ტუვალუ წყურვილით იტანჯება, წყლის მიმწოდებელი კი არავინ ჰყავს - რუსეთიც კი
ტუვალუმ, რომლის მოსახლეობაც 10 ათას ადამიანს მცირედით აღემატება და ტოკელაუმ, რომლის მოსახლეობა 1,4 ათასი ადამიანია, საგანგებო მდგომარეობა სასმელი წყლის უკმარისობის გამო გამოაცხადეს.
ამ ქვეყნებში მოსახლეობა სასმელ წყალს მკაცრად ნორმირებულად იღებს. მაგალითად, ფუნაფუტიში (ტუვალუს დედაქალაქი) თითოეულ ოჯახს დღეში მხოლოდ ორი სათლი წყალი გამოეყოფა, მინისტრები კი წყლის ეკონომიის საჯარო დემონსტრირებას ახდენენ და ოკეანეში ბანაობენ.
წითელი ჯვრის წარმომადგენლის თქმით, ტუვალუში სასმელი წყლის მარაგი შესაძლოა, უკვე დღეს ამოიწუროს, ტოკელაუს კი მარაგი ჯერ კიდევ გასულ კვირას დაუმთავრდა, რის შემდეგაც წყნარი ოკეანეს კიდევ ერთმა სახელმწიფომ - სამოამ მას წყლის 7 დღის მარაგი გამოუყო.
შეგახსენებთ, რომ ტუვალუმ მედიის ყურადღება ცოტა ხნის წინ მას შემდეგ მიიპყრო, რაც მან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საინტერესოა, რომ კუნძულები, რომელზეც სასმელი წყალი ჭირს, მთლიანად წყლითაა გარშემორტყმული და მეტიც, ტუვალუს მალე საერთოდ ჩაძირვა ემუქრება.
კომენტარი