სიბერე 27 წლის ასაკში იწყება
ადამიანთა უმრავლესობისთვის სიბერეს მოჰყვება მეხსიერების გაუარესება, მსჯელობის უნარისა და საღი აზროვნების დაქვეითება.
ვირჯინიის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ახლახან ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ტვინის დაბერება გაცილებით ადრე იწყება, ვიდრე გვეგონა. პროფესორი ტიმოთი სოლთჰაუსი 7 წლის განმავლობაში იკვლევდა 2 ათას ადამიანს, რის შედეგადაც დაადგინა, რომ ტვინი შესაძლებლობათა ზღვარს 22 წლის ასაკში აღწევს. 27 წლიდან იწყება დაბერების შეუქცევადი პროცესი. კვლევის პროცესში მოხალისეებს, ჯანმრთელ და კარგი განათლების მქონე 18-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანებს, უნდა გამოეცნოთ გამოცანები, გაეხსენებინათ იშვიათი სიტყვები და ტერმინები, მოეყოლათ ადრე გაგონილი ისტორიის დეტალები. ჟურნალ "სიბერის ნეირობიოლოგიაში" გამოქვეყნებული კვლევის შედეგები მოწმობს, რომ 22 წლის ასაკში მიღწეული პიკის შემდეგ პირველი მნიშვნელოვანი ჩავარდნა 27 წლის ასაკში შეინიშნება. საშუალოსტატისტიკური ადამიანის მახსოვრობა 37 წლის ასაკში უარესდება. კიდევ უფრო უარესია მონაცემები 42 წლის შემდეგ. გამოკვლევის შედეგად მეცნიერებმა ერთი იმედის მომცემი დასკვნა მაინც გამოიტანეს: ცოდნის აკუმულირებაზე დაფუძნებული შესაძლებლობები, როგორიცაა უკვე შეძენილი ცოდნის აქტიური გამოყენების უნარი, ადამიანს მინიმუმ 60 წლამდე უნარჩუნდება.
კომენტარი