სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქალი, როგორც საქონელი

26 ივლისს იმედის კვირამ სიუჟეტი შემოგვთავაზა, სადაც ორი ოჯახი ერთმანეთს ღირსების წართმევაში ადანაშაულებს. საგულდაგულოდ დალაგებული სახლები და გამოტანილი ავეჯი, ტელევიზიისთვის სადღესასწაულო სამოსში გამოწყობილი ადამიანები და იმედის კვირა - წარმოგვიდგენს ქალზე ძალადობის საშინელ სანახაობას. სიუჟეტის შუაში გულწასული მარიამიც მოჩანს და მისი ნაცემი სახის ფოტოც. 19 წლის გოგონას ცუდად ყოფნის ამსახველი კადრები ერთადერთია, რაც მარიამს, როგორც ადამიანს წარმოაჩენს; მთელი დანარჩენი სიუჟეტი მას ნივთად განიხილავს, რომელსაც წუნი ჰქონია, ან არ ჰქონია.

ამბავი კი ასე დაიწყო: 34 წლის ქმარმა პატარძალს საქალწულე აპკის მდგომარეობა დაუწუნა, ამის გამო სასტიკად სცემა, და როგორც ამას ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, მასთან იძულებითი “გაუკუღმართებული” სქესობრივი კავშირი დაამყარა,

ცამეტწუთიან სიუჟეტში აჩვენებენ ორივე ოჯახის წევრებს, მეზობლებს, ადვოკატებს, თანასოფლელებს და ყველა უკლებლივ, ჟურნალისტის ჩათვლით, საუბრობს ქალიშვილობის ინსტიტუტზე და ქართულ ტრადიციაზე. სინამდვილეში კი ისინი მოტყუებით დადებული გარიგების პრობლემატიკაზე საუბრობენ, ანუ:

ჟორჟოლიანები ამტკიცებენ, რომ წუნიანი საქონელი მოტყუებით შეაძლიეს (ანუ არაქალიშვილი პატარძალი), ხოჯავები ამტკიცებენ, რომ საქონელი, რომელიც მათ მიაწოდეს ჟორჟოლიანებს იყო უნაკლო (ანუ ქალიშვილი პატარძალი), ექსპერტიზაც კი იმას ამტკიცებს, რომ საქონელი უნაკლო იყო და ის ნაკლი, რაც ახლა აქვს (ანუ დარღვეული აპკი) შემძენმა, უფრო კონკერტულად კი ფაქტობრივმა მოსარგებლემ (ანუ მოძალადე ქმარმა) მიაყენა.

რა ქალთა უფლებები? რა ღირსება? ვინ მარიამი?

ქალის “გა-თხოვების”, - ერთი ოჯახიდან მეორეში განათხოვრებული ნივთის ნაკლულობას და მოტყუებით დადებული გარიგების პრობლემატიკის განხილვას ვერ გასცდენია ვერავინ: ვერც ოჯახი, ვერც ადვოკატი, ვერც ჟურნალისტი და ვერც საზოგადოება.

მარიამი არის ქალი. და რაც არ უნდა საქონლად წარმოაჩინოს პატრიარქალურმა საზოგადოებამ, ის თავისუფალი და ღირსების მქონე ადამიანია. საქალწულე აპკი არ არის არც პატიოსნების და არც ხარისხის ნიშანი, ის ძალადობის იარაღია პატრიარქატის ხელში. ქალიშვილობის "ინსტიტუტი" ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაუქმდეს, როგორც ქალის სექსუალობის კონტროლისა და ჩაგვრის ტრადიცია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100