სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ გაავრცელა დათა ახალაიას განცხადება?

დათა ახალაის ადვოკატი და ახლობლები ეხმაურებიან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც დათა ახალაია ახალაიების ოჯახის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას უშუალოდ ვანო მერაბიშვილს უკავშირებს და ამტკიცებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მარცხი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრ ვანო მერაბიშვილის ძალაუფლებისკენ დაუოკებელმა ლტოლვამ განაპირობა.

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ირწმუნება, რომ განცხადების ავტორი ნამდვილად დათა ახალაიაა.

დათა ახალაიას ახლობლები ვარაუდობენ, რომ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გავრცელებული განცხადება ნამდვილი არ არის. დათა ახალაიას რძალი, ანი ნადარეიშვილი აცხადებს, რომ ამ დრომდე ვერ ახერხებენ დათა ახალაიასთან კავშირს, შესაბამისად, განცხადების ნამდვილობაში ეჭვი ეპარებათ. ამასთან, ნადარეიშვილის თქმით, დათა ახალაიას ადვოკატს, ირაკლი ზაქარეიშვილს, რომელმაც განცხადების ნამდვილობა დაადასტურა, საერთოდ არ იცნობს. თეა თუთბერიძე აცხადებს, რომ განცხადება სპეცსამსახურების გავრცელებული შეიძლება იყოს.

განცხადების ნამდვილობაში ეჭვი ეპარება ძმები ახალაიების მეგობარს, გოგა ონიანსაც, რომელიც აცხადებს, რომ ახალაიას სახელით განცხადება სპეცსამსახურებმა გაავრცელეს.

"ირაკლი ზაქარეიშვილი რას ადასტურებს არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ზოგადად ქვეყნის სპეცსამსახურები, როდესაც სჭირდებათ, რომ გაავრცელონ ისეთი ინფორმაცია, რომელსაც საზოგადოებამდე მიიტანენ და გარკვეული მიზანი იქნება მიღწეული, ამ ხერხს ხშირად იყენებენ. ვინაიდან ფაქტობრივი გარემოებები არ ვიცით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს არის სპეცსამსახურების ნამოქმედარი", - აღნიშნა გოგა ონიანმა.
მისი თქმით, დათა ახალაიას ადვოკატმა "ირაკლი ზაქარეიშვილმა შეიძლება ისიც არ იცის, რომ სხვისი სურათით სხვას შეუძლია სოციალურ ქსელში განცხადების დადება". "მას შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ არ მგონია, "ფეისბუქთან" ახლოს იყოს. შეიძლება ამგვარი პრობლემა იყოს. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი", - განაცხადა გოგა ონიანმა.

აღსანიშნავია, რომ ახალაიას განცხადებას ამ დრომდე უკომენტაროდ ტოვებს თავად მერაბიშვილი. მართალია გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა განცხადება, სადაც მერაბიშვილი საზოგადოებას მოუწოდებდა ეს სიცრუე არ დაეჯერებინათ, მაგრამ დღეს ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურმა განმარტა, რომ აღნიშნული განცხადება მერაბიშვილს არ ეკუთვნოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100