სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბაჩო ახალაიას მეუღლის საგანგებო განცხადება

საზოგადოებას მინდა მივაწოდო ინფორმაცია დაახლოებით ერთი კვირის წინ იუსტიციის სამინისტროში შემდგარ შეხვედრასთან დაკავშირებით.

სანდო წყაროს ცნობით მთავარი პროკურორის მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის ორგანიზებით მთავარ პროკურატურაში შედგა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ რამოდენიმე მაღალი რანგის პროკურორი. შეხვედრის მიზანი იყო ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმეების ხელოვნურად შეკერვა.

ნაცვლიშვილმა გასცა მკაცრი ბრძანება, რომ ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით საპროცესო ნორმების უხეში დარღვევის ჩათვლით უახლოეს პერიოდში ბაჩოს წინააღმდეგ წარდგენილი იყოს ახალი ბრალი.

პროკურორებმა მიიღეს მითითება, რომ ჩამოაყალიბონ მწყობრი ლეგენდა და ცრუ დასმენაზე წამომსვლელი ადამიანების მეშვეობით მოხდეს ჩვენებების ფალსიფიცირება. მთავარი პროკურორის მოადგილემ პროკურორები გააფრთხილა, რომ დავალების სრულყოფილად ვერ შესრულების შემთხვევაში მათ დაეკისრებოდათ პასუხისმგბელობა.

ცალსახაა, რომ ასეთი ტიპის ბრაძანება შეიძლება მოდიოდეს პრემიერ-მინისტრისა და იუსტიციის მინისტრისაგან.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სარჩულს შეიცავს და არავითარი საერთო არ აქვს კანონის უზენაესობასთან და სამართლიანობასთან.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იუსტიციის მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და მთავარი პროკურორი პირადად აწარმოებდნენ ბინძურ კამპანიას ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ და სასტიკ დანაშაულებში სდებდნენ ბრალს, რითაც პირდაპირ ზეწოლას ახდენენ გამოძიებაზე და სასამართლოზე. საბოლოო ჯამში მის წინააღმდეგ მტკიცებულებების გარეშე წაყენებულმა უსაფუძვლო ბრალდებებმა საზოგადოებას დაანახა ამ პირების განცხადებების სიცრუე.

ამან ბუნებრივია გამოიწვია პრემიერ-მინისტრის და ზემოთ ჩამოთვლილი თანამდებობების პირების წუხილი. შესაბამისად მათ ჩათვალეს საჭიროდ, ლაშა ნაცვლიშვილის მეშვეობით, რომელიც ასეთი საქმეების ოსტატია, შექმნან ლეგენდა.

მინდა ყველას ვუთხრა, რომ ბაჩოს პიროვნებაზე მეტყველებს ის ცვლილებები, რომელიც მან გაატარა სასჯელაღსრულების სისტემაში და თავდაცვის სამინისტროში და მის მიერ გაკეთებული საქმეები, ხოლო ის ამორალური ქმედებები, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო სჩადის ფუჭია და მთავრობის წევრებისა და იუსტიციის სამინისტროს მაღალი თანამდებობების პირების ადამიანურ პრინციპებზე მეტყველებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100