ცხინვალის ომის დროს: - я ведь грузин?
ცხინვალის ომის დროს
პოზიციაზე ვიდექით, მტერი ახლოს იყო, მაგრამ საშიშროება მაინც არ იგრძნობოდა. საშინლად ცხელოდა, ლეიტენანტმა წყლის მოტანა მიბრძანა.
სოფელს რომ მივუახლოვდი, აფეთქების ხმა გაისმა.
ღრმა თხრილში ჩავხტი.
- ეი! - ხმა ჩამომესმა.
ავიხედე - რუსი ჯარისკაცი მადგას თავზე!
გამაჟრჟოლა - იარაღი თან არა მქონდა!
თხრილში ჩამოფოფხდა, გამომცდელად მიყურა ცოტა ხანს, მერე თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა - „сейчас !“ და ჯიბეში დაიწყო რაღაცის ძებნა, დიდხანს ეძება, ბოლოს ქურთუკის გულის ჯიბიდან გაყვითლებული ქაღალდი ამოიღო და გამომიწოდა.
,,რომ გაიზრდები, ჩამოდი ხაშურში. მამაშენი ვალიკო მშვენიერაძე”; - ქართულად ეწერა.
- поведешь? автомат подарю!
ტყეში შესულებმა ხაშურისკენ ავიღეთ გეზი:
- мать давно умерла, никто не остался!
უცებ შედგა და მეკითხება:
- я ведь грузин?
- конечно! - გამეღიმა.
კარგი ვაჟკაცი ჩანდა.
კომენტარი