სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ალექსი ჭინჭარაული გარდაიცვალა - ხალხის წიაღიდან ხალხის ხსოვნაში...

ფოლკლორი - ინგლისურად ხალხურ სიბრძნეს ნიშნავს. ეს ტერმინი პირველად 1846 წელს ინგლისელმა სწავლულმა უილიამ ტომსმა გამოიყენა და დროთა ვითარებაში მან საყოველთაო - საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Folk - დღეს ყოველგვარი ხალხური ამ მოკლე და სხარტ სიტყვას უკავშირდება. ფოლკლორი კაცობრიობის თანამოასაკეა და ამაზე არავინ დაობს.

რევაზ ინანიშვილის გარდაცვალების შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში ალექსი ჭინჭარაულმა ასეთი რამ თქვა:

„ერთი ხევსური ხმითმატირალი ასე მიმართავს უდროოდ წასულ კაი ყმას:

„შენ შენფერნ გინდან მატირალნიო, შენის კაცობის დამფასავნიო, წვიმათოდენნი გინდან ცრემლნიო, სამკვლავოდენნი სათვალავნიო.“

ალბათ, სწორედ ალექსი ჭინჭარაულია ის, ვისაც მსგავსი გამოთქმა მიესადაგებოდა - ადამიანს, რომელმაც ხალხის წიაღში იარა, მარგალიტები აგროვა და ბოლოს ისევ ხალხის წიაღს დაუბრუნდა: სანამ იარსებებს ქართული ფოლკლორი, სანამ ქართველები ვიამაყებთ ჩვენი ფოლკლორით და სრულიად სამართლიანად ჩავთვლით, რომ ის ჩვენი საუნჯეა, ალექსი ჭინჭარაულიც იცოცხლებს და ყველას ემახსოვრება: ისევ გადავა ადამიანიდან ადამიანზე მის მიერ შეგროვილი მარგალიტები, ისევ სიცილითა და ხალისით გაიმეორებენ მის კაფიებს, ისევ მხიარულად მოიგონებენ კურიოზულ სიტყვით „შერკინებებს“... მოდით, რამდენიმე ასეთი ეპიზოდი ჩვენც გავიხსენოთ:

ალექსი ჭინჭარაული და ვახუშტი კოტეტიშვილი ერთ წვეულებაზე, ვიწრო კაბებში გამოკვართული რუსი მანდილოსნების გარემოცვაში მოხვდნენ. ალექსი ჭინჭარაულმა დრო იხელთა და ვახუშტი კოტეტიშვილს მიუექსპრომტა:
„ერთი შეხედე, ჩემო ვახუშტი, რა შთამბეჭდავად სდუმან დუმანი!“
ვახუშტი მაშინვე გაეპასუხა: „მზად ვარ, სუყველას თითო ვახიშტო, და დავურიგო თუმან–თუმანი!“

ალექსი ჭინჭარაულს ერთი კონკურენტი ჰყავდა კაფიაობაში – დავითი. ერთ სოფელში ცხოვრობდნენ და ცდილობდნენ, ერთმანეთი „გაემწარებინათ“. ერთხელაც, სახლში მარტო დარჩენილმა ალექსიმ ხინკალი მოხარშა და ის იყო, აქაფქაფებულ, თავმოხდილ ქვაბს დასცქეროდა, რომ მოულოდნელად თავზე დავითი წამოადგა. ალექსი ჭინჭარაულს ბევრი არ უფიქრია, მიიპატიჟა, ოღონდ ასე:

„დავითო, ხინკალ მიირთვი, შენამც გიტირე გამზრდელი!“

დავითმაც პასუხი არ დაახანა: „ცხელია, როგორ შევცვალო, ამას ვუტირე მამზელი!“

ალექსი ჭინჭარაულმა დილით ადრე, რუსთაველის პროსპექტზე რუს ლამაზმანთან ერთად მოსეირნე გურამ დოჩანაშვილი შენიშნა და მაშინვე გაურითმა:
„ნა პრასპეკტე რუსტაველი,
ვოზლე კაფე–რესტორანა,
გულიალი უტრომ რანა,
დოჩანა ი დოჩ ივანა!“

ალექსი ჭინჭარაულის მოგონებიდან:

„ერთხელ გამომცემლობა “ნაკადულში” მივედი ჰონორარის ასაღებად. ფული არ აღმოაჩნდათ. პოეტ მინდია არაბულთან ვლაპარაკობდი კორიდორში. გამოჩნდა რეზო. მოვიკითხეთ ერთმანეთი. ჩემი მისვლის მიზეზი რომ გაიგო, ჰონორარი არ არი, მგონი, იმდენი ფული კი მიდევს ჯიბეში, რომ ერთ-ერთი საათი რესტორანში თავი შევიქციოთ – ბრძანა რეზომ. ჩვენ უარი ვთქვით რესტორანზე. ერთი ხომ მე დაგითმეთ, მეორე თქვენ უნდა დამითმოთ: სახლში კარგი ღვინო მაქვს, გავიაროთ ბაზარში, ცოტა რამ სურსათს ავიღებ და ჩვენსა ვისადილოთო. დაგვიყოლია. მართლა სასიამოვნო დრო გავატარეთ, გვიანღამემდე ვისხედით. მეორე დილით პიჯაკის ჯიბეში ასი მანეთი აღმომაჩნდა. რა მიხვედრა უნდოდა: ბატონმა რეზომ იფიქრა, ეგება ფული არა აქვთ სახლშიო და ჩუმად ჩადო ჩემი პიჯაკის ჯიბეში ასი მანეთი. ასი მანეთი მაშინ კარგი ფული გახლდათ, – ოჯახს რამდენიმე დღე შეინახავდი.“

და ბოლოს, ეს მცირე წერილი ისევ ალექსი ჭინჭარაულის მიერ მოთხრობილი ლეგენდით დავასრულოთ, რომელიც ისევ მის მეგობარსა და ერთ-ერთ უდიდეს ქართველ მწერალს - რეზო ინანიშვილს უამბო:

„შაჰ-აბაზმა თვითონ კახელებს გააჩეხინა და ამოაძირკვინა ვენახები. ბრძანება გასცა: ვის ვენახშიაც თუნდაც ერთ ძირ ვაზს აღმოაჩენთ, ვენახის პატრონს თავი მოჰკვეთეთო. ერთ-ერთი გლეხის ვენახში მართლა ნახეს ერთი ძირი შემთხვევით ჩარჩენილი ვაზი; პატრონი საჯაროდ დასაჯეს, თავი მოჰკვეთეს და სახელდახელოდ გათხრილ მიწაში ჩააგდეს. იმ საფლავზე მეორე წელს ვაზის რქამ ამოიყარა: თურმე დასჯილ კახელ გლეხს ხალათის საღილეებში ვაზის ლერწი ჰქონდა გაყრილ-გამოყრილი და ის ამოზრდილიყო. მაშინ რომ ვკითხე, ეგ ლეგენდა არსად გამოგიყენებია-მეთქი? მიპასუხა: ამას რაღა დაწერა უნდა, ეს ხომ თავისთავად ლამაზიაო. არც შემდეგ შემხვედრია რეზოს ნაწერებში ეს ქართული და მართლაც, ლამაზი ლეგენდა...“

ალბათ, არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ სწორედ ალექსი ჭინჭარაული იყო იმ გლეხივით ყველაფერ ქართულზე მოფიქრალი, ოღონდ, იმ მამაცი და მამა-პაპათა ტრადიციის მოყვარული გლეხისგან განსხვავებით, ალექსი ჭინჭარაული ამ საუნჯეს მიწაში არ ჩაიტანს - ჩვენ გვიტოვებს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100