სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Facebook- ჩანაწერი: "მე ის სპეცრაზმელი ვარ!"

ამ ჩანაწერისკენ ინტერნეტსივრცეში ატეხილმა აჟიოტაჟმა მიბიძგა. უამრავი ადამიანი ამტკიცებს, რომ 25-26 მაისის ღამით დარბეული მიტინგი "არაპროპორციული" იყო. ეს სიტყვა, ტერმინი, ორიოდ წლის წინ რუსეთის ჯარების საქართველოში შემოჭრის, საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპირების და, შემდეგ, მისი ანექსიის შესაფასებლად გაისმა და ევროპის მიერ მაშინ მომხდარის შეფასებად იყო ფორმულირებული. იგი, ასე რომ ვთქვათ - "რბილად" აკრიტიკებდა რუსეთს ინტერვენციის გამო. მისი პერიფრაზირება, მაგრამ აზრის ზედმიწევნით ზუსტად შენარჩუნება, ალბათ, ასეთი იქნებოდა: "კი, რუსეთს ჰქონდა უფლება, რომ საქართველოში შემოჭრილიყო, მაგრამ არა ამდენი ჯარით; მოეხდინა ეთნოწმენდა (?!), მაგრამ არა ამდენი ჯარით; დაეხოცა ქართველები, მაგრამ არა ამდენი ჯარით"... მახსოვს, რამხელა გულისტკენა დატოვა მაშინ ჩემში ამ ტერმინმა. ევროპა და მსოფლოის ძლიერი, დემოკრატიული ნაწილი ვერ გაუმკლავდა რუსეთის დამპყრობლურ და აგრესიულ პოლიტიკას. რა მიზეზებით მოხდა ეს, აღარ ჩავუღრმავდები, უბრალოდ, ფაქტს აღვნიშნავ, რომ ეს ტერმინი ადრე ამ სახით "გამოჩნდა".

მე მხოლოდ იმის გარკვევას შევეცდები, რა შესაძლო მიზეზებით (ან მიზნებით) იყენებენ ამ სიტყვას ზემოთხსენებული მიტინგის დარბევის შემთხვევაში.

25-26 მაისის ღამეს, მას შემდეგ, რაც მერიის (თუ საკრებულოს, ზუსტად არ ვიცი) წარმომადგენელმა მომიტინგეებს განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ საპროტესტო აქციის სხვა ტერიტორიაზე გადატანა შესთავაზა და პასუხად შეთავაზების უგულვებელყოფა მიიღო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა, გაძლიერებულმა საპატრულო პოლიციისა და სხვა ქვედანაყოფებით, დაიწყო მიტინგის ძალის გამოყენებით დაშლა. გამოყენებული იყო სპეციალური ტექნიკაც - სირენები, წყლის ჭავლი მობილიზებული სახანძრო მანქანებიდან , ხელკეტები, რეზინის ტყვიები, ფარები. იყო მსხვერპლი: ორი პირი, მათგან ერთი - პოლიციელი, ხოლო მეორე - მომიტინგე, აქციის ორგანიზატორთა ესკორტის მიერ ავტოავარიით დაღუპული და კიდევ ორი პირი, რომელთა ცხედრები აღმოჩენილი იქნა მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი მაღაზიის სახურავზე, სავარაუდოდ, მაღალი ძაბვის კაბელებთან შეხებით გარდაცვლილი (წინასწარი ვერსიით, ალბათ, საგამოძიებო საქმიანობა ჯერ დასრულებული არაა). დაახლოებით 90-მდე (ჩემი დაკვირვებით, ზუსტად არ ვიცი) ადამიანმა მიიღო სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება და უმეტესი მათგანი საჭიროებდა პირველად გადაუდებელ და, ასევე, ხანგრძლივ მკურნალობას.

ეს "მშრალი" ფაქტია.

მაგრამ, ამ მშრალი ფაქტების გარდა, არის ემოცია, რომელსაც ვერავინ გავექცევით.

ყოველთვის, როცა განსაკუთრებულ შემთხვევაში ვინმეს (ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის) ქცევას ვაანალიზებ, ვცდილობ გავარკვიო - ჩემთვის ნაცნობი მოცემულებების მიხედვით, როგორ მოვიქცეოდი თავად, არსებულ სიტუაციაში; ერთგვარად, გონებრივი ექსპერიმენტის მოდელირებას ვახდენ.

მაშ ასე, მე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმელი ვარ, რომელიც 25 მაისის გვიან ღამით საგანგაშო ბრძანებით გამოვცხადდი მობილიზაციის ადგილას...

მე ის სპეცრაზმელი ვარ, რომელიც 2008 წლის აგვისტოში, შიდა ქართლში გამწვავებული სიტუაციის დროს გადამისროლეს ომის შუაგულში. მე და ჩემი თანამებრძოლები ერთ-ერთი პირველები ჩავერთეთ მტერთან, რუსეთთან უთანასწორო ბრძოლაში. მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი ის უზარმაზარი სამხედრო მანქანა, დრაკონივით რომ მოიზლაზნება როკის გვირაბიდან საქართველოს შუაგულისკენ, საქართველოს დედაქალაქისკენ და გზაზე ყველაფერს, რასაც ქართული ეწოდება, ანადგურებს. ვიცი, ახლა "სიკვდილი იოლია, სიცოცხლეა ძნელი, ძნელი"... და მე ამ სიკვდილის გზაზე ვდგავარ. კი, მე მავარჯიშებდნენ ბრძოლისთვის, კი, მე თავიდანვე ვიცოდი, რომ ოდესმე, თუ სახელმწიფოს, სამშობლოს დაჭირდებოდა, უყოყმანოდ უნდა ჩავბმულიყავი ბრძოლაში, კი, მე ვიცოდი, რომ ფიზიკურად ძლიერი ვიყავი და ჩემი საქმის პროფესიონალი, მაგრამ... მაგრამ მე ერთდროულად ათი კაცი უნდა ვყოფილიყავი, ჩემი ქვეყნის მტერს რომ გავმკლავებოდი და მაშინაც, თავიდან ვერ ავიცილებდი მსხვერპლს... უდანაშაულო ქალებსა და ბავშვებს, მოხუცებს, დიდ-პატარას, ომი რომ განურჩევლად დევნილებად აქცევდა, გადამწვარ-გადაბუგულ სოფლებს ჩემივე სამშობლოში; დაღუპულ და დასახიჩრებულ თანამებრძოლებს... მაგრამ მე მაინც ჩავები ბრძოლაში, განწირული ადამიანის სასოწარკვეთილი თავდადებით ვიბრძოდი ყოველი გოჯისთვის, ყოველი სულიერისთვის... ერთი ვიყავი, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოდი... რადგან - მე საქართველოსთან ერთად ვკვდებოდი...

ომი დამთავრდა და დავრჩი დამარცხებული, დასახიჩრებული სულიერად და მორალურად... მტერმა მომკვეთა და მიისაკუთრა ჩემი სამშობლოს საუკეთესო ნაწილები. თითქოს, შიგნეული ამომგლიჯეს და ახლა, ეს ბინძური კაციჭამიები მყრალი ხორხოცით ზეიმობენ ჩემს დაფლეთას.

არავის, არავის ძალუძს ამ სამყაროში ჩემი მტრის მადის ალაგმვა.

ვიცი, ჯერ არ "დანაყრებულა" ჩემი ხორცით მტერი. ერთი სული აქვს, გულს როდის ამომგლეჯს, როდის შეთქვლეფს მრავალი ათასი წლის წინაპართა ნალოლიავებ ჩემს სამშობლოს. ვიცი, საბაბს ეძებს, რომ კიდევ განაახლოს "ნადიმი"...

დღეს 25 მაისია. წინა დღე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულისა. უკვე ოცი წელი გავიდა, რაც ეს დღე აღვადგინეთ... ქართველებმა... მაგრამ ეს ოცი წელი იყო არა თავისუფლების, არამედ ბრძოლის ოცი წელი. ხვალინდელი დღე სიმბოლოა ჩემი სიცოცხლის, ჩემი არსებობისთვის... თუმცა...

მტერს შეკრული ჩემივე თანამემამულე...

არა, ვცდები!.. მტერს შეკრული არაა ჩემი თანამემამულე!.. ის ჩემი მტრის თანამემამულე, მისი თანამოსაქმეა!..

მტერი, ჩემივე თანამოძმის ტყავით, შემოძვრა ჩემს სხეულში, ჩემს სამშობლოში და ახლა შიგნიდან ცდილობს მის დარღვევას; მისი ცნობიერების შერყევას. გამუდმებით ებრძვის ჩემს არსებობას ჩემივე სახელით!!! ცდილობს მეგობრების საბოტირებას (დაქირავებული "ქართველი" ტერორისტები გალიდან, ანტიამერიკული მიტინგი "საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით" აშშ საელჩოსთან, ვიზიტები და თანამშრომლობის კონსულტაციები რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელებთან - ჩემს პირდაპირ მტრებთან) მაშინ, როცა ამ მეგობრების თანადგომით ვახერხებ ჭრილობების მოშუშებას და აღდგენას და სხვა გზა, სხვა საშველი არც მაქვს. თანაც, იმუქრებიან - სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთო... ვისი სისხლის?!. ჩემი და ჩემი თანამემამულეების?!. ესენი საკუთარ სისხლს არ გაიღებენ ვინმესთის!.. ამათ ხომ, ლუკმის გაღებაც უჭირთ მშიერისთვის და დაკარგული ძალაუფლების აღდგენისთვის იბრძვიან?!.

ესენი კიბოს უჯრედებივით არიან - თუ მივუშვი, მეტასტაზები ისე მოედება მთელ სხეულს, ვეღარაფერი უშველის...

...

კი, მე ამ შემთხვევაში დაუნდობელი ვიქნებოდი, პატიოსნად ვაღიარებ!

...

(გაგრძელება, ანუ ალტერნატიული "მომიტინგე მე", ოდნავ მოგვიანებით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100