სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„სტალინისმაგვარ მახინჯ კერპებს თავისუფალ საქართველოში ადგილი არ უნდა ჰქონდეთ“

გორის ცენტრალურ მოედანზე საბჭოთა „ბელადის“ – იოსებ სტალინის ძეგლი აიღეს. გორის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ძეგლს სტალინის სახლ-მუზეუმში გადაიტანენ, ხოლო მის ადგილზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ქართველების მემორიალი აღიმართება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ძეგლი სტალინის სიცოცხლეში, 1952 წელს დაიდგა და მისი მოქანდაკე შოთა მიქატაძეა.

1980-90-იანი წლების მიჯნაზე, ქართული ეროვნული მოძრაობის პერიოდში, განზრახული იყო გორში მდგარი ძეგლის განადგურება, თუმცა გორის მოსახლეობის მოთხოვნით მონუმენტი შენარჩუნდა.
2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, გორის ოკუპაციამ და მსოფლიო მედიის გაძლიერებულმა ყურადღებამ ქალაქისა და მისი სიმბოლიკისადმი სტალინის ძეგლის საკითხი კვლავ აქტუალური გახადა. ამავე წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობამ ძეგლის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო და ორი წლის შემდეგ აღნიშნული ძეგლი გორის მოედანს „დაემშვიდობა“.

რა ბედი ელის „დიდი ბელადის“ ძეგლს და სად შეიძლება მან ბინა დაიმკვიდროს, ამ თემაზე კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს, ნიკა რურუას ვესაუბრეთ.
„დრონი.ჯი“: რატომ გახდა აუცილებელი სტალინის ძეგლის დემონტაჟი?

– სტალინი იყო პოლიტიკური დამნაშავე, რომელიც 1921 წელს საქართველოში რუსეთის ბოლშევიკურ არმიას შემოუძღვა. ის იყო ადამიანი, ვინც ჩვენი მოკავშირე ერების ნაწილი გაანადგურა. რეპრესიებს ემსხვერპლა ქართველი ერის ელიტა. მისი დანაშაულის გასაცნობიერებლად რამდენიმე გვარის დასახელებაც კმარა – მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, ევგენი მიქელაძე და ისინი, ვინც წარმოადგენდნენ ჩვენი ერის ელიტას, დაწყებული იუნკერებით, რომლებიც დაეცნენ საქართველოს თავისუფლებისთვის 1921 წელს კოჯორში, დამთავრებული 2008 წელს დაღუპული ქართველი მეომრებით, ამიტომ, ვფიქრობ, რომ სტალინისმაგვარ მახინჯ კერპებს თავისუფალ საქართველოში ადგილი არ უნდა ჰქონდეთ. დაუდევრობაა, თბილისში, გმირთა მოედანზე თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი გვქონდეს და საქართველოს ერთ-ერთი ქალაქის მთავარ მოედანზე დიქტატორის ძეგლი იდგეს.
– სტალინის ძეგლის ადგილზე თუ იგეგმება სხვა სკულპტურის ან ძეგლის დადგმა?

– სტალინის ძეგლის ნაცვლად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში და ასევე სტალინური საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლთა მემორიალი დაიდგმება.
– აღნიშნული მემორიალი უკვე მზად არის?
– ჯერ არა. გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი. ვისურვებდი, რომ ამ კონკურსში მონაწილეობა მიიღონ სკულპტორებმა _ ხელოვანებმა არა მარტო საქართველოდან, არამედ მთელი მსოფლიოდან, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავასამაროთ ეს პოლიტიკური აბსურდი, ექსპერიმენტი, რომელმაც უმძიმესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა საქართველოში.
– რა ბედი ელის სტალინის ძეგლს?
– რაც შეეხება სტალინის ძეგლს, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ის დარჩება მუზეუმის ტერიტორიაზე და უახლოეს მომავალში ჩვენ შევქმნით მუზეუმს მუზეუმის შესახებ, ანუ ექსპოზიციას, სადაც შეგვეძლება ვნახოთ, თუ როგორ აწოდებდა საბჭოთა დიქტატორი თავის იმიჯს თავის მოქალაქეებს და ეს გაკეთდება იმისათვის, რომ დიქტატურა აღარასდროს განმეორდეს არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ.
P.შ. სტალინის ძეგლის დემონტაჟის შემდეგაც მის ირგვლივ დავა არ ცხრება. ბევრისთვის ძეგლი ტოტალიტარიზმისა და საბჭოთა ოკუპაციის სიმბოლოა და მისი არსებობა ამ სახით გაუმართლებელია; სხვები კი ძეგლის შენარჩუნებისადმი თავიანთ მხარდაჭერას ტურისტული ინტერესით ხსნიან. ასეა თუ ისე, ვისაც „დიდი საბჭოთა ბელადი“ მოენატრება, მისი ნახვა გორის მუზეუმში შეუძლია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100