ერთად გავიდნენ ფორუმიდან. დაპირისპირება გამწვავდა ფორუმში დარჩენილ და გასულ ძალებს შორის. ფორუმიდან გასულმა ძალებმა ჩამოაყალიბეს ,,მრგვალი მაგიდა’’, მონაწილეობა მიიღეს უზენაესი საბჭოს არჩევნებში და გაიმარჯვეს. დაპირისპირება მაინც არსებობდა, დაიჭირეს ჯაბა იოსელიანი და მხედრიონელები.
ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას ვაკრიტიკებდით არასაკმარისი დემოკრატიულობის გამო. უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონები, რომ ვთქვა, ცუდი იყო, არ ვიქნები მართალი, დაპირისპირება განსაკუთრებით გამწვავდა ჭანტურიას, ხაინდრავას და სხვა პირთა დაპატიმრების გამო.
ამ ყველაფერს მოჰყვა შეიარაღებული დაპირისპირება. ჩემი შეფასებით ეს იყო ძმათამკვლელი სამოქალაქო ომი, რომელიც დასრულდა არჩეული კანონიერი ხელისუფლების დამხობით. ორ სექტემბერს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიტინგის დარბევის შემდეგ ჩვენ ჩავერთეთ საპროტესტო აქციებში.
მოსკოვის პუტჩის შემდეგ ეროვნული გვარდიის ნაწილი შავნაბადაზე გავიდა და ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას სამხედრო დაუმორჩილებლობა გამოუცხადა.
ამ მოვლენებმა გააქტიურა კომუნისტები, რომლებიც მანამდე ყველას მკვდრები ეგონა, ამანაც დიდი როლი ითამაშა გამსახურდიას დამხობაში.
მე თბილისიდან გავედი 8 ოქტომბერს და დავბრუნდი 11 იანვარს, როცა ზვიადი უკვე აღარ იყო თბილისში. მე მართალია, ვაკრიტიკებდი ზვიადს, მაგრამ ჩვენს შორის არასოდეს გამწვავებულა ურთიერთობები. როცა ზვიადი ჩამოვიდა ზუგდიდში, შევარდნაძის ხელისუფლების დროს უკვე დაწყებული იყო კრემლის მიერ სამაჩაბლოსა და აფხაზეთში ომი.
სანამ ზვიადი იყო პრეზიდენტი, საქართველოს იურისდიქცია ამ ტერიტორიებზეც ვრცელდებოდა, ზვიადს საქართველო დსთ-ში არ შეუყვანია, ზვიადის დამხობის შემდეგ იწყება ომი, რომელიც ქართველთა დამარცხებით მთავრდება და დსთ-ში საქართველოს შეყვანით.
ზვიადის პოზიციები ამ პროცესებმა დიდად განამტკიცა. ზვიადს არ აცალეს, რომ გარკვეული პროცესები ბოლომდე მისულიყო. აშშ მაშინ აქტიურად ვერ ერეოდა კავკასიის საკითხებში, როგორც დღეს ერევა.
ზვიადთან შედარებით დღევანდელ ხელისუფლებას უფრო ახლო ურთიერთობა აქვს დასავლეთთან. ზვიადს უნდა მოეხერხებინა, რომ დასავლეთთან მეტ კონტაქტში შესულიყო. არ შეიძლება როცა რუსეთს ებრძვი, ამერიკაც გადაიკიდო.
დუდაევი მექაში ჩავიდა და განაცხადა, რომ მაჰმადიანური სამყარო გავერთიანდით ამერიკისა და რუსეთის წინააღმდეგო. ზვიადმაც დაუშვა შეცდომები და დასავლეთმაც ერთმანეთთან ურთიერთობაში.
პირველი არჩეული კანონიერი პრეზიდენტი იყო და აშშ-ს უნდა ეცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. ზედმეტად გაუგორა კოჭი დასავლეთმა რუსეთს.
ამის გამო შეიძლება განაწყენდა ზვიადი დასავლეთზე. ზვიადის გარემოცვაში იყვნენ ბნელი ძალები, რომლებმაც ზვიადიც დააზარალეს და საქართველოც.
ოპოზიციამაც დაუშვა შეცდომები და ზვიადმაც, მაგრამ ფაქტია, რომ იარაღის ძალით მოხდა კანონიერი ხელისუფლების დამხობა. როგორც კი დაიწყო სამხედრო დაპირისპირება, ზვიადი ვალდებული იყო მყისვე აღეკვეთა.
როცა ქვეყანაში თავს იჩენს სამხედრო ამბოხის მცდელობა, და დაუმორჩილებლობა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფილების მიმართ, უნდა იქნეს აღკვეთილი.
ოპოზიციის პროტესტი დანაშაული არ იყო, მაგრამ სამხედრო ამბოხი საკუთარი პრეზიდენტის მიმართ დანაშაულია. თუ ჯარისკაცს არ მოსწონს პრეზიდენტი, უნდა გაიხადოს სამხედრო ფორმა, წავიდეს ჯარიდან და გადავიდეს პოლიტიკაში.
პრეზიდენტს კანონით აქვს უფლება ეს დაუმორჩილებლობა შეაჩეროს. თუ არა აქვს ამის შესაძლებლობა, მაშინ უნდა მოელაპარაკოს ამბოხებულებს. ეს დაუმორჩილებლობა გაგრძელდა თვეების მანძილზე და შემდეგ გადავიდა სამხედრო დაპირისპირებაში.
სააკაშვილმა ერთსაათიანი ულტიმატუმის ვადა მისცა მუხროვანის ამბოხებულებს და არ დაუწყია მოლაპარაკება მათთან. სააკაშვილის ულტიმატუმის შემდეგ ამბოხებულებმა იარაღი დაყარეს.
კანონიერ ხელისუფილებას თუნდაც სისხლისღვრის ფასად, მაგრამ აქვს უფლება სამხედრო დაუმორჩილებლობა აღკვეთოს. ზვიადის დამარცხება ვერ შეძლო შევარდნაძის ხელისუფილებამ დამოუკიდიებელი ძალებით და ამ კონფრონტაციაში რუსეთის სამხედრო მანქანა ჩაერთო.
ეს უკვე ღალატია. რუსეთი საქართველოს დამპყრობელი სახელმწიფოა. ბალტინის კარგად შეიარაღებული ძალები შემოვიდნენ საქართველოში და ამ დროს საქართველო იყო დსთ-ში, ასე მოხდა ზვიადის ფიზიკური განადგურება. ნებისმიერი ხელისუფილება, რომელიც სხვა ქვეყნის დახმარების გარეშე ვერ ინარჩუნებს ძალაუფლებას, უნდა წავიდეს. შევარდნაძის ხელისუფილებამ რუსეთის არმია გამოიყენა ზვიადის დასამხობად.
7 ნოემბერს სააკაშვილს ამერიკელების დახმარებით არ დაურბევია ოპოზიციის მიტინგი, ისე დაარბია, არც ერთი ადამიანი არ დაღუპულა.
სააკაშვილის მიმართ მაქვს პრეტენზიები, თუმცა საგარეო კურსში გარკვეული საკითხები ჩვენს პოზიციას ემთხვევა. მაგრამ მეტი მჭიდრო ურთიერთობაა აუცილებელი აშშ-სთან. ლარსის გახსნას არ ვემხრობი.
ყველა ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ ექაჩება, დასაჭერია. რუსეთი 200 წელია საქართველოს დამპრობელია, მთლიანად არც ერთ დამპრობელს არ დაუპყრია საქართველო, არც არაბებს, არც სპარსელებს, არც მონღოლებს, მაკედონელმაც ვერ მოახერხა ეს, ვერც ბიზანტიამ, რუსეთმა მთლიანად დაიპყრო საქართველო.
რას ნიშნავს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა. ეს მოხდება მას შემდეგ, რაც რუსეთი დააბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს, გაიყვანს სრულად თავის ჯარს საქართველოდან და მილიარდობით კომპენსაციას გადაუხდის საქართველოს საუკუნეების მანძილზე მიყენებული დიდი ზარალის გამო.
როცა დავინახე, რომ ზვიადის დასამხობად ბევრი ოპოზიციონერი დემონსტრაციულად ეკურკურებოდა რუსეთს, დავტოვე დედაქალაქი. შევარდნაძის გადაყენებას ვითხოვდი, როცა დავინახე, რომ ის ბალტინის არმიით აპირებდა ზვიადის დამარცხებას.
საქართველოში ცხოვრობს ბევრი მონა, ეს არის საზოგადოება გადაცილებული სამოცი წლის ასაკს, ქართველი ახალგაზრდობა არ ფიქრობს ისე, რომ საქართველო ნატოში არ უნდა იყოს. ვადაგასულ მონებს გადავაყოლოთ ქვეყანა? როგორ შეიძლება ნატოს არჩიო რუსეთი? დასავლეთსაც ეშლება, მაგრამ თავისუფალ სამყაროს როგორ უნდა არჩიო ჩამორჩენილი რუსეთი?
აგვისტოს ომის დროს სად იყო ოპოზიცია? ერთი ათი წლით უნდა დამყარდეს აქ ამერიკული ორიენტაციის სამხედრო დიქტატურა. თუ ღმერთმა დაიფაროს და საქართველოში რუსეთი დაბრუნდა, პირველ რიგში სამხედრო ძალებს გაგვინადგურებს.
ქართველ ჯარისკაცებს მოვუწოდებ, ფხიზლად იყვნენ და პრეზიდენტს მეტი პრინციპულობა მოთხოვონ. ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსი ვარ, რომელიც მუდამ მოვუწოდებდი ნატოში გაწევრიანებისკენ, აშშ-სთან სამხედრო მოკავშირეობის იდეის ავტორი ვარ. ჩემთვის სასურველი აშს-ს ადმინისტრაციამ რომ მიმიწვიოს, სააკაშვილს ამ ვიზიტის შესახებ აუცილებლად ვაცნობებ.
ნოღაიდელი აფხაზეთს არ დააბრუნებს, ან რად მინდა რუსეთის და ნოღაიდელის დაბრუნებული აფხაზეთი. ბარაკ ობამა რბილი პოლიტიკოსია, აკლია ბრჭყალები. ლუგარმა გააკეთა განცხადება საქართველოსთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდების შესახებ და ამას ვემხრობი.
ბოლო რამდენიმე წელია ვმუშაობ კონცეფციაზე, აშშ-ს სამხედრო ძალები შემოვიდნენ საქართველოში ნატოში გაწევრიანებამდე და დაგვეხმარონ სამხედრო ტექნიკით.
ევროპაში რუსეთთან მოკუნტრუშე სახელმწიფოების გამო საქართველო ნატოში ჯერ ვერ შედის, ამიტომ ისრაელივით საქართველოსაც უნდა ჰქონდეს აშშ-სთან პირდაპირი სამხედრო ხელშეკრულება და აქ უნდა შემოვიდნენ მისი ბაზები.
რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ბირთვული შეიარაღებაც უნდა გვქონდეს. იმისთვის, რომ ვერაფერი გაგვიბედოს. საქართველოს ორი არჩევანი აქვს - აშშს-თან სტრატეგიული პარტინიორობის ან წაკუზვის და რუსეთის ერთ ადგილას შეძრომის. ამ გზაზე მე საქართველოს არ გამოვადგები. ბოლო წლები საქართველოში შესანიშნავი პოლიცია და ჯარი ჩამოყალიბდა. შეიარაღების ხარისხი გვაკლია, თორემ მეომრები მართლა პატრიოტები არიან, გულანთებული ადამიანები.
კომენტარი