სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იუბილარი შერონ სტოუნი და საქართველოს პატრიარქთან მისი ცრემლიანი შეხვედრის მიზეზები

ჰოლივუდის უბერებელი ვარსკვლავი - შერონ სტოუნი 54 წლის გახდა. როგორც ყოველთვის, ის ასაკთან შედარებით ბევრად ახალგაზრდულად, მეტიც - დიდებულად გამოიყურება და ისევ ენერგიითაა აღსავსე. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შვილებია და სულაც არ სურს, ჰოლივუდის ვარსკვლავად დარჩეს.

როგორც ცნობილია, შარშან, 2011 წლის მაისში შერონ სტოუნი „აგვისტოს ხუთი დღის“ რეჟისორთან და შემოქმედებით ჯგუფთან ერთად თბილისში იმყოფებოდა. მას პირადად შეხვდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მერე კი კინოთეატრ „რუსთაველში“ ფილმის პრემიერასაც დაესწრო. საქართველოსთან მის კავშირს და მოგონებას სტატიის ბოლოს კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ, ახლა კი თვალი გადავავლოთ ამ მსახიობის ცხოვრებასა და კარიერას:

შერონ ივონ სტოუნი, დაბადებით ამერიკელი და მსოფლიოს ყველა წერტილში ცნობილი მსახიობი, ჰოლივუდელ კოლეგებს შორის არამარტო ფილმებში აღებული ჰონორარებით, ინტელექტითაც განსხვავდება. მისდამი არცთუ კეთილად განწყობილი კრიტიკოსებიც კი აღიარებენ, რომ იგი ყველაზე მაღალი ინტელექტის მქონე მსახიობია: მისი ინტელექტის კოეფიციენტი 154-ს უტოლდება, რაც, არც მეტი, არც ნაკლები, ალბერტ აინშტაინის მაჩვენებელია.

შერონი ბავშვობიდანვე განსაკუთრებით ჭკვიანი იყო. სკოლაშიც კი ხუთი წლისა წავიდა, თანაც, პირდაპირ მეორე კლასში. მოზარდობის დროს უყვარდა ხელოვნება და, განსაკუთრებით, კინო, მაგრამ ერთი გამორჩეული თვისებაც ჰქონდა“ თვითკმაყოფილება მისგან შორს იყო. შესაძლოა ამის, შესაძლოა, აუხსნელი კომპლექსის გამო მიაჩნდა, რომ მისი ინტელექტუალური კოეფიციენტი ძალიან დაბალია და გადაწყვიტა, საკუთარი თავი გამოეცადა მიზანდასახულობაში: ფარული აღთქმა დადო, რომ ნებისმიერ ფასად მოხვდებოდა ჰოლივუდში.

შერონი ინსტრუმენტალისტი ხელოსნის ოჯახში, 1958 წლის 10 მარტს დაიბადა და ოჯახისთვის მეორე შვილი იყო. ეკრანზე მოხვედრა მან სილამაზის კონკურსებისა და სამოდელო სააგენტოების გზის გავლით მოახერხა. შერონ სტოუნზე იმასაც ამბობენ, რომ მისი სახით სამოდელო საქმემ დაკარგა იმდენივე, რამდენიც მოიგო კინემატოგრაფმა და ძნელია, ამ სიტყვებში ეჭვი შევიტანოთ, თუ გავიხსენებთ, რომ მსახიობობამდე შერონი საკმაოდ წარმატებული მოდელი იყო. როცა იგი პარიზში იმყოფებოდა, „პიერ კარდენის“ სახეც გახდა და კომპანიამ მას „თეთრი ვარდი“ უწოდა. სტოუნის ფოტოები სხვადასხვა დროს ამშვენებდა ჟურნალებს „ელი“, „ვოგი“ და „პლეიბოი“. უკვე მსახიობობის დროს რამდენიმე ცნობილმა გამოცემამ იგი მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალად აღიარა.

შერონ სტოუნის კინოკარიერა 1980 წელს დაიწყო. ერთხელ იგი შემთხვევით აღმოჩნდა კაფეში, სადაც გოგონებს ვუდი ალენის ფილმის ''Stardust Memories''(„ვარსკვლავური მტვრის მოგონებები“) ეპიზოდისთვის არჩევდნენ და გაიგონა ნანატრი სიტყვები: „თქვენ კი მისტერ ალენი გთხოვთ, დარჩეთ...“

დარჩენაც იყო და დარჩენაც - შერონ სტოუნი ჰოლივუდში დარჩა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ თავდაპირველად არ იყო განებივრებული მთავარი როლებით და ძირითადად, მეორეხარისხოვან როლებში იღებდნენ. მაგრამ დადგა 1992 წელი, რომელიც მისი კარიერისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. სწორედ ამ წელს შესთავაზა პოლ ვერჰოვენმა მას მთავარი როლი ეროტიკულ და კარგად ცნობილ ტრილერში „Basic Instinct“ („ძირითადი ინსტინქტი“). სწორედ ამ როლისთვის წარადგინეს იგი პირველად „ოსკარზე“ და ამ ფილმის შემდეგ იღებდნენ მთავარ როლებში, ძირითადად, ეროტიკულ ფილმებში. შერონ სტოუნი 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მსახიობი ქალი გახდა.

შერონი მხოლოდ ისეთ ფილმებში მონაწილეობდა, რომელსაც ცნობილი რეჟისორები იღებდნენ და უარს ამბობდა B კატეგორიის ფილმებზე. 1995 წელს მან ითამაშა მთავარი როლი მარტინ სკორსეზეს ფილმში „სამორინე“, რისთვისაც „ოსკარზე“ იყო წარდგენილი, მაგრამ არ მისცეს. მაშინ პრესაში დაიწერა, რომ სტოუნი ნამდვილად იმსახურებდა ჯილდოს, მაგრამ იგი წარმატებული ქალისადმი ტრადიციულად არსებული შურის მსხვერპლი გახდა. თვითონ სტოუნი ამის გამო არ აღელვებულა: როგორც ჩანს, ზოგჯერ მაღალი ინტელექტი თავდაჭერილობის პირდაპირპროპორციულიცაა.

შერონ სტოუნის სასტიკმა და ცბიერმა, ამავე დროს ფემინისტმა გმირებმა დაბადეს ჭორები მსახიობის ლესბოსურ გადახრებზე, მაგრამ მამაკაცები მის ცხოვრებაში მრავლად იყვნენ: პროდიუსერი ბობი ვაგნერი, ფრენკ ზაპპას შვილი დუიზლი, ფრანგი ბიზნესმენი, მიშელ ბენასერა. მაგრამ გამოჩნდა გაზეთ „ჩიკაგო ეგზაიმნერის“ რედაქტორი, ფილ ბრონშტეინი და შერონმა იმიჯიც კი შეიცვალა. ოდესღაც შერონმა დაიფიცა, რომ გათხოვდებოდა 40 წლის ასაკის შემდეგ და საქორწინო სააგენტოს 100 ათასი დოლარიც კი გადაუხადა, სამეფო სისხლის პარტნიორის შერჩევისთვის. სააგენტომაც შესაფერისი პარტნიორები მოძებნა: მონაკოს პრინცი ალბერტი და ერთი არაბი შეიხი, თუმცა, სიყვარულმა ხომ შერონი კი არა, ტარიელიც კი გადარია...

შერონ სტოუნი და ფილ ბრონშტეინი წმინდა ვალენტინის დღეს დაქორწინდნენ, თუმცა, ეს ქორწინება იღბლიანი ვერ გამოდგა: შერონის მეუღლის გულის შეტევა, განქორწინება ერთი წლის თავზე და თანაცხოვრებისას აყვანილი შვილობილი - რონი, რომელიც 2003 წელს იშვილეს.

შერონ სტოუნმა იმიჯი რამდენჯერმე მერეც შეიცვალა. 1999 წლიდან ის, მეტწილად, ინტელექტუალური ხასიათის ფილმებში ჩნდება. „გლორიაში“ განსახიერებულმა მთავარმა როლმა მას მორიგი ოქროს გლობუსი მოუტანა, ხოლო ფილმისათვის „ძლევამოსილი“ კიდევ ერთხელ იქნა ოქროს გლობუსზე წარდგენილი.

2000 წლის შემდეგ მან რადიკალურად შეცვალა შესრულების მანერა, რითიც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ 48 წლის ასაკში (2006 წელს) კვლავინდებურად შეუძლია სექს-დივას როლის გასახიერება.

სტოუნი თავისუფალ დროს, ძირითადად, შვილის აღზრდას, საქველმოქმედო საღამოების მოწყობას და მხატვრული ლიტერატურის კითხვას უთმობს, ხშირი სტუმარია მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი ტელევიზიის თოქ-შოუების, სილამაზის კონკურსებისა და ახალგაზრდა მსახიობთა მიერ მოწყობილი თეატრალური დადგმებისა.იგი ელიზაბეტ ტეილორთან ერთად სათავეში ედგა შიდსთან ბრძოლის ორგანიზაციას. მსახიობი წელიწადში რამდენჯერმე აწყობს საქველმოქმედო საღამოებს აივ-ინფიცირებულთა დასახმარებლად თანხების მოზიდვის მიზნით.

და კიდევ ერთი დეტალი: 2001 წელს შერონ სტოუნი სერიოზულად ავადმყოფობდა: ჰქონდა ჰალუცინაციები, ვერ ახერხებდა კოორდინაციას... ბევრმა ეს ავადმყოფობა მისი კარიერის დასასრულად ჩათვალა, მაგრამ მსახიობმა შეძლო „გამოძრომა“, როგორც იხსენებს, ბებიას წყალობით, რომელიც ეცხადებოდა და რჩევებს აძლევდა. შერონ სტოუნს დღემდე სჯერა, რომ მაშინ სწორედ ბებიამ და ლოცვებმა იხსნა.

შერონ სტოუნი ამაზე ხმამაღლა არ საუბრობს, მაგრამ პრესაში ხშირად იწერება, რომ საკუთარი ცხოვრების რელიგიურ ნაწილს სერონ სტოუნი დიდ ყურადღებას აქცევს, ხშირად დადის ეკლესიაში და ხშირადაც ლოცულობს. ამაზე თუნდაც ისიც მეტყველებს, რომ თბილისში ყოფნის დროს მან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა ისურვა, ვისზეც, როგორც პირად საუბრებში პარლამენტის წევრებთან უთქვამს, ძალიან ბევრი კარგი რამ გაუგია. კათოლიკოს-პატრიარქმა მსახიობის თხოვნა დააკმაყოფილა და იგი საპატრიარქოს რეზიდენციაში მიიღო. მათ შორის იმდენად უშუალო საუბარი გამართულა, რომ შერონ სტოუნს თავი ვერ შეუკავებია და აქვითინებულა, რასაც სოციალური ქსელებით გავრცელებული ქეთი ასათიანის ეს ფოტოც მიუთითებს .

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100