ალასანია, მარგველაშვილი, იმერლიშვილი - რაზე ისაუბრეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში?
საქართველოს პრეზიდენტმა უელსში დაგეგმილ ნატოს სამიტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე დავით დონდუა დაესწრნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის წარმომადგენლებისაგან ნატოს უელსის სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. „სამიტი მოახლოვდა და დღეს ჩვენ ის პოზიციები განვიხილეთ, რაც ნატო-საქართველოს პაკეტთან დაკავშირებით გვაქვს. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, პრეზიდენტს ამ საკითხებთან დაკავშირებით ყველა დეტალი მოვახსენეთ. სამიტზე წასვლამდე კიდევ გვექნება შეხვედრა, სადაც სამინისტროები ერთობლივ წინადადებებს წარმოადგენენ“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
როგორც ცნობილია, ნატოს სამიტი უელსში 4-5 სექტემბერს გაიმართება და საქართველოს დელეგაციას ქვეყნის პირველი პირი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს.
კომენტარი