სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2 მაისი - 100 წლის წინ

ყოველდღიური ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი, საქართველოს სოციალ-ფედერალისტების პარტიის ცენტრალური ორგანო „სახალხო გაზეთი“, 1912 წლის 2 მაისს იუწყება:

„ქართულ გიმნაზიასთან არსებულ სასადილოს კომიტეტი მადლობას უხდის კნეინა ე. ზ. ერისთავისას, რომელმაც სასადილოს 100 მან. შესწირა და ტ. ნ. ბრაილოვსკისას და ე. ნ. დომერშჩინოვისას, რომელთაც თითომ 25 მან. შესწირეს.

თავ. ზ. გ. ერისთავის გვირგვინის მაგივრად თავ. ალექსანდრე და გიორგი ნიკოლოზის–ძე ერისთავებმა ქართულ გიმნაზიასთან არსებულ სასადილოს 25 მან. შესწირეს, რისთვისაც სასადილოს კომიტეტი შემომწირველთ მადლობას უხდის.

უეცრივ გარდაცვალება. 30 აპრილს, დილის 9 საათზე, ოლქის სასამართლოში სამუშაოდ მივიდა იქაურივე მოხელე გაბრიელ იოსების ძე ხუციევი, 50 წლისა, პალტო გაიხადა და უცებ ძირს დაეცა და გარდაიცვალა.

მტკვარში დაიხრჩო გაუფრთხილებლობით ტფ. მაზრის სოფელ მანავის მცხოვრები ალექსანდრე მიხეილისძე ბარაშვილი. გვამი ვერ იპოვეს.

ექსკურსია. 14–16 ივნისს ტფილისს დაათვალიერებენ კოსტრომის სავაჟო კერძო გიმნაზიის მოსწავლენი.

სასანიტარო კომისიამ ამ დღეებში ქალაქის მესამე საპოლიციო უბანში სავაჭრო–სამრეწველო დაწესებულებანი დაათვალიერა და ზოგიერთგან სანიტარულ წესების დარღვევა აღმოაჩინა, კომისიამ ყველგან შესაფერი განკარგულება მოახდინა.

საარჩევნო სამზადისი

სამღვდელოება და არჩევნები.

ყაზანის ეპარქიის სამღვდელოებას ამ დღეებში კრება ჰქონია სათათბირო არჩევნების გამო.

კრებამდე არქიელს მიუწერია სამღვდელოებისათვის, არჩევნებსაც უნდა შეეხოთო და თანაც გადაკვრით უთქვამს, ნაციონალისტების მომხრეობაა საჭიროო.

მაგრამ ეტყობა, მღვდლები უპარტიოებს უფრო მიემხრობიან, ვიდრე ნაციონალისტებსა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100