"ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ხელახალ იმპიჩმენტს იწყებს
"ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ხელახალ იმპიჩმენტს იწყებს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა.
ივანიშვილის გუნდი სალომე ზურაბიშვილს კვლავ კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. საქმე საქართველოს პრეზიდენტის ევროპულ ტურნეს ეხება, საიდანაც ზურაბიშვილი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და მმართველ გუნდს პოლიტიკური დასარული დაუანონსა.
ამასთან, შალვა პაპუაშვილი თავს ევროპულ ქვეყნებსაც ესხმის და ამტკიცებს, რომ მათი მხრიდნ სალომე ზურაბიშვილის მიღება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და საქართველოს კონსტიტუციის შეურაცხყოფაა.
მიიღო რა რადიკალური ოპოზიციისგან კონსტიტუციის დარღვევის საკითხში ხელშეუხებლობის გარანტია, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა მოგვიანებითაც განაგრძო. კერძოდ, მან იმპიჩმენტის პროცედურის დასრულების შემდეგაც განახორციელა რამდენიმე საგარეო ვიზიტი საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. მათ შორის, გასულ კვირას ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბელგიაში.
აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე უცხო ქვეყნებს და ორგანიზაციებს შეეძლოთ, ეთქვათ, რომ მათთვის ცნობილი არ იყო, რომ პრეზიდენტს ვიზიტისთვის მთავრობის თანხმობა ესაჭიროებოდა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს მთავრობის სავალდებულო თანხმობის გარეშე სალომე ზურაბიშვილის მიღება ქართველი ხალხის და მისი კონსტიტუციის მოწყობის განზრახ უპატივცემულობასთან ერთად, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის დარღვევაა და ეწინააღმდეგება ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს.
ჩვენი კონსტიტუცია ის ფუძემდებელი აქტია, რომელშიც ქართველი ხალხის ნება განსაკუთრებულ ასახვას ჰპოვებს, ამიტომ მისი განზრახი, ღია და თავხედური დარღვევა რეაგირების გარეშე ვერ დარჩება.
აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, ხელახლა აღვძრათ იმპიჩმენტის პროცედურა და მოვამზადოთ ახალი კონსტიტუციური წარდგინება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება.
არ შეიძლება ქართველი ხალხის მთავარი კანონის განზრახი, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი დავტოვოთ. კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი, რაც, როგორც პრეცედენტი, შეასრულებს უმნიშვნელოვანეს პრევენციულ როლს მომავალში ამგვარი თვითნებობის თავიდან ასაცილებლად და ქართული დემოკრატიის განსამტკიცებლად“, განაცხადა შალვა პაპუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.
ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესი "ქართულმა ოცნებამ" პირველად 2023 წლის 1-ელ სექტემბერს დაიწყო. მიზეზი მაშინაც ევროპული კურსის მხარდასაჭერად, პრეზიდენტის ევროპული ტურნე გახდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი იმავე წლის 16 ოქტომბერს კონსტიტუციის დამრღვევად ცნო. 9 მოსამართლიდან გადაწყვეტილებაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ - ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს.
ამის შემდეგ პროცესმა პარლამენტში გადაინაცვლა. იმპიჩმენტისთვის მმართველ პარტიას 100 ხმა სჭირდებოდა, თუმცა იმპიჩმენტი ვერ შედგა.
კომენტარი