სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

GWP მომხმარებლებს არ ელაპარაკება

თბილისის ისტორიული გოგირდის აბანოების მეპატრონეები უკვე რამდენიმე თვეა ცდილობენ „ჯორჯიან უოთერს ენდ ფაუერის“ მიერ შექმნილი პრობლემა მოაგვარონ, მაგრამ ამ ხნის მანძილზე მათ წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელებთან საუბარი ვერ მოახერხეს. GWP მომხმარებლებთან მოლაპარაკებაზე უარს ამბობს.

თბილისის გოგირდის აბანოების თანამშრომლები უკვე პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავენ. გუშინ აბანოს თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს. საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა.

აბანოების მეპატრონეები იძულებულნი გახდნენ ობიექტების მუშაობა შეეჩერებინათ. ასეულობით თანამშრომელს უმუშევრობა ემუქრება. აბანოების ვალი წყალმომარაგების კომპანიის მიმართ ყოველთვურად მატულობს.

კომპანია „ჯორჯიან უოთერს ენდ ფაუერმა“ გამოიყენა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის მაქსიმალური ზღვარი და აბანოებს დაღვრილი წყლის გატარება-გაწმენდის გადასახადი გაუსამმაგა. აბანოების მეპატრონნები აცხადებენ, რომ გაზრდილი გადასახადი იმდენად არაგონივრულია, რომ ვერცერთი ობიექტი ამ ოდენობის მოსაკრებლის გადახდას ვერ შეძლებს.

„გარწმუნებთ, რომ ვერცერთი ზემოთ ხსენებული აბანოს შენობის მესაკუთრე ვერ გადაიხდის დაკისრებულ გადასახადს და იძულებული გახდება შეაჩეროს დაწესებულების ფუნქციონირება. სამასახურს დაკარგავს ასეულობით ადამიანი, ბიუჯეტი დაკარგავს შემოსავალს, თბილისი დაკარგავს უმნიშვნელოვანეს ტურისტულ და ისტორიულ ღირსშესანიშნაობას - დედაქალაქი დარჩება გოგირდის აბანოების გარეშე!“ - აცხადებენ ბანოების მეპატრონეები. GWP-ს მხრიდან პასუხი არ არის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100