სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყიზლარში რუსეთის შსს-სა და ფსბ-ს 13 თანამშრომელია დაღუპული, შეტაკებები კი გრძელდება

„ბი-ბი-სის“ რუსული სამსახური ავრცელებს ცნობას, რომ დაღესტანში, ყიზლარის რაიონში მიმდინარე სპეცოპარეციის დროს რუსეთის შსს-სა და ფსბ-ს 13 თანამშრომელი დაიღუპა, ათეულობით კი დაიჭრა. შეტაკებები, რომლებიც, ფაქტობრივად საომარ მოქმედებებში გადაიზარდა, უკვე მესამე დღეა გრძელდება.

რუსული მხარე სპეცოპერაციის მსვლელობაში ვერტმფრენებს, არტილერიას და, როგორც „ბი-ბი-სი“ თვითმხილველთა ნაამბობზე დაყრდნობით აღნიშნავს, მძიმე ტექნიკასაც იყენებს. რუსული მხარე ოფიციალურად მხოლოდ 5 ძალოვანის დაღუპვისა და 13-ის დაჭრის ფაქტს ადასტურებს.

ამავე დროს, ზოგიერთმა რუსულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იმ ადგილზე, სადაც შეტაკება მიმდინარეობს, ტანკები გამოჩნდნენ. სამართალდამცველები კი ავრცელებენ ცნობას, რომ 23 ივნისის, საღამოს მონაცემებით, მათ შეძლეს ტყიდან ორი „ბოევიკის“ ცხედრების გამოტანა და მათი გადაცემა გამომძიებლებისთვის, რომლებმაც იდენტიფიკაცია უნდა მოახდინონ. ზოგიერთი გამოცემის ცნობით, სამართალდამცველებმა ტყეში კიდევ ხუთი დაღუპული „ბოევიკის“ ცხედარი შენიშნეს, თუმცა, ინტენსიური სროლის პირობებში მათი გამოტანა ტყიდან ვერ მოახერხეს.

„ბი-ბი-სი“-ს წყარო იმასაც კი ასახელებს, რომელ ქვედანაყოფებსა და შენაერთებს ეკუთვნიან გარდაცვლილი რუსი სამართალდმცველები.: შსს-ს შინაგანი ჯარის ორმა ოპერატიულმა ბატალიონმა ათამდე ადამიანი დაკარგა, ხოლო განსაკუთრებული დანიშნულების რაზმის წევრებში დაჭრილია 15 პოლიციელი. რაც შეეხება ფსბ-ს, მისი დანაკარგი ამ ოპერაციის მსვლელობის განმავლობაში სამი დაღუპული და სამი დაჭრილი ყოფილა.

პირველი შეტაკება დაღესტნელ ბოევიკებსა და რუსეთის სამართალდამცველებს შორის 21 ივნისს მოხდა. პირველ დღეს შეტაკება რამდენიმე საათს გაგრძელდა და ოთხი სპეცრაზმელი დაიჭრა, ერთი ბოევიკი კი დაიღუპა. ამის შემდეგ „ბოევიკებმა“ ტერიტორია დატოვეს, თუმცა, მალევე განახლებული შემადგენლობით დაბრუნდნენ და პოლიციელების დისლოკაციის ადგილს ცეცხლი გაუხსნეს. რამდენიმე საათში შეტაკების არეალი და მასში მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა, ხოლო დაპირიპირება ნამდვილ საბრძოლო მოქმედებებში გადაიზარდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100