სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი მარგველაშვილი და თეა წულუკიანი ჩემი შვილის მკვლელებს მფარველობენ“

"2011 წლის 17 ოქტომბერს, დღის სამ საათზე, უამრავი მოწმის თვალწინ, რუსთაველზე, 5-მა კრიმინალმა 23 წლის შვილი, ზურა ტარყაშვილი მომიკლა.

ზუკა დავით რუსიშვილმა, ირაკლი აგლაძემ, ივერი გოგბერაშვილმა, დავით ჯოხაძემ, რომლის ბიძაშვილი, ცნობილი კრიმინალი სოსო ჯოხაძე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მეგობარია (ეს გავრცელებული ფოტოებითაც დადასტურდა) და გიორგი მარგველაშვილის სიძემ, მინდია გოგოჭურმა მოკლა.

მკვლელი მინდია გოგოჭური არის მარგველაშვილის ცოლის, მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას ქმარი. მაშო ჩიჩუას მარგველაშვილი შვილობილად მოიხსენიებს ერთ-ერთ ინტერვიუში.

ის რომ გოგოჭური ჩემი შვილის მკვლელია იცის როგორც პოლიციამ, ისე პროკურატურამ. ეს ვიდეო-მტკიცებულებებითაც დასტურდება. გამომძიებლები და პოლიციელები გვეთანხმებიან იმაში რომ ზუკა მათ შორის გოგოჭურმა, მარგველაშვილის შვილობილის ქმარმა მოკლა, მაგრამ პირად საუბარში გვეუბნებიან რომ მას მკვლელობის ბრალდებას ჯერ ვერ წაუყენებენ.

რაც შეეხება დავით ჯოხაძეს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი მფარველობს, მას არა ჩემი შვილის მკვლელობის, არამედ დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო ეძებენ.

პროკურატურა და შსს გვპირდება რომ ჯოხაძეს ბრალს დაუმძიმებენ და მკვლელობის ბრალდებას წაუყენებენ, მაგრამ ეს დაპირება უკვე 10 თვეა გრძელდება.

ჩვენ გაგვაჩნია კონკრეტული მტკიცებულებები, რომელსაც უახლოეს დღეებში გავავრცელებთ, სადაც დეტალურად იქნება ახსნილი თუ რა მოხდა რეალურად, ვინ დამალა ვიდეო-კადრები, რომელი პოლიციელი თუ პროკურორი იყო ჩართული ჯოხაძის და გოგოჭურისთვის მკვლელობის ბრალდების აცილებაში.

ზუკას მკვლელობისთვის დღეს მხოლოდ სამი პირია გასამართლებული - დავით რუსიშვილი (რუსიშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ სცნეს და მოსამართლეს სასჯელის დამძიმების რეკომენდაციით მიმართეს - მიესაჯა 21 წელი), ივერი გოგბერაშვილი (მას 24 წელი მიუსაჯეს) და ძებნილ ირაკლი აგლაძე (მას 31 წელი მიუსაჯეს).

ხოლო ორ მკვლელს, დავით ჯოხაძეს და მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭურს დღემდე აფარებენ ხელს" - ეს განცხადება მოკლული ჩოგბურთელკის, ზუკა ტარყაშვილის დედამ გაავრცელა.

„პრესა.ჯი“ ქალბატონ თამილა კოჭლამაზაშვილს მისი შვილის მკვლელობის საქმის დეტალებზე ესაუბრა.

- ქალბატონი თამილა, რა მოხდა 2011 წლის 17 ოქტომბერს?

- ამ დღეს ზუკა ლაღიძის ქუჩაზე, სახლთან იდგა. მას კონსერვატორიის მხრიდან სამი შეიარაღებული პირი - ივერი გოგბერაშვილი, ირაკლი აგლაძე და დავით რუსიშვილი დაესხა თავს.

ზუკა რუსთაველის მიმართულებით გაიქცა. სამივე იარაღით და სროლით მისდევდნენ. რუსთაველზე, "ლუტეციასთან" პოლიციელმა ბარათელმა ზუკა დაიჭირა (მან მოგვიანებით განაცხადა რომ ეგონა ზუკას პოლიციელები მისდევდნენ).

ბარათელის მიერ დაჭერილ ზუკას ზურგიდან დავით ჯოხაძემ ესროლა, რომელიც ჩემ შვილს რუსთაველზე, გოგოჭურთან და ნიკა ასლანიშვილთან ერთად ელოდებოდა (ჯოხაძემ სროლის შემდეგ იარაღი ურნაში ჩააგდო და პარლამენტის მიმართულებით გაიქცა, ბესიკის ქუჩაზე ტაქსში ჩაჯდა, გოგბერაშვილს დაელოდა და სოლოლაკში წავიდა).

დაჭრილი ზუკა ბარათელს გაექცა, მაგრამ მკვლელების მეგობარი, ნიკა ასლანიშვილი მას წინიდან დახვდა და ისევ გააკავა. ამ დროს კი, ზუკას მინდია გოგოჭურმა ესროლა, იარაღი რუსთაველზე დააგდო და გზა გადაკვეთა - თბილისი მარიოტის მხარეს გაიქცა.

შემდეგ წაქცეულ და დაჭრილ ზუკას აგლაძემ, გოგბერაშვილმა და რუსიშვილმა ესროლეს. მათ შორის თავში.

- „მაგთის“ შენობაზე ვიდეო-კამერები არ იყო დამონტაჟებული?

- 4 ვიდეო-კამერა აქვს „მაგთის“. კადრების ამოსაღებად მთაწმინდის სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე შიოშვილი, პროკურორი ხიზანაიძე და ქალაქის მაშინდელი კრიმ-პოლის უფროსი ჭაია მივიდნენ, სხვებთან ერთად...

იქედან გამოსულებმა კი განაცხადეს რომ კადრები წაეშალათ. ამას ჩვენთან საუბარში მენეჯერიც ადასტურებს. რეალურად კი, მათ ვიდეო-მტკიცებულებები დამალეს.

მოგვიანებით, „მაგთის“ კადრები შემთხვევით პროკურორმა კოკაიამ გვაჩვენა, უფრო სწორად, ამ კადრების ბოლო ნაწილი, ხოლო როდესაც მიხვდა რა „შეცდომა“ დაუშვა, ანერვიულდა და გვიმტკიცებდა, ეს სხვა კადრები არისო.

- სხვა ვიდეო-კადრები არსებობს?

- დიახ, ჩვენც გვაქვს, რასაც გავასაჯაროვებთ კიდეც. ასევე გვაქვს „პე-ეს-პე“-სა და მაღაზია „ლუტეციის“ კადრები, სადაც ბევრი რამ ჩანს... ჩანან, თუ როგორ ესვრიან ჩემ შვილს მკვლელები: გოგოჭური, ჯოხაძე, აგლაძე, გოგბერაშვილი, რუსიშვილი. ჩანან მკვლელობის სხვა თანამონაწილეებიც. ჩანს, ერთ-ერთი ჯიპიც, რომლის მფლობელის ვინაობა ცნობილია ჩვენთვის.

- გოგოჭური მარგველაშვილის სიძეა?

- დიახ, ის მეუღლის, მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას ქმარია. მარგველაშვილი საჯაროდ საუბრობს მაშო ჩიჩუაზე, რომელსაც შვილად მოიხსენიებს.

მეტიც, გოგოჭურმა, მარგველაშვილის შვილის, ანი მარგველაშვილის გამო სოლოლაკში თავისივე მეგობარი, ბაჩო სირაძე დაჭრა.

- რა მოხდა სოლოლაკში?

- მარგველაშვილის შვილის გამო მოხდა დაჭრა. გერგეთზე ესროლეს ვინმე ბაჩო სირაძეს.

მარგველაშვილის ქალიშვილი იყო გარეული. თან დამნაშავე მარგველაშვილის სიძეა. ამიტომ, არც არავინ დაუკავებიათ.

- რაც შეეხება თქვენი შვილის გარდაცვალებას, რა იყო მკვლელობის მოტივი?

- 2010 წელს ზუკას შელაპარაკება მოუვიდა გრიბოედოვის ქუჩაზე მცხოვრებ სანდრო გოგბერაშვილთან. ღამე, არკაში, ზუკასთან ერთად მისი ორი მეგობარი, ლევან და დათო ჩიჩუა იმყოფებოდნენ.

გოგბერაშვილმა ზუკას იარაღი ამოუღო, ზუკას მეგობრებმა კი, მას იარაღზე ხელი წაავლეს და ძირს დააწევინეს. გოგბერაშვილმა ასფალტის მიმართულებით გაისროლა. სროლის ხმაზე, „არკაში“ შევარდა გოგბერაშვილის მეგობარი, თორნიკე კაჭარავა და იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.

მან დაჭრა ზუკა, გულში დაჭრა ლევან ჩიჩუა, ხოლო შემთხვევით მოკლა მისივე მეგობარი, სანდრო გოგბერაშვილი. ამოიღეს ყველა იარაღი, მათ შორის გოგბერაშვილის იარაღიც. გარდა თორნიკე კაჭარავას იარაღისა. ის გაიქცა. ამოღებული იარაღებიდან მკვლელობის იარაღი არც ერთი არ იყო.

ექსპერტიზამ დაადგინა რომ სანდრო გოგბერაშვილს, ზუკას და ლევან ჩიჩუას, ერთი და იგივე იარაღიდან გასროლილი ტყვიები მოხვდათ.

კაჭარავას თავისივე მეგობრებმა, მათ შორის მსახიობ ჟანრი ლოლაშვილის შვილმა დაადო ხელი. იქვე განთავსებული კაფის თანამშრომლებმაც ამოიცნეს იგი. კაფეში მყოფმა სტუდენტებმაც დაადასტურეს მომხდარი. დაადასტურეს რომ კაჭარავა იარაღით შევარდა „არკაში“ და რამდენჯერმე გაისროლა. ეს ამბავი ყველამ იცის.

ზუკას და ჩიჩუებს ხულიგნობის და იარაღის ტარების მუხლი წაუყენეს. მათ არასოდეს ჰქონიათ სხვა ბრალდება წაყენებული. საბოლოოდ, ზუკას 2, ლევან და დათო ჩიჩუებს კი 4-4 წელი მიუსაჯეს. ზუკა 12 დღის გამოსული იყო ციხიდან როდესაც მოკლეს.

რაც შეეხება თორნიკე კაჭარავას, ის გაქცეულია. კაჭარავას გოგბერაშვილის მკვლელობისა და ასევე ჩემი შვილისა და მისი მეგობრების მკვლელობის მცდელობის მუხლი წაუყენეს, დაუსწრებლად გაასამართლეს და 24 წელი მიუსაჯეს (ცოტა ხნის წინ იყო კიდევ ერთი სასამართლო. კაჭარავა ამჯერადაც დამნაშავედ სცნო სააპელაციო სასამართლომ სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობაში).

ხოლო ზუკას მკვლელობისთვის ორი პირი - დავით რუსიშვილი და ივერი გოგბერაშვილი დააკავეს. ჩემი შვილის მკვლელობისთის აგლაძე დაუსწრებლად გაასამართლეს და 31 წელი მიუსაჯეს. თუმცა, ამნისტიის შედეგად მათ სასჯელი გაუნახევრდათ.

ჯოხაძეს შეუტყობინებლობით ასამართლებენ, დაუსწრებლად. გვიპრდებიან პროკურორები, გამომძიებლები, რომ მას ბრალს დაუმძიმებენ თუმცა, ეს დაპირება დიდი ხანია გრძელდება. ისინი ჩვენთან, პირად საუბრებში, არც იმას უარყობენ რომ ჩემი შვილის ერთ-ერთი მკვლელი, მინდია გოგოჭურია.

ისინი, ასევე გვიდასტურებენ იმ ფაქტს რომ „მაგთის“ კადრები და მკვლელობის ერთ-ერთი იარაღი „ვიღაცამ“ დამალა... ამ „ვიღაცის“ ვინაობა ვიცით და ნუ ეგონება მას რომ პასუხს არ აგებს. მას ყველაზე მეტად მოუწევს პასუხისგება. მასაც და მის სხვა თანამზრახველებსაც.

გიორგი მარგველაშვილი და თეა წულუკიანი ჩემი შვილის მკვლელებს, მინდია გოგოჭურსა და დავით ჯოხაძეს მფარველობენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100