სანადირო თოფიდან 2-ჯერ ესროლა, დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა - შსს-მ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა
შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული გ.ძ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ძ.-მ თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს - 1989 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს სანადირო თოფიდან 2-ჯერ ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გ.ძ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, თელავის რაიონის სოფელ კონდოლში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - არარეგისტრირებული სანადირო თოფი შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).
კომენტარი