მშობლების ზედმეტი “მზრუნველობით” გაუბედურებული შვილები…
დედობა და მამობა ბევრი ადამიანისთვის სტატუსია. ადამიანების ნაწილი, ცხოვრებაში იმით რეალიზდება, თუ რამდენს მიაღწია კარიერულად, რამდენ ქვეყანაში იმოგზაურა, როგორი დაფასებულია საზოგადოების მიერ, შექმნა, ასწავლა, ისწავლა… ამათ პარალელურად და არც ისე მცირე რაოდენობით, ადამიანები ერთმანეთს იმაში ეჯიბრებიან, ვინ უფრო ღირსეული დედა, ან მამაა. და სამწუხაროდ „ღირსეულის“ მნიშვნელობა ბევრ მათგანს, არასწორად ესმის…
- ალბათ გინახავთ დედის კალთას გამოკერებული უამრავი ბავშვი.
- ყველაფერს მათ ნაცვლად მშობლები რომ აკეთებენ, დაცემის საშუალებას არ აძლევენ, როცა დაცემის შემთხვევაში ბავშვი ისწავლიდა შეცდომაზე, რომ მეორედ იგივე შეცდომა აღარ დაეშვა
- შეცდომის უფლება საერთოდ რომ არ აქვთ: ყველაზე კარგად უნდა სწავლობდნენ, თუ ბიჭია აუცილებლად სპორტზე უნდა დადიოდეს, მოსწონს თუ არა მას ეს, თუ გოგონაა, გოგონასთვის შესაფერისი აქტივობებით უნდა იყოს დაკავებული… მუდმივად სტრესის ქვეშ რომ უწევთ ცხოვრება, სამი-ოთხი წლიდან…
- ბავშვები იზრდებიან… იზრდებიან ფიზიკურად, სხვა მხრივ კი – ისევ ის, დაუცველი, მშობლის კალთაზე გამოკერებული უსუსური არსებები არიან, რომლებსაც 40 წლის ასაკშიც, მშობელი უწყვეტს როგორ იცხოვროს.
ხშირად სიყვარული დიდი ხნის წინ ქრება და ის, რასაც მშობლიურ სიყვარულს ვეძახით – ეგოიზმია. შიში იმისა, რომ შეიძლება ვინმემ ჩვენი, როგორც იდეალური მშობლის სტატუსი ეჭვქვეშ დააყენოს!
- რომ სახლში გვიან მოსული გოგონა იმის ნიშანია, რომ ჩვენ ვერ მივხედეთ კარგად
- ისიც, თუ ჩვენი ბიჭი ყურის გახვრეტას გადაწყვეტს
- ისიც, რომ ეკონომიკაზე, ან სამართალზე ჩაბარების ნაცვლად ჩვენმა შვილმა გადაწყვიტა იყოს უბრალო მზარეული, მხატვარი, ფილოსოფოსი, ა.შ. მერე რა, რომ კომერციულად სულ სხვა რამეა მომგებიანი, იქნებ ჩვენი შვილების ბედნიერება სულ სხვა ღირებულებებზე გადის?
ყველა გზა ისევ განათლების ნაკლებობამდე მიდის.
ნაკლოვანებამდეც. თავისი ვერ რეალიზებული სურვილების, შვილებში რეალიზების სურვილი. მუდმივ აგრესიას მოსდევს პროტესტი, რასაც არც ისე დადებით შედეგებამდე მივყავართ:
- შვილები მიჰყვებიან ცოლად პირველივე შემხვედრს, სახლში არსებული დიქტატურისგან თავის დაღწევის მიზნით
- გარბიან ქვეყნიდან და თანხმდებიან ნებისმიერ, არასასიამოვნო სამუშაოს
- ვიღაცას აწყობს კიდეც (ამით პასუხისმგებლობებს გაურბის და მუდამ ბავშვის ამპლუაში რჩება)…
- ან ეგუებიან არსებულ მოცემულობას, რჩებიან მშობლების მარიონეტებად და წარმოდგენაც კი არ აქვთ, რა არის ნამდვილი ბედნიერება.
შემდეგ, ეს წნეხში გაზრდილი ადამიანები ვერ აწყობენ ჯანსაღ ინტერპერსონალურ ურთიერთობებს, იმიტომ რომ ამ ურთიერთობაში ვერ არიან 2ნი, მუდან 3ნი არიან, ყალიბდება ტრიადა: დედა-შვილი და შვილის შეყვარებული ან საცოლე ან საქმრო, ა.შ.
შეუძლებელია, ამ მარწუხებისგან გათავისუფლების პროცესმა უმტკივნეულოდ, უსისხლოდ ჩაიაროს. მაგრამ, როცა მშობელს არ ჰყოფნის ემოციური ინტელექტი, სწორად აღიქვას შვილის სურვილები და უხეშად აღარ ჩაერიოს მის ცხოვრებაში, გამოსავალი ერთადერთი რჩება:
წასვლა!
ახლავე!
სასწრაფოდ!
დაკარგულ წლებს ვერავინ დაგვიბრუნებს, დროსთან ერთად თავის დახსნის სურვილი სულ უფრო გაუფერულდება და ოდესმე ჩვენც, ანალოგიური დემაგოგიის პირობებში, ჩვენივე მსგავს, უსუსურ, უფერულ და უბედურ მარიონეტებს გავზრდით…
კომენტარი