სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ და რომელი საიტები მალავენ რეიტინგის დეტალურ სტატისტიკას „top.ge“-ზე"?

საქართველოში ინტერნეტ სივრცის განვითარების პარალელურად, სულ უფრო მეტად იზრდება ინტერნეტ მედიის მნიშვნელობა.

პოპულარულ ქართულ საინფორმაციო-ანალიტიკურ საიტებს შორის ერთ-ერთი ლიდერია ჩვენი ჰოლდინგის პორტალები - presa.ge, itv.ge, droni.ge, people.ge.

მკითხველმა თუ მაყურებელმა იცის რომ ჩვენი საიტები მაღალრეიტინგულია, რაც ე.წ. ქართული მთვლელის ოფიციალური მონაცემებითაც (top.ge) დასტურდება, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომი და საჯაროა (მათ შორის ჩვენი საიტების რეიტინგების დეტალური სტატისტიკაც).

ჩვენს საინფორმაციო-ანალიტიკურ საიტებს (presa.ge, droni.ge, people.ge) თუ ინტერნეტ ტელევიზიას (itv.ge) გაცილებით მაღალი მონაცემები აქვს საერთაშორისო მთვლელის - google analytics მიხედვითაც, რაც იმით აიხსნება, რომ top.ge-ს, ზოგჯერ ტექნიკური პრობლემა უშლის ხელს ზუსტად აწარმოოს ამა თუ იმ საიტის რეიტინგის სტატისტიკა.

თუმცა, არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. ზოგიერთ საიტს, ჩვენგან განსხვავებით, top.ge-ზე დეტალური სტატისტიკა დაბლოკილი აქვს.

მარტივად რომ ვთქვათ, დაინტერესებულ პირს არ შეუძლია გაეცნოს მაგალითად ambebi.ge-ის, interpresnews.ge-ის, kvirispalitra.ge-ის, palitratv.ge-ის თუ სხვა მეტ-ნაკლებად ცნობილი საიტების რეიტინგების დეტალურ სტატისტიკას.

ექსპერტთა აზრით, ამგვარი მიდგომა მკითხველსა თუ მაყურებელში, პირველ რიგში, სანდოობის პრობლემას აჩენს (იქნებ რეიტინგს აყალბებენ, რაც სტატისტიკის ჩაკეტვის შემთხვევაში საკმაოდ ადვილი, ხოლო გახსნისას - შეუძლებელია იმდენად, რამდენადაც რეიტინგს ისე ვერ გააყალბებ რომ არ გაიშიფრო).

„ამ სფეროში გარკვეულმა ადამიანმა იცის რომ რეიტინგის ე.წ. დეტალური სტატისტიკის ჩაკეტვას აზრი არ აქვს იმ შემთხვევაში, თუ ღიად და პატიოსნად თამაშობ.

ის არგუმენტი კი, თითქოს ესა თუ ის საიტი იმიტომ ბლოკავს დეტალურ სტატისტიკას რომ არ სურს კონკურენტმა გაიგოს თუ რატომ და რის ხარჯზე აგროვებს რეიტინგს, სუსტი და უადგილოა.

კონკრეტული სტატიისა თუ სიუჟეტის რეიტინგის შემოწმება სხვაგვარადაც - მაგალითად „ლაიკების“, „შიარის“ რაოდენობითაც (ასევე პროგრამულად) შეიძლება.

ან რატომ არ უნდა გინდოდეს, მკითხველმა თუ მაყურებელმა შენი საიტის ყველაზე რეიტინგული სტატიისა თუ ვიდეოს შესახებ მოიპოვოს ინფორმაცია?

ამიტომ, მომხმარებლებსა და მითუმეტეს ჩვენში, რეიტინგის დეტალური სტატისტიკის დაბლოკვა მართლაც გარკვეულ ეჭვებს აჩენს.

მარტივია, თუ არ აყალბებ, გახსენი სტატისტიკა. რატომ აჩენ კითხვებსა და ეჭვებს?“, - აცხადებს „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას it სპეციალისტი, დავით კიკნაძე.

„პრესა.ჯი“ კომენტარისთვის დაუკავშირდა პალიტრა მედიის წარმომადგენელსა და ტელე-წამყვანს, მერაბ მეტრეველს. მას ეს კითხვა „ფეისბუქის“ საშუალებით გავუგზავნეთ...

პრესა.ჯი“: მერაბ გამარჯობა, ვამზადებთ სტატიას საიტების რეიტინგებთან დაკავშირებით და შენგან, როგორც პალიტრა მედიის წარმომადგენლისგანგვაინტერესებს აზრი იმის შესახებ თუ რატომ არის TOP.GE-ზე პალიტრა მედიას ყველა საიტის (ამბები, ინტერპრესი, კვირის პალიტრა, პალიტრა ტვ)რეიტინგის დეტალური სტატისტიკა დახურული, მაშინ როცა სხვა ცნობილ პორტალებს ეს ინფორმაცია ღია აქვთ?

მერაბ მეტრეველი: გონზე არ ვარ რაზე მეკითხები. ადმინისტრაციული საკითხები მე არ მეხება მანდ“.

„პრესა.ჯი“ ჯერ კიდევ გუშინ დაუკავშირდა პალიტრა მედიას და სთხოვა დაეფიქსირებინა პოზიცია იმის შესახებ თუ რატომ არ არის მკითხველისა თუ მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია, მათი საიტების რეიტინგის დეტალური სტატისტიკის შესახებ...

გუშინ, პალიტრა მედიაში გვითხრეს რომ ვრეკავდით გვიან და გვთხოვეს რომ დილით დაგვერეკა. „პრესა.ჯი“ პალიტრა მედიას შეთანხმებისამებდ დილითაც დაუკავშირდა.

მათ ჩაიწერეს ჩვენი ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა და დაგვპირდნენ რომ პალიტრა მედიის ოფიციალურ პასუხს წერილობით გადმოგვიგზავნიდნენ.

2 საათიანი ლოდინის შემდეგ, „პრესა.ჯი“ პალიტრა მედიას კვლავ შეეხმიანა. გავესაუბრეთ დაახლოებით 4 ადამიანს, თუმცა, იმ ეტაპზე, პასუხი მაინც ვერ მივიღეთ.

საბოლოდ, პალიტრა მედიას ნიუსრუმის (ინტერპრესნიუსის, ამბების, პალიტრა ტვ-, კვირის პალიტრას...) რედაქტორს, ნატა მუმლაძეს დავუკავშირდით, რომელმაც „პრესა.ჯი“-ს ელექტრონული მისამართი გვთხოვა და დაგვპირდა რომ პასუხს მალევე გვაცნობებდა.

უნდა ითქვას რომ ქალბატონმა მუმლაძემ მართლაც მალევე, წერილობით გვაცნობა პასუხი, რითაც პალიტრა მედიის ოფიციალური პოზიციაც გაახმოვანა.

„მერწმუნეთ, რომ top.ge-ზე სტატისტიკის დახურვის გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ვინმეს მოტყუების მცდელობას. ვისაც აქვს თაღლითობის სურვილი, ამას გახსნილი სტატისტიკითაც ადვილად ახერხებს. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დავხურეთ სტატისტიკა, იყო ის, რომ არ გვინდოდა კონკურენტ საიტებს სცოდნოდათ ჩვენი ფრომოუშენის სქემა.

ჩვენი საიტების მაღალი რეიტინგები ადვილად შეგიძლიათ შეამოწმოთ საერთაშორისო მთვლელების ვებგვერდებზე.

უფრო მეტიც, რიგი საიტებისთვის google analytics-იდან მიღებული მონაცემები ბევრად აღემატება top.ge-ს მიერ დათვლილს.

ამის გამო მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეტაპობრივად მოვახდინოთ google analytics-ის მთვლელის ინტეგრირება ჩვენს ყველა საიტზე და ჩვენი მკითხველი და კონკურენტი საიტები შეძლებენ ადევნონ თვალი ჩვენს რეიტინგებს რამდენიმე მთვლელის საშუალებით“, - გვწერს ნატა მუმლაძე, პალიტრა მედიის ნიუსრუმის რედაქტორი.

„ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. არ ვიცი სხვები რატომ ბლოკავენ ინფორმაციას, რეიტინგის დეტალური სტატისტიკისა და მისი წარმომავლობის შესახებ, მაგრამ presa.ge-ს, droni.ge-ს,itv.ge-სა და people.ge-ს რეიტინგის დეტალური სტატისტიკა, მომხმარებლისთვის სრულიად გახსნილი და ხელმისაწვდომია top.ge-ზე.

დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს დეტალურ ინფორმაციას ჩვენი ჰოლდინგის საიტებისა თუ ინტერნეტ ტელევიზიის რეიტინგის შესახებ (რომელი ქვეყნიდან, ქალაქიდან, რეგიონიდან შემოვიდნენ, რომელი მასალა თუ ვიდეო მოსწონთ და .).

ვიმეორებ: ხელმისაწვდომია სტატისტიკა, რადგან ჩვენ არაფერს ვმალავთ. მომხმარებელმა იცის რომ მაღალი რეიტინგი გვაქვს. თუმცა, პირადად ჩემი აზრით, ზოგიერთი საიტი რეიტინგს არაკეთილსინდისიერად აგროვებს.

ყალბი რეიტინგებით კი ცალკე ბიზნესმენებს - რეკლამის დამკვეთებს ატყუებენ და ცალკე - მომხმარებლებს“, - აცხადებს presa.ge-ს, droni.ge­-ს, itv-ge-ს და people.ge-ს მარკეტინგის მენეჯერი, გიორგი იველაშვილი.

P.S: როგორც აღვნიშნეთ, google analytics ერთ-ერთი ყველაზე სანდო და საიმედო საერთაშორისო მთვლელია. შესაბამისად, მხოლოდ მივესალმებით იმ ფაქტს თუ პალიტრა მედია მიიღებს გადაწყვეტილებას რომ მათი საიტების რეიტინგების დეტალური სტატისტიკა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს (ჩვენი ჰოლდინგის მსგავსად).

მანამდე კი, მკითხველსა და მაყურებელს თავად შეუძლია გააკეთოს დასკვნა - უნდა ჰქონდეს თუ არა, უფლება დარწმუნდეს ამა თუ იმ საიტის რეიტინგის კეთილსინდისიერებაში. ეს კი, მხოლოდ იმ შემთვევაშია შესაძლებელი, თუ საიტის რეიტინგის დეტალური სტატისტიკა საჯარო, გახსნილი და ყველასათვის ხელმისაწვდომია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100