სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი მილი მეჯლისში: „ერთხელ აწეული დროშა აღარასდროს ჩამოვარდება!“(ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანელ კანონმდებლებთან გამოსვლა მილი მეჯლისში უკვდავი ნაწარმოების „ალი და ნინოს“ მოტივებზე დაასრულა, სადაც აღწერილია, აზერბაიჯანელი მამაკაცისა და ქართველი ქალის სიყვარულის ტრაგიკული ისტორია, რომელიც რუსეთის მხრიდან ბაქოს ოკუპაციამ ჩაშალა:

„ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ალი და ნინოს სიყვარულის ისტორია გაგრძელდეს, რომ მათი სიყვარულის გაგრძელება დაიწეროს, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ მათი სიყვარული ვერასდროს ჩაშალოს გარეშე დამპყრობლის უხეშმა ძალამ, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ თანამედროვე ალიმ და ნინომ მშვიდობიანად იცხოვრონ, მშვიდობიან ქვეყნებში. ერთხელ აწეული დროშა აღარასდროს ჩამოვარდება!“ - მიხეილ სააკაშვილმა ბოლო ფრაზა ქართულის შემდეგ, აზერბაიჯანულ ენაზე წარმოთქვა, რითაც მისი გამოსვლა დასრულდა.

გამოსვლის დასრულებას აზერბაიჯანელი პარლამენტარებისგან ხანგრძლივი ოვაცია მოჰყვა - ისინი ფეხზე წამოდგნენ და საქართველოს პრეზიდენტი დარბაზიდან ასე გააცილეს.

გამოსვლის ბოლო ნაწილში საქართველოს პრეზიდენტმა „ალი და ნინოს“ ფრაგმენტიც წაიკითხა, სადაც ბაქოში წითელარმიელთა წინააღმდეგ ბრძოლებია აღწერილი, რომელშიც ნაწარმოების მთავარი გმირი - ალიც მონაწილეობს.

მიხეილ სააკაშვილმა მანამდე საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ურთიერთთანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავა.

„ნურავის ნუ შეაშფოთებს ის, რომ ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო ახლო გახდება. ვგეგმავთ მრავალ პროექტს, მათ შორის, ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ერთობლივ მასპინძლობაზე განაცხადის შეტანას და კიდევ სხვა პროექტებს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მილი მეჯლისში გამოსვლის დროს.

მიხეილ სააკაშვილმა რუსეთთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსი პატრიოტები მტრები არ არიან:

„ძლიერი რუსული პროპაგანდისტული მანქანის მიერ გავრცელებული ხმების მიუხედავად, მე არ ვარ დაინტერესებული, დაუძლურებული რუსეთი ვიხილო: ჩემი მიზანია, ვიხილო რუსეთი დემოკრატიული და სტაბილური“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა, ხოლო „ევრაზიული კავშირის“ შესახებ საუბრისას განაცხადა:

"ამას წინათ ზოგიერთმა ნოსტალგიურად განწყობილმა ლიდერმა მოსკოვში ახალი ძველი იდეა წარმოადგინა - ევრაზიული კავშირის შექმნის იდეა. მოდით, ნუ შევცდებით. სახელი ოდნავ შეიცვალა, მაგრამ შინაარსი მთლიანად უცვლელია... ამ კავშირს მრავალი სახელი აქვს, მაგრამ მხოლოდ ერთი მნიშვნელობა: ჩვენთვის, რუსეთის ფედერაციის მეზობლებისთვის, ეს არის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის, რასულ ზადესა და ჩვენი წინაპრების ოცნების დასასრული. ეს პროექტი ვერ და არ იქნება წარმატებული. ის ვერ და არ იქნება წარმატებული, რადგან ხალხი არ დათმობს თავისუფლებას, ერები არ დათმობენ დამოუკიდებლობას და სახელმწიფოები კი - საკუთარი გზის არჩევის უფლებას მეგობრებო! ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები და გავიხსენოთ, რომ მსგავს კავშირებს სხვადასხვა დროს სხავადასხვა სახელი ერქვათ, მათი არსი კი ყოველთვის ერთნაირი რჩებოდა“. - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა რომ ორი ქვეყნის მომავალი ევროკავშირსა და ნატოშია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100