სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კატარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებს საქართველოში პროექტების განხორციელება სურთ

კატარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი 20 წამყვანი კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების განხორციელების სურვილი გამოთქვეს. დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ბიზნეს დელეგაციის წევრებს შეხვდა. მან სტუმრებს მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტისთვის და გამოთქვა იმედი, რომ ახლო მომავალში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უფრო მჭიდრო და მრავლისმომცველი გახდება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო საკითხებზე მსჯელობას.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა კატარის დელეგაციას ქართული საინვესტიციო გარემო გააცნო. მისი განცხადებით, საქართველო ინვესტიციით დაინტერესებულ ბიზნესის წარმომადგენლებსა და სხვადასხვა კომპანებს სთავაზობს ბიზნესშესაძლებლობების ფართო არჩევანს ქვეყნის ისეთ სწრაფად მზარდ სექტორებში, როგორებიცაა ჰიდროენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და უძრავი ქონება, მრეწველობა, რეგიონალური სერვისების ჰაბი, ლოგისტიკა.

მანვე ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოსა და ლიბერალურ საგადასახადო სისტემაზე. ამასთან ხაზი გაუსვა საქართველოს განსაკუთრებულ და ხელსაყრელ ადგილმდებარეობას.

დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან კატარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი 20 წამყვანი კომპანიის მაღალი რანგის წარმომადგენლები. დელეგაციას ხელმძღვანელობს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი და კატარში ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატის, Al Baida Group-ის თავმჯდომარე ალი ალ მისნადი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100