სენაკის ბაზიდან ჯარისკაცი დაიკარგა
სენაკის სამხედრო ბაზიდან უგზოუკვლოდ დაიკარგა ჯარისკაცი. ჯერჯერობით არავინ იცის თუ სად გაქრა გალის რაიონის სოფელ აჩიგვარას მკვიდრი ლევან შაკაია. ინფორმაციას ექსკლუზიურად ,,სმო.ჯი“ აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, ახალგაზრდა ჯარისკაცის ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იციან ლევან შაკაიას ოჯახის წევრებმაც.
როგორც ინტერნეტ გამოცემა წერს, ლევან შაკაია აფხაზეთიდან დევნილია და ის ოჯახთან ერთად ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში ცხოვრობს. როგორც ლევანის ოჯახის წევრები ამბობენ, ახალგაზრდა ჯარისკაცი უკვე შვიდი წელია ქართულ ჯარში მსახურობს. თავდაპირველად ლევან შაკაია ბათუმის, შემდეგ ქუთაისის სამხედრო ბაზაზე და ბოლო 3 წლის განმავლობაში სენაკის სამხედრო ბაზაში მსახურობდა. კაპრალი ლევან შაკაია იმყოფებოდა ერაყსა და ავღანეთში. ნათესავებისა და ოჯახის წევრების განცხადებით ის ისევ აპირებდა ავღანეთში გამგზავრებას.
კომენტარი