თამაზაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, 2012 წლის 9 ოქტომბერს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დაამტკიცა პროკურორსა და მსჯავრდებულ თამაზ თამაზაშვილს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის განაჩენით, თამაზ თამაზაშვილი მსჯავრდებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში და მას 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თ.თამაზაშვილი სასჯელს იხდის 2011 წლის 11 ოქტომბრიდან.
განაჩენი უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ.
უზენაეს სასამართლოში საქმის საკასაციო წესით განხილვისას მხარეების მიერ შემოტანილი იქნა საპროცესო შეთანხმება სასჯელზე.
სასამართლომ მსჯავრდებულს დაწვრილებით განუმარტა მისი უფლებები, შესაბამისად, სასამართლო დარწმუნდა, რომ დაცული იყო საპროცესო შეთანხმების დადების ყველა წინაპირობა, ამასთან, მხარეებმა (მსჯავრდებულმა, მისმა ადვოკატმა და პროკურორმა) სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათ შორის ნებაყოფლობით მოხდა შეთანხმება სასჯელზე.
უზენაესმა სასამართლომ დაამტკიცა მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება და მსჯავრდებულ თამაზ თამაზაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
კომენტარი