სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად კულუარებში პაატა ედუარდის ძე შევარდნაძე სახელდება

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ორბიტაზე სტაბილურობამ ვერა და ვერ დაისადგურა. ვერც იმას დაადგა საშველი, რომ ბიზნესმენი ჩამოყალიბებულიყო და საკუთარი პოლიტიკური გუნდი წარმოაედგინა. ის კი, რაც დღესდღეობით უკვე ცნობილია მისი პოლიტიკური კადრების შესახებ, შესაძლოა, უბრალოდ, სატყუარა აღმოჩნდეს.

დღევანდელი მოცემულობით, ბიძინა ივანიშვილმა უკვე დადო ფსონი ირაკლი ალასანიასა და რესპუბლიკელებზე. მათ შორის მოიაზრება გუბაზ სანიკიძეც. არ გამოირიცხება ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობაც, მაგრამ ამ მხრივ მხოლოდ ზეპირი განცხადებები კეთდება.

ბიძინა ივანიშვილის მიერ თავიდანვე გაცხადებული გეგმის თანახმად, ის პრეზიდენტობას არ აპირებს. მის გეგმაში ბიზნესმენი საკუთარ თავს მხოლოდ პრემიერ–მინისტრად, ისიც – დროებით მოიაზრებს. აქედან გამომდინარე, ექსპერტებმაც და უბრალოდ, „პოლიტიკის მოყვარულმა“ ქართველებმაც უკვე დაასკვნეს, რომ ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად ირაკლი ალასანიას განიხილავს. რა თქმა უნდა, ამბიციები ალასანიასაც აქვს. მის გარემოცვაში სულ უფრო ხშირად საუბრობენ მასზე, როგორც მომავალ პრეზიდენტზე.

მაგრამ კულუარული ინფორმაცია სულ სხვა რამეზე მიანიშნებს. ასე მაგალითად, „ჩვენი საქართველოს“ ლიდერი, ელისო კილაძე „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში საკმაოდ სკანდალურ ინფორმაციას აჟღერებს და ამ ინფორმაციის წყაროდ „ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ, ოპოზიციურად განწყობილ პიროვნებას“ ასახელებს. სკანდალური თვითონ ის პიროვნებაა, ვისაც, ელისო კილაძის აზრით, ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად ამზადებს: პაატა ედუარდის ძე შევარდნაძე.

კილაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ექსპრეზიდენტის ვაჟს, რომელიც ამჟამად იუნესკოში მუშაობს და პარიზში ცხოვრობს, საფრანგეთის დედაქალაქში არაერთხელ, თანაც მანამდე შეხვდა, სანამ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადებას გააკეთებდა.

თუ ეს ინფორმაცია სარწმუნოა, ცხადი ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გადაწყვეტილება ექსტერნად არ მიუღია და ამისთვის წინასწარ ემზადებოდა. ამ ფონზე უკვე არც ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადება ჩანს უცნაურად, რომლის თანახმადაც, წლების განმავლობაში გაწეული ქველმოქმედება და ბიძინა ივანიშვილის პიროვნების იდუმალების ბურუსში გახვევა ბიზნესმენის სტრატეგიული გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. პოლიტიკოსები იმასაც მიანიშნებენ, რომ ეს გეგმა არ არის მხოლოდ ბიზნესმენ ივანიშვილის მიერ მომზადებული და მის შედგენაში გამოცდილი ხელი კარგად ჩანს...

რაც შეეხება პაატა შევარდნაძესთან საიდუმლო მოლაპარაკებებსა და მის დასახელებას საპრეზიდენტო კანდიდატად, თუ გავიხსენებთ ედუარდ შევარდნაძის განცხადებებს და იმას, რომ ექსპრეზიდენტი ივანიშვილს არათუ მხარს უჭერს, მისთვის მოქალაქეობის არმინიჭების შემთხვევაში სამოქალაქო ომის დაწყებასაც პროგნოზირებს, მაშინ გასაკვირი არც ეს ამბავი იქნება. შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი ჯერ არ მიიჩნევს საჭიროდ პაატა შევარდნაძის მოხსენიებას საკუთარ პოლიტიკურ გეგმებში და ამისთვის საზოგადოებრივი აზრის შემზადებას თვლის აუცილებლად.

თუმცა, ორი წელი არც ისე დიდი დროა, რომ ქართველი საზოგადოება შევარდნაძის ბიოლოგიური მემკვიდრის გულში ჩასახუტებლად მოამზადო. ვნახოთ, რა გამოუვა ივანიშვილს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი განზრახვა მართლაც უდევს გულში. და თუ მსგავსი რამ მართლაც აქვს უზურში, საინტერესოა, ამ ფოტოს გადაღებამდე რა უწინასწარმეტყველა პაატა შევარდნაძეს ლელა კაკულიამ?..

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100